logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს
- +

19 ივლისი. 2019. 13:32

 

 

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლისა და არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი დაეკარგა.

 

თუმცა, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მფლობელებმა მაინც მიმართონ დიდ პალატას სარჩელით და ეს დადგენილ ვადაში მოხდეს, ანუ არაუგვიანეს 3 თვისა.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან, ფაქტობრივად, აზრი გამოაცალა დიდი პალატის გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს, ეს ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილებაა და, ალბათ, ისინი ამას გაასაჩივრებენ. რაც შეეხება შედეგს, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება „რუსთავი 2“-ში და საერთოდ, იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ტელეკომპანიის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებასა და კომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიის შესახებ. საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ის იცნობს.

 

„პირადად მაქვს ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის გაფორმებული. ეს შეთანხმება ჩვენს საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი, დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუმცა იმ პირობებში, როცა ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება, ეს პროცესები წარიმართოს დროულად და შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შესაძლოა, საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner