„ამ წერილის პათოსს ვეთანხმები და ხელსაც მოვაწერდი, რომ ვიცოდე ავტორები ვინ არიან!"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სოციალური ფორუმის- „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" აშშ-ის ელჩის საქართველოში, იან კელისადმი მიმართვას.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ იან კელის.
ბ-ნო ელჩო!
ნამდვილად დასაფასებელია, რომ ყურადღებით ადევნებთ თვალს რუსთავი2-ის სასამართლო პროცესს. ჩვენ, სოციალური ფორუმი- „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" თქვენსავით ვთვლით, რომ დაუშვებელია ჩარევა მიმდინარე სასამართლო პროცესში, მით უმეტეს, როდესაც დავა ეხება კერძო საკუთრებას. ასევე ვეთანხმებით თქვენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ხმა იყოს გაჟღერებული არჩევნებზე. თუმცა მიგვაჩნია, რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აჟღერებს რუსთავი2-ის „ხმა":
ნიკა გვარამია: "რუსთავი2-ის ჩახშობით ჩვენ ამ შენობიდან არ გავალთ, ჩვენ ამ შენობაში დაგვიცავს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება იყოს.... "
"მათი პირადი მტერი ვარ , საფლავის კარამდე ვდევ ყველა მათგანს ისევე, როგორც მოსამართლე ურთმელიძეს , ისევე როგორც მინისტრ წულუკიანს, ამ სამივე მოსამართლეს საფლავის კარამდე ჩავყვები აუცილებლად და მათი პასუხისმგებლობის ზომას აუცილებლად დავაყენებ. რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების დროს არა, რადგან ეს ხელისუფლება თვითონ არის დამკვეთი და თავის თავს არ დაიჭერს, მაგრამ აუცილებლად გახსოვდეთ ძვირფასო დავალების შემსრულებელო მოსამართლეებო, პოლიტიკოსები გადარჩებიან, მაგრამ თქვენ ვერ გადარჩებით და დაამთავრებთ თქვენს კარიერას ციხეში, მე გაძლევთ ამის გარანტიას 100 პროცენტით თუ ასე აპირებთ გაგრძელებას". http://qoo.by/lqz
ბ-ნო ელჩო, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ეს გამოსვლა არის პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და მუქარა საქართველოს სასამართლო ხელისუფლებასა და იუსტიციის მინისტრზე. აღსანიშნავია, რომ იგივე სულისკვეთებით და სამოქალაქო სიმშვიდისთვის საფრთხის შემცველი მოწოდებებით გაჯერებულია რუსთვი2-ს საეთერო "ხმა". სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიდეოკოლაჟის სახით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტურად დასაბუთებული მასალა მივაწოდოთ საქართველოში მოქმედ ყველა ელჩს. იმედი გვაქვს, რომ პირადად თქვენ და მთელი დიპლომატიური კორპუსი გადადგამთ ქმედით ნაბიჯებს და აგვარიდებთ იმ საფრთხეს, რომლითაც რუსთავი2-ის ეთერიდან გვემუქრებიან.
პატივისცემით და შემდგომი თანამშრომლობის იმედით, საზოგადოებრივი ფორუმი „ამერიკის ნამდვილი მეგობრები".