„წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივად, კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მიუძღვის", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა პარტიისა და კოალიციის 4 წლის საქმიანობა გაიხსენა.
„ვიხსენებ წარსულს და აწმყოს. როგორი დაგვხვდა „ნაციონალური მოძრაობის" შედეგად „აშენებული" ქვეყანა და რა მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. ამაში მონაწილეობას იღებდნენ „ქართული ოცნების" წევრები. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა და საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, ის რეალობა, როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ". კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა, კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ყველა მიმართულებით, პირველი - ადამიანის უფლებები, სად იყო და სად მოვედით, დღეს ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.