logo_geo
eng_logo
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს
- +

19 ივლისი. 2019. 13:01

 

 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

 

როგორც თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა პენიტენციარული დაწესებულება დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა.

 

ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სურს აღნიშნული საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა.

 

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

 

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner