logo_geo
eng_logo
1834 წლის 19 ივლისს ედგარ დეგა დაიბადა
- +

19 ივლისი. 2019. 15:13

 

არაერთი ისტორიული ფაქტი მეტყველებს, რომ შემოქმედი ხალხის უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, სიცოცხლის მანძილზე იშვიათად იმკიდა დაფნის გვირგვინებს და ხშირად საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ზოგჯერ პურის ფულის გარეშეც. ჩვენი დღევანდელი იუბილარი ნამდვილად გამონაკლისი იყო. თანამედროვეებმა მისი შემოქმედება სიცოცხლეშივე დაუფას-შეუფასეს...

 

1834 წლის 19 ივლისს, პარიზის ერთ-ერთი არისტოკრატი ბანკირის ოჯახში, დაიბადა ედგარ დე გა, უდიდესი ფრანგი იმპრესიონისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე და... საოცარი ფოტოგრაფი, რომელმაც, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისთანავე, უარი განაცხადა არისტოკრატულ გვარზე „დე გა“ და „პლებეი“ ედგარ დეგა გახდა. ვინაიდან ფერმწერ დეგას, მეტ-ნაკლებად, ყველა იცნობს და იგი უმეტესად ბალერინების ან სხვა მოცეკვავეების ფერმწერი ჰგონიათ, ამიტომ დღეს შევეცდები, დეგას შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატუსები 4 ნაწილად დავყო: 1. მოკლედ გაგაცნოთ მისი ბიოგრაფია და რამდენიმე ფერწერული ტილო, 2. ოდნავ ვრცლად მოგიყვეთ მის ქანდაკებებზე, 3. გაგახსენოთ ადგილი, სადაც მას მისვლა უყვარდა და 4. გაგაცნოთ დიდი უმრავლესობისთვის უცნობი დეგა-ფოტოგრაფი.

 

ედგარ დეგა არასოდეს დაქორწინებულა, არადა სულ ქალებში ტრიალებდა, დღედაღამ მათ ხატავდა, ძერწავდა, აქანდაკებდა და იღებდა... იმდენი „იტრიალა“ ქალებში, იმდენ პოზაში ნახა ისინი - ჩაცმულები თუ გახდილნი, გაბრაზებულები თუ დაღლილნი, ვნებიანები თუ ფრიგიდულნი და იმდენი გრძნობა და ვნება „ჩაღვარა“ თითოეულ ტილოში, რომ, ჩემი აზრით, საკმაოდ „დაიცალა“ და ცოლი კი არა, ქალის სახელის გაგონებაც აღარ სურდა... ისე, ამბობენ, რომ ერთი-ორჯერ ამურის ისარიც მოხვდა და მისი სასიყვარულო ინტრიგების „მსხვერპლნი“, ძირითადად, მისი მენატურე ქალები იყვნენ, თუმცა იქვე იმასაც ამატებენ, დეგას არასოდეს ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა რომელიმე მათგანთანო... ჰოი, საოცრებავ! ისეთი დაბეჯითებით ამტკიცებენ, თითქოს რომელიმე მათგანს სანთელი ეკავა ხელში... ასე თუ ისე, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ დეგა ქალთმოძულე იყო. ან როგორ იქნებოდა, როდესაც მისი მთლიანი შემოქმედების თითქმის 97 პროცენტი ქალებს „ეპყრათ“ და, სხვას რომ თავი დავანებოთ, მოცეკვავე ქალების დაახლოებით 2000-მდე ფერწერული ტილო შექმნა.

 

ამიტომ აქ მოვრჩები დეგას გრძნობებსა და პირად ცხოვრებაში ხელის ფათურს... ფაქტი ერთია, რომ მის თითოეულ ნამუშევარში, თუნდაც ყველაზე „დაუნდობელშიც“ კი, სწორედ რომ ქალისადმი უსაზღვრო ლტოლვა და ვნება იკითხება... სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი მგონია...

 

ცნობილი ფაქტია, რომ დეგა პასტელის დიდოსტატი იყო („ცისფერი ბალერინები“). იგი ნამუშევრებს ორთქლზე ამუშავებდა და ამით კიდევ უფრო მეტ პლასტიურობას სძენდა მასალას, რაც იმ დროს სრულიად ახალი ტექნიკა იყო. დეგამ დაგვანახა ბალეტის და ბალერინების „სამზარეულო“... მე, როგორც ბალეტის მოტრფიალეს, განსაკუთრებით მიყვარს ხან დიდებით გაბრწყინებული და ოვაციებით გასხივოსნებული ბალერინების თვალიერება, რომლებიც ხან სცენის მოელვარე სოფიტების ქვეშ დგანან, ხან კი რეპეტიციებით გათანგულნი და ცეკვით დაღლილნი, მორალურად და ფიზიკურად განადგურებულნი გამოიყურებიან. სწორედ ამ უკანასკნელის გამო, კრიტიკოსები ქარცეცხლში ახვევდნენ დეგას, ამბობდნენ, მის ნახატებს რომ ნახავ, ბალეტი შეგძულდებაო... არც „უმადურ“ ბალერინებს მოსწონდათ მათი „ჭუჭყიანი საცვლების“ გარეთ გამოფენა... რას იზამ? გემოვნებაზე არ დავობენ. თქვენი და იმ კრიტიკოსებისა არ ვიცი, მე კი სწორედ დეგასეული ბალერინების და ზოგადად ბალეტის ეგ „დეტალები“ მომწონს.

 

ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში“ დაცულია ედგარ დეგას კომპოზიციურად საინტერესო ნახატი რომელზეც აღბეჭდილია ორი მოცეკვავე და სარწყავი („ლეიკა“). ტილო საინტერესოა იმით, რომ ლეიკის ფორმა ძალზე წააგავს ერთ-ერთი ბალერინას პოზას. ხშირად, თურმე, მნახველი ვერ ხვდებოდა, რა შუაში იყო ლეიკა, ეგონათ, რომ ქალზე „გაბრაზებულმა“ დეგამ შური იძია... ეტყობა „იმ“ მნახველებმა არ იცოდნენ, რომ ლეიკა ერთი ჩვეულებრივი ატრიბუტი იყო ბალეტისთვის... ლეიკით ირწყვებოდა იატაკი, რომ ბალერინების ცეკვის დროს მტვერი არ დამდგარიყო...

 

1914 წელს დეგა თითქმის მთლიანად დაბრმავდა და მას ძმისშვილი უვლიდა. მიუხედავად ამისა, პარიზის ქუჩებში ხშირად ხედავდნენ ბრმების სპეციალური ტროსტით „მოფარფატე“ მხატვარს.

 

83 წლის ედგარ დეგა გარდაიცვალა 1917 წელს. დეგას ანდერძის თანახმად დაკრძალვას ყოველგვარი გამოსათხოვარი სიტყვების გარეშე უნდა ჩაევლო. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ კლოდ მონე და ჟან-ლუი ფორენი, რომელსაც (თუ მაინცადამაინც საჭირო გახდებოდა), მოკლედ უნდა ეთქვა: „მას ისევე უყვარდა ხატვა, როგორც მე“.

 

არ ვიცი, თქვა თუ არა ფორენმა ანდერძით დანაბარები სიტყვები, მაგრამ ის, ვითომდა ლაკონური, ფრაზა, საკმაოდ მრავლისმეტყველად ჟღერს.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220011757144035

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner