logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების სამჯერ უკეთესი შესრულება გვაქვს
- +

23 ივლისი. 2019. 13:02

 

 

„წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, ასევე განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 400 მლნ ლარის 6 700 პროექტია შესასრულებელი“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროექტების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი განმარტებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი წელს, წინა წელთან შედარებით, 28 პროცენტით არის გაზრდილი და რეკორდულ მაჩვენებელზე 310 მლნ ლარის ნიშნულზე ფიქსირდება. მოიცავს 1200 პროექტს და რეგიონების საჭიროებებს: გზების, მცირე გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობის სამუშაოები,  მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვა.

 

„წელს ექვსი თვის მაჩვენებლით, სამჯერ უკეთესი შესრულებაა, რაც სისტემური ცვლილებების, გაუმჯობესებების შედეგია“, – განაცხადა მინისტრმა.

 

ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა და თანხები სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის.

 

„642 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში, ჯამური ოდენობით ეს არის 40 მლნ ლარის პროგრამა, რომელიც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა ყველა რეგიონისთვის. ასევე წელს პირველად დაიწყო მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრების, ახალი ამბულატორიების, ასევე მათი რეაბილიტაციის პროგრამას. ასევე სიახლე იყო სტიქიების ლიკვიდაციის პროგრამა, ლიკვიდაციასთან ერთად, სტიქიის პრევენციის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სულ სხვაგვარად მივუდგეთ და პრევენცია მოვახდინოთ იმ ზარალის, რომელიც ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მან სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საუბარია 40 მლნ ლარის ღირებულების  4000-ზე მეტ პროექტზე.

 

„ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი ერთობლივად, თვითმმართველობების და ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

 

რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო ჩვენი პარლამენტარების ძალიან აქტიური ჩართულობა, ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ რეგიონის გულშემატკივრის ჩართულობა, რომელთა დიდი რაოდენობაც დღეს აქ არის წარმოდგენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი ადამიანი ვშრომობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო წარმატებული გახდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner