„ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ1", - აშშის ელჩი იან კელი „რუსთავი 2"ის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით ამგვარ კომენტარს აკეთებს.
კელის ამ განცხადებას „მარშალპრესთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აფასებს:
„ზოგადად, „რუსთავი 2″თან დაკავშირებით ვთქვით, რომ ეს არის კერძო, სამოქალაქო დავა და არანაირი უფლება არ აქვთ პოლიტიკოსებს ჩაერიონ და გააკეთონ განცხადებები. ხალხიც დაიღალა ამით. რაც შეეხება ელჩის განცხადებას, საჭიროა, მეტად ნათელი იყოს, რისი თქმა უნდა. კითხვები არ უნდა დარჩეს. თქვას ბოლომდე. ელჩმაც უნდა იცოდეს, რომ საქმე არის სასამართლოში. სააკაშვილის დროს ფორმალური იყო ეს სასამართლო, ახლა სამი ინსტანცია განიხილავს. დაველოდოთ. რაში სჭირდება ამ საქმეს ასეთი პანიკა და აფორიაქება? ელჩმა უფრო ნათელი უნდა გახადოს მისი განცხადების შინაარსი. ვნახავ მის განცხადებას, არ მინახავს. რას მოუწოდებს სხვა ქვეყნის ელჩი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ჩემთვის გაუგებარია. სხვა ქვეყნის ხალხს მოუწოდო ასეთი რამ, ამგვარი პრაქტიკა თუ არსებობს მსოფლიოში, მე არ ვიცი!", - განუცხადა ზაზა პაპუაშვილმა „მარშალპრესს."
„რუსთავი 2"-ის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები მინდა ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი სასამართლო პროცესები რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული, სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხევაში თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა",- განაცხადა იან კელიმ.