logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს „სირცხვილია“
- +

23 ივლისი. 2019. 12:47

 

 

მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ადმინისტრაციული კოდექსის შესახებაც ისაუბრა.

 

მისი თქმით, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის, რადგან ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს.

 

„ზოგადად, ეს პრობლემური საკითხია. და ეს არის სახელმწიფოს „სირცხვილი“, რადგან ადმინისტრაციული კოდექსი დღემდე მოქმედი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც საბჭოთა საქართველოს მიერაა მიღებული. ჩვენ მას რეკონსტრუქციებს ვუტარებთ და დეკორაციებს ვუმატებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად გადის ეს ზღვარი, იმიტომ რომ ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს. თუმცა კვალიფიციურ იურისტს მაინც შეუძლია ეს ზღვარი გაავლოს.

 

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვერ შევძელი დამერწმუნებინა პოლიტიკური შემადგენლობა, მიგვეღო  ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ახლაც დევს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში, რომელიც ჩემი იქ მუშაობისას მომზადდა. და ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში აღარ ყოფილიყო საბჭოთადროინდელი კანონპროექტი. იმ პროექტში ზღვარი საკმაოდ მკაფიო იყო. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც თავისი შემადგენლობითა და დაზიანებული სიკეთით მსგავსია სისხლის სამართლის, საჭირო იყო გადასულიყო სისხლის სამართლის კოდექსში და პირიქით, დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია დღეს და მასზე არ გამოიყენება მძიმე სასჯელები, პატიმრობები, გადმოსულიყო ადმინისტრაციულში და რაღაც ბალანსი შექმნილიყო.

 

ეს სისტემა განსაკუთრებით პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. და ეს ზღვარი თითქმის წაშლილია. პრინციპში, ამ ზღვარის წაშლა-არწაშლის საკითხს საგამოძიებო ორგანოები წყვეტენ. თუმცა, ეს საკანონმდებლო ბაზა არ არის იმ დონის, რომელიც ისეთ ქვეყანას შეეფერება, როგორიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner