logo_geo
eng_logo
სამშენებლო კომპანია ,„ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს ბრალი წაუყენეს
- +

20 ივლისი. 2019. 17:45

 

სამშენებლო კომპანია ,„ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.

 

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და ზურაბ შუბითიძემ, რომელიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სამშენებლო ობიექტზე ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის 16 წლის გარდაცვლილი მუშაც თვითნებურად შეიყვანა.

 

„გამოძიებას მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ არ ვდაობთ, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია, მაგრამ ბურდაკი არ იყო ამაზე ერთადერთი და პირველ რიგში პასუხისმგებელი პირი. ზურაბ შუბითიძემ უკანონოდ და დაცვის ქვეშ მყოფისგან დაუკითხავად შეიყვანა ადამიანთა ჯგუფი. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს შესასრულებელ სამუშაოებზე, ამ სამუშაოების ტექნიკურ მახასიათებლებზე - თუ ვის, როგორ და რა დროს უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები, რამდენი იქნებოდა გადასახდელი. ფასიც კი არ გვქონდა შეთანხმებული. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ჩვენი თანამშრომელი არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ქირიამ.

 

დღის ბოლომდე პროკურატურას აქვს ვადა, რათა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რის შემდეგაც სასამართლომ 24 საათში აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

 

სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. 19 ივლისს დააკავეს.

 

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner