logo_geo
eng_logo
ბიძინას ბიძინასგან - დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია
- +

20 ივლისი. 2019. 13:43

 

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის 2019 წლის 18 ივლისი საეტაპო მნიშვნელობის დღედ შეიძლება იქცეს, თუ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მოახერხებს პოლიტიკური პროცესის მაღალკვალიფიციურად წარმართვას. სამწუხაროდ, პირველი შთაბეჭდილებები იმედიან განწყობებს ვერ აღძრავენ, ამიტომ, ვფიქრობ, „რუსთავი-2“-ის „სუფთაზე“, „მშრალი ანგარიშით“ დამარცხებით გამოწვეულ ტკბობის ნირვანაში მყოფ სახელისუფლო გუნდს ცოტა შეჯანჯღარება არ აწყენდა.

 

შექმნილ ვითარებაში, მართებულად მიმაჩნია, ამ გუნდის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ერთი გულშემატკივრული „მკვახე შეძახილი“ ამთავითვე „შევაშველოთ“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამ ისტორიულ დღეს (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე), საქართველოს მიმართ სამი გადაწყვეტილება გამოიტანა. რატომღაც ისე ხდება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის („ქართული ოცნების“ ჩათვლით) ყურადღება მთლიანად „რუსთავი-2“ - ის თემაზეა კონცენტრირებული და ვაზაგაშვილისა და გოგალაძის  უმძიმესი საქმეები, გადაწყვეტილების გამოცხადების პირველივე წუთებიდან, მეორე და მესამე პლანზე მოექცნენ.

 

აღნიშნული მოცემულობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ამ ყოველმხრივ წაგებული პოზიციიდანაც, „ნაცმოძრაობა“ ახერხებს, პროცესები მის მიერ შედგენილი დღის წესრიგით მართოს. მკვლელობაც, წამებაც და ძარცვაც მძიმე კატეგორიის დანაშაულებია და თუ მათ დახარისხებას შევეცდებით, ამ სამ დანაშაულს შორის ძარცვა ყოველთვის მესამე ადგილზე იქნება - ეს ისე, ცნობისთვის... და მეორე და მთავარი - ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებებმა, ერთობლიობაში, სრულად წარმოაჩინა ყოფილი ხელისუფლების, როგორც სისტემური დამნაშავის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის სახე და შინაარსი.

 

ურმით მოსიარულე სამართალმა, როგორც იქნა, მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ახლა, როგორც სპორტსმენები იტყვიან ხოლმე, „ყველაფერი ტექნიკის საქმეა“.

 

განსახილველ საკითხს დიდი პოლიტიკური შემადგენელიც ახლავს. ვფიქრობ, ამ ორი მხარის ერთ კონტექსტში მოქცევა მნიშვნელოვანი დასკვნებისა და, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პირობა უნდა იყოს. სტრასბურგის სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, ასეთი შინაარსის პოლიტიკური შეფასებები იკვეთება:

 

1) ვაზაგაშვილის საქმე - სააკაშვილის რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი(!). თუ აღნიშნულს სხვა მკვლელობის საქმეებთან (გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, შავაძე, ე.წ. „ციხის ბუნტი“,  ნავთლუღის სპეცოპერაცია, შავ ზღვაში ნავიდან გადაყრილი პირები, 26 მაისს უმოწყალოდ დახოცილები და სხვა მრავალი - ასზე მეტი ფაქტი) ერთობლიობაში განვიხილავთ, სახეზეა სისტემური მკვლელობების პრაქტიკა, ანუ „ნაცმოძრაობა“ სისტემური მკვლელია;

 

2) გოგალაძის საქმე - სააკაშვილის რეჟიმი არის მწამებელი რეჟიმი(!). თუ აღნიშნულს სხვა წამების საქმეებთან (თეთრაძის, მოლაშვილის, მიცვალებულებზე „სკოჩით“ მიბმული ადამიანებისა  და კასრებში გადამალული ვიდეოჩანაწერების საქმეები და სხვა მრავალი) ერთობლიობაში განვიხილავთ, სახეზეა სისტემური წამებების პრაქტიკა, ანუ „ნაცმოძრაობა“ სისტემური მწამებელია;

 

3) „რუსთავი-2“ - ის საქმე - სააკაშვილის რეჟიმი არის მძარცველი და დამყაჩაღებელი რეჟიმი(!). თუ აღნიშნულს სახელისუფლო რეკეტის სხვა საქმეებთან (მაგალითად მარტო ტელევიზიების საქმეებიც იკმარებს: „იმედი“, „იბერია“, დაყადაღებული ანტენები... გარდა ამისა, ე.წ. „ღამის ნოტარიუსების“ საქმეები, ას და ათასლარიანი ქონებების მილიონებად იძულებით შესყიდვის ფაქტები, პროკურატურის თაროებზე შემოწყობილი ქონების წართმევის ასეულობით საქმე, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეებს და სხვა მრავალი) ერთობლიობაში განვიხილავთ, სახეზეა სისტემური ძარცვის, ყაჩაღობის, რეკეტის პრაქტიკა, ანუ „ნაცმოძრაობა“ სისტემური მძარცველი, დამყაჩაღებელი და რეკეტიორია;

 

4) „რუსთავი-2“ - ის საქმიდან ნიკოლოზ გვარამიას ეპიზოდი - ეს თემა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საქმე მიმდინარე პროცესს ეხება. ევროპის სასამართლო საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „რ-2“ - ის დირექტორი „სისტემატურად ცდილობდა სასამართლო სისტემის წარმომადგენლების პროვოცირებას სხვადასხვა შინაარსის შეურაცხყოფების გზით (დოკუმენტში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ჩამონათვალს ერთი მოზრდილი აბზაცი ეთმობა), გავლენიანი მედიასაშუალების გამოყენებით“. შეურაცხყოფის ერთი შემთხვევა ცალკე არის გამოყოფილი („ზონდერ-მოსამართლე“), რასაც ასეთი შეფასება ახლავს - „აქვს ნაცისტური კონოტაცია“.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე  ორგანიზებული პროცესია, რომელშიც მონაწილეობს მთელი ე.წ. ოპოზიციური სპექტრი და რომლის მიზანიც ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუციაში დამანგრეველი რყევების გამოწვევაა. ევროპული სასამართლოს მიერ დაგმობილი გვარამიასეული გამონათქვამები ხშირად გვხვდება სასამართლოს დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ სხვა ორგანიზაციათა და კერძო პირთა ლექსიკაშიც.  

 

ბუნებრივია, ევროპული სასამართლო რასაც არამართებულად მიიჩნევს გვარამიას მხრიდან, მიუღებლად უნდა ითვლებოდეს ყველა სხვა დანარჩენის, მაგალითად, ოპონირების „ნაც-კულტურის“ გამზიარებელი ჯანეზაშვილ-დოლიძეების, ბესელია-გოგიჩაიშვილების და სხვა მათ მსგავსთა მხრიდანაც. ევროსასამართლოს შეფასება უნდა იქცეს მოსამართლეების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვის პრეცედენტული ხასიათის სტანდარტად.

 

2019 წლის 18 ივლისიდან, უკვე ოფიციალურად, როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ისე მთელი სასამართლო სისტემის დამამცირებელი ეპითეტებით „შემკობა“ (მათ შორის, მიმართვა - „კლანი“), ისეთივე დაგმობას უნდა იმსახურებდეს, როგორც ეს ევროსასამართლომ გააკეთა ნიკოლოზ გვარამიას მიმართ, მისი მადისკრედიტირებელი განცხადებების გამო.

 

ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი საერთაშორისო ორგანოს სამართლებრივი გადაწყვეტილებებით გამყარებული, ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური შეფასებები და დასკვნები, უნდა გახდეს „ქართული ოცნების“ ახალი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. საზოგადოებას სამართლიან გარემოში ცხოვრება სწყურია და ქვეყნის ნგრევაზე მომართული, ყოველმხრივ სახელგატეხილი, მრავალ დანაშაულში მხილებული ძალების აღვირახსნილი კამპანიები დიდი ხანია ყელში აქვს ამოსული.

 

წერილი დადებით ნოტზე მინდა დავასრულო. ამის საშუალებას ისევ და ისევ ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებები იძლევა:

 

5) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ „რუსთავი-2“ - ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეების მიკერძოებულობას ან სამართლიანი სასამართლოს გარანტიების სხვა დარღვევას ადგილი არ ჰქონია - „არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - სხვადასხვა მიზეზის გამო, პოლიტიკური კონტექსტით ჭარბად დატვირთულ, ყველაზე ანგაჟირებულ კერძო დავის საქმეზე, საქართველოს სასამართლომ მთლიანად და მისმა თითოეულმა ინსტანციამ ცალ-ცალკე, გამოავლინეს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი;

 

6) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით, „არც „ქართული ოცნების“ კოალიცია, როგორც პოლიტიკური პარტია და არც რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ იყო მხარე სამართალწარმოებაში და არ ყოფილა დაკავშირებული მფლობელობის უფლების არსებით დავაში“. სხვა სიტყვებით - საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ გამოავლინეს სრული პატივისცემა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და მთელი პროცესის განმავლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების  იოტისოდენა მცდელობაც კი არ ჰქონიათ.

 

ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, მივიღებთ ასეთ საერთო დასკვნას: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ერთი მხრივ, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობები მკვლელობის, წამებისა და სხვისი ქონების მიტაცების საქმეებში, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს მოქმედმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ და სასამართლო ხელისუფლებამ, ქვეყნის ყველაზე რეზონანსულ და პოლიტიკურად უკიდურესობამდე დატვირთულ საქმეში, გამოავლინეს დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს მაღალი სტანდარტები.

 

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით, ყველა წესის დაცვით (იმდენჯერ და იმ ხარისხში, რამდენსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებების სრულად გაცნობიერება მოითხოვს. „ოცნების“ ხელისუფლებავ, ისევ და ისევ - პიარს მიხედეთ, პიარს), მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია.

 

... და მთავარი - ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური (მაგალითად - რეჟიმის შეფასება) ბერკეტი, რომ პოლიტიკური საფარველის ქვეშ მოქმედ სუბიექტებს არ მიეცეთ ახალი, მძიმე დანაშაულების ჩადენის შესაძლებლობა. მუდამ გვახსოვდეს - დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია. დამნაშავე „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ცალკეულმა წევრებმა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც, უამრავი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - „გასდით და იმიტომ“ - მათთვის დანაშაულისთვის სათანადოდ არასდროს მოუთხოვიათ.

 

P.S. ისევ პიართან დაკავშირებით - ზუსტად ერთი თვეა, მაღალი პასუხისმგებლობის პირები, ჭკვიანური გამომეტყველებებით გვმოძღვრავენ, რომ თურმე განვითარებულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმა და სახელმწიფო დაწესებულებებში შეჭრის მცდელობა უმძიმესი დანაშაულებია და როგორც წესი „ლექციას“ დაახლოებით ასეთი შინაარსის ფრაზით ასრულებენ ხოლმე - „ამისთვის, იცით, რა სასჯელებია?!.“

 

თქვე კაი დედმამიშვილებო, ამ დამუნათებებს, არ ჯობია, ჩვენთვის მისაბაძი დასავლეთის ერთი-ორი ქვეყნის კანონის ამონაწერი წაგვიკითხოთ, ან ტექსტი ეკრანზე გამოიტანოთ, ან გაზეთში დაბეჭდოთ, ან ინტერნეტგამოცემებში გაავრცელოთ? ამასაც კარნახი უნდა?  

 

 

ბიძინა  დვალი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner