2016 წლის 24 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან სახალხო დამცველს ეცნობა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებული უფლების დარღვევა აღმოფხვრილია არამხოლოდ უშუალოდ განმცხადებლის, არამედ ყველა პოტენციური დაზარალებულის მიმართ.
2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების პატიმრისადმი დამამცირებელი მოპყრობისა და მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს.
მსჯავრდებული კ.ყ. დაავადებულია C ჰეპატიტით, აქვს ღვიძლის ფიბროზი, ციროზის სტადია და შაქრიანი დიაბეტი. რეკომენდებულია მედიკამენტ „სოფოსბუვირით" მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში. მსჯავრდებულს მკურნალობაზე ეუბნებიან უარს, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფოს განმარტებით, მედიკამენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა, ასევე, გამონაკლისი შემთხვევების განხილვა არ ხორციელდება.
2016 წლის 24 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან სახალხო დამცველს ეცნობა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის შედეგად, სახალხო დამცველის რეკომენდაციაში დასმული პრობლემა ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს, მათ შორის, კ.ყ.-ს, საშუალება აქვთ ჩაერთონ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე" სახელმწიფო პროგრამაში. სამინისტროს წერილის თანახმად, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების მე-2 მუხლით.