logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული და არ მექნება პრობლემა მის კვალიფიკაციასთან...
- +

23 ივლისი. 2019. 15:40

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს საჯარო მოსმენაზე რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

 

ანა დოლიძის შეკითხვაზე - ზურაბ ადეიშვილი რომ არ იყოს ძებნილი და იყოს დღეს პარალელური სტრუქტურის თბილისის პროკურორი, როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ მასთან? - თადუმაძემ განმარტა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა იმდროინდელ სისტემასთან. მისი თქმით, ადეიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის შედარება არასწორია, რადგან ზურაბ ადეიშვილი დღეს ძებნილია, ამიტომ ეს შედარება სამართლებრივადაც მცდარია:

 

„მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა იმ სისტემაზე, რაც მაშინ არსებობდა და როგორც გენერალურ პროკურორს, იგივე გამოწვევა მქონდა, მათ შორის, დანიშვნის დროს. პარლამენტიდან ახლაც ხშირად ვისმენ განცხადებებს, რომ იქ მუშაობენ ადეიშვილის კადრები; ადეიშვილის დროს რომ პროკურორი იყო, როგორ შეიძლება ახლაც იყოს პროკურორი - მსგავსი განცხადებები, ჩემი აზრით, ჩვენს სისტემებში არასწორია. თუ კანონში ჩამიწერენ, რომ ადეიშვილის დროს ნამუშევარი პროკურორი არ უნდა მუშაობდეს საქართველოს პროკურატურაში, მე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებ, ხოლო თუ პოლიტიკოსს არ მოსწონს ის, რომ ადეიშვილის დროს დანიშნული პროკურორი მუშაობს პროკურატურაში, მე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, სანამ იმ დროს დანიშნული პროკურორი არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლითაც იგი აღარ იმუშავებს საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება განცხადებებს „კლანზე“ და ა.შ. შეიძლება პროკურატურაში მსგავსი ტერმინები გაავრცელონ ან თქვან, რომ იქ რაღაც „კლანები“ არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და იმის თქმა, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური „კლანი“. ამიტომ, პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაწერონ კანონში, რომ პროკურატურაში არსებობს „თადუმაძის კლანი“ და ის, რომ „თადუმაძის კლანთან“ დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ საპროკურორო საქმიანობა. სხვა შემთხევაში, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ სისტემას. ჩემს სისტემაში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა, რომლებიც ჩემი მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ სასამართლო პროცესებში და თუ რამე მაკავშირებს მათთან, ეს არის მეგობრული ურთიერთობა. რადგან კანონმდებლობა არ მეუბნება, რომ რაღაც დროის წინ მომუშავე ადამიანს შეუძლია ან არ შეუძლია ხმის ამოღება. თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული, არ მექნება საფუძველი, რომ რაიმე აქვს დაშავებული პროკურატურაში და არ მექნება პრობლემა მის კვალიფიკაციასთან, ბუნებრივია, მე ადეიშვილთან, როგორც თბილისის პროკურორთან ვიმუშავებ“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner