ავტორი მერაბ ხაჩიძე
ახლა ამაზე უფრო ვრცლად წერის და საუბრის სურვილი არ მაქვს! ალბათ, ცოტა ხანში მაგასაც მოვახერხებ, მაგრამ სერიოზული ყურადღებით გადახედეთ ბოლო თვეების მოვლენებს, „პოლიტიკოსების“, „მწერლების“, „მსახიობების“, „მხატვრების“, ღირსებაზე მოლაპარაკე „კაცების“, ზოგადად, „ნაღები ინტელიგენციის“ ქცევას, მათ განცხადებებს, რუსთაველზე და აქაურ ტელესივრცეში გამოფენილ, ეროვნულობის მანტიაში გახვეულ ჭუჭყიან საცვალს და იქნებ მიხვდეთ, ვის ინტერესებშია, ცივილიზებულ, პროგრესულად მოაზროვნე სამყაროს სამუდამოდ ჩამოაცილოს სახელმწიფოებრიობის ოცნებას დანატრებული ქვეყანა?!
ვისი სურვილია, შეურაცხად მასად, არშემდგარ, გაურკვეველ კონგლომერატად წარუდგინოს მსოფლიო საზოგადოებას ქართული გენი, ჯიში და ათასწლეულების მონაპოვარი?!
ვისი სურვილია, დასავლეთს როგორმე „შეაგნებინოს“, რომ...
ეს ის ქვეყანაა, სადაც თვეში ერთხელ „სერიოზული“ აქციები ტარდება კონკრეტული მოთხოვნით და ეს „სერიოზული“ მოთხოვნები, რომ არავინ უწყის, რატომ, ყოველ სამ დღეში ერთხელ ახლით იცვლება!
სადაც სერიოზულად ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას იმ აქციაზე, რომელსაც რატომღაც „ანტისაოკუპაციო“ ჰქვია!
სადაც სერიოზულად შეუძლიათ თქვან, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე აშშ ელჩს ვერ დანიშნავს საქართველოში!
სადაც სერიოზულად იხილავენ თემას: - რამდენად იყიდა ქართულმა ხელისუფლებამ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო!
სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელსაც ჩინოვნიკობის იქით, ნაბიჯი არ გადაუდგამს, სერიოზულად და სახალხოდ საუბრობს გასესხებულ მილიონებზე და თავში არავის მოუვა, პასუხი მოსთხოვოს!
სადაც 70-დოლარიანი პენსიით ყველა კმაყოფილია და მშვიდობა იყოს და არაუშავსო, ყველა ღიმილით გიყურებს!
სადაც (!!!) ოკუპანტ ქვეყანას ჩვენი დედაქალაქის წყალმომარაგება ოფიციალურად აქვს გადაფორმებული და რასაც ისე მშვიდად ვუყურებთ, იოტისოდენადაც არავის გვაქვს გაცნობიერებული, რა ტრაგედია შეიძლება კონფლიქტის შემთხვევაში თავს დაგვატყდეს!
სადაც ოცდაათი წელია, „პოლიტიკოსის“ სიფათი არ გამოცვლილა და სადაც ამ პოლიტიკურ ჭაობში განცხრომით მყოფ, ГРУ-ს და КГБ-ს, ფსედოდასავლურობას ამოფარებულ ვირთხებს ხალხი თავისი ჯიბიდან უხდის მილიონებს! (?!)
აწი, თუ არ გეზარებათ, თქვენ გააგრძელეთ და როცა ჩემგან დაწყებული ჩამონათვალის ნუსხას თქვენსას მიუმატებთ, ერთად დავფიქრდეთ, ისურვებს ნორმალური, დასავლელი პარტნიორი ასეთ ქვეყანასთან პარტნიორულ ურთიერთობას?!
როცა ის „უსერიოზულესი“ განცხადებები „ხალხის ტელევიზიიდან“ (არც ეს სახელია შემთხვევით შერჩეული) ისმის და როცა „ექსპერტები“, „პოლიტიკოსები“ და „ინტელიგენციის“ ცნობადი სახეები სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე მსჯელობენ, ვინმე ჩაგვაგდებს ისეთად, ვისთანაც მართლა სერიოზული ლაპარაკი შეიძლება?!
არადა, მავანი ასეთი უმარტივესი, პროვოკაციული ხერხით, აქაური სამასიოდე ნაძირალა მარგინალის ხელით და ენით ესაუბრება ჩვენთვის პოლიტიკურად სასურველ პარტნიორებს: - აი, ეს გახლავთ ქართული რეალობა და თუ გარისკავთ, გაიხადეთ „საიმედო“ და „სერიოზულ“ პარტნიორად და თანამოაზრედო!
P.S. ის მთავარი მინდა გაგახსენოთ, - 2008 წლის ომის შემდეგ რომ არწმუნებდა რუსული მედია აღმოსავლეთს და დასავლეთს: - როგორ გესახებათ იმ საქართველოსთან ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია 200-მილიონიან სახელმწიფოს ომი გამოუცხადოს და სერიოზული საფრთხეები შექმნას მსოფლიო პოლიტიკურ ურთიერთობებშიო!
ჰოდა, წადი ახლა და ამტკიცე, ომი მე არ დამიწყიაო!
აღარ მინდა, - მოვრჩი!
რაო, ბატონო „ექსპერტებო“, ცოტა სახელმწიფოებრივიც ხომ არ გამეპარა აზრებში?!