სტრასბურგის სასმართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.
წულუკიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე ყველა ტიპის პოლიტიკურ ინტერესს იპყრობდა.
„სტრასბურგის სასმართლომ დიახ, გადაწყვიტა დღეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და მართლმსაჯულება იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ თუნდაც ის ერთი მოსამართლე, რომელიც უმცირესობაში დარჩა, ამბობს, რომ ეს არ არის უბრალოდ საქმე, ეს არის საქმე, რომელიც იპყრობდა ყველა ტიპის პოლიტიკურ ინტერესს მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ პოლიტიკურ ჭრილში, იმ პოლიტიკურ განცხადებებს რომ ვისმენდით - აი, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ვერდიქტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ეს ვერდიქტი არის პოზიტიური ქართული სახელმწიფოსთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.