logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობების და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია
- +

23 ივლისი. 2019. 12:57

 

 

„თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე განაცხადა.

 

„18 წელზე მეტია ვარ პროფესიაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიყავი წარმატებული ადვოკატი, საჯარო სამსახურში სერიოზულ თანამდებობაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ვარ წარმატებული ბრალმდებელი. დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის. ვიყავი 3 მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენელი, სახელისუფლებო ურთიერთობები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ვიცი ძლიან კარგად და მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნა თადუმაძემ.

 

მისი თქმით, აქვს საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი:

 

„ვმართავდი საადვოკატო კომპანიას, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინისტროებთან და ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა ჩემს ხელში გავლილი, ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე, უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

მან საქართველოს პროკურატურაში მუშაობისას მიღებულ მენეჯერულ გამოცდილებაზე და ინსტიტუციის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება:

 

„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც მივიღე - საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. მე არ ვიფიქრობ, რომ არის იდეალური პროკურატურა, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის.

 

რაც მე შევძელი ერთ წელიწადში, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ მაქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს არჩევანი არის ის, რომ თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობების და მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრება უკვე 12 კანდიდატმა გაიარა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

 

საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner