„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ მექანიზმებზე, რომელიც ბანკებს მისცემს საშუალებას, კონსორციუმს თანხა ასესხონ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაეთანხმა საფინანსო ინსტიტუტებისა და კონსორციუმის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ვართ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. დავეთანხმეთ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, რომელიც მოლაპარაკების პროცესში იყო დაყენებული უშუალოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კონსორციუმის მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ამ ეტაპზე. ორივე მხარემ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ მექანიზმებზე, რომელიც მისცემს საშუალებას ბანკებს, ასესხონ თანხა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე გადაუვადა.
„გარდა ამისა, არის ეტაპობრივი თარიღები, ვადები, მაგალითად, 15 აგვისტოსთვის ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს, ასევე 15 ოქტომბრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება. თუმცა მინდა, ასევე ვთქვა, ერთგვარი სიფრთხილითაც ალბათ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან უკვე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკება და რაც ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ჯერ სამწუხაროდ, კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან დიდი პროგრესი არ ჩანს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.