logo_geo
eng_logo
ბიძინას ბიძინასგან - პოლიტიკური პორტრეტები „სხვა რაკურსით“
- +

24 ივლისი. 2019. 16:36

 

„ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, როგორც ჩვენ გვინდა, ისე თუ არ იქნებაო“ და ხელისუფლებისა და კანონის პასიურობის ფონზე, ამ საქმეში  „დიდ წარმატებებსაც“ აღწევენ წინამდებარე წერილის მაღალსტატუსიანი „გმირები“. ღმერთო მაღალო, საიდან ან რატომ უნდა დაგროვილიყო ამდენი ღვარძლი და ბოღმა, ამდენი სიძულვილი, ამდენი ნაგავი და ჭუჭყი ამ, შენი კურთხევით ბოძებულ, „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტ“ ქვეყანაში?!.

 

ბატონო ბიძინა, სრულიად სხვა რაკურსით მინდა დაგანახოთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ და საზოგადოებას, რა შინაურ მტერთან გვაქვს საქმე (მოვლენებს ცოტა იუმორის თვალით თუ არ შეხედე, შეიძლება გული გაგისკდეს). წერილში იმ პერსონაჟებს წარმოგიდგენთ, რომელთაც თავი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ჰგონიათ, სინამდვილეში კი, ყველა გაგებით უსამშობლო და ყველაფრის მკადრებელი სააკაშვილისა და ყველა გაგებით უსახო და ასევე, ყველაფრის მკადრებელი გვარამიას (შკლიაროვების მიერ ნაკარნახევი), განკარგულებების მოლოდინში ჩაბუდებულან მეორე პლანზე, მასის წინ, და რომელთა გამაერთიანებელი მიზანიც ქვეყნისთვის, რომლის მიმართაც სამშობლოს განცდა არ გააჩნიათ, რაც შეიძლება მეტი ზიანის მოტანაა. (უჰ, გრძელი წინადადება გამომივიდა, მაგრამ სრულყოფილი).

*

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ წრეებში დიდი ვნებათაღელვები და ხშირ შემთხვევაში, ზღვარს გადასული ემოციები გამოიწვია. ნიჭიერი და არც თუ ნიჭიერი, მაგრამ დაკვირვებული ლიტერატორები თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის მრავალ საინტერესო სახესა და ხასიათს აღმოაჩენდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკასთან საკმაოდ გაშინაურებული გახლავართ, ცნობად პოლიტიკურ სახეებში, ამ შემთხვევაში ვიტყოდი - პორტრეტებში, მეც ბევრი ახალი შტრიხი დავინახე, ან ახლებურად დავინახე, ან უფრო მკაფიოდ დავინახე, ხოლო ზოგიერთ (ძალზე იშვიათ) შემთხვევაში, ვეღარ დავინახე ის, რასაც მანამდე ვხედავდი.

 

სამწუხაროდ, მხატვრული სიტყვის ოსტატი არ ვარ, ამიტომ შევეცდები პუბლიცისტის (ბოლო დროს, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან მიძნელდება ამ სიტყვასთან მიახლოება, მაგრამ ჩემი „როლისთვის“ სხვა შესატყვისი ჯერ ვერ ვიპოვნე და ღმერთმა მაპატიოს) პოზიციიდან რამდენიმე დაკვირვება გაგიზიაროთ:

 

1) გია ბარამიძე - პირველად ოთხმოცი-ოთხმოცდაათიანი წლების მიჯნაზე, როგორც „მწვანეების“ მედროშემ, მიიპყრო გარშემო მყოფთა ყურადღება. უფრო სწორად, ჯერ მხატვრული თვალსაზრისით ძალიან დახვეწილმა დროშამ მიიპყრო ყურადღება, რასაც მოჰყვა ბუნებრივი შეკითხვა - „ვინ არის ეს „ბედნიერი“ სახის ბიჭიო?“ გუშინდელივით მახსოვს კითხვაზე პასუხი - „კარგი გულის ბიჭია, მაგრამ თავის რა მოგახსენოთო“.

 

მას შემდეგ, რაც უფრო იზრდებოდა „ბიჭის“ პასუხისმგებლობა, „თავის“ ფუნქცია, საერთო აღიარებით, მით უფრო კლებულობდა, ანუ „თავის“ ფუნქცია პასუხისმგებლობასთან მუდამ და უწყვეტად უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო. საინტერესო ისაა, რომ ეს ამბავი დიდად არავის აწუხებდა, არც შინაურს და არც გარეშეს, რადგან ყველა კარგად ხვდებოდა, რომ პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი, მხოლოდ სტატუსს გულისხმობდა და მის უკან რაიმე გადაწყვეტილების ვალდებულება არ იკითხებოდა.

 

ასე იყო მის ბიოგრაფიაში ერთადერთი „გასახსენებელი“ საქმის, აფრასიძეების ოჯახის განადგურების ნაცსპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც. საზოგადოების რისხვა მთლიანად სააკაშვილისა და მერაბიშვილ-ადეიშვილისკენ იყო მიმართული, ხოლო „ოპერაციის“ ფორმალურ ხელმძღვანელზე ამბობდნენ - „ვერც კი ხვდება რა გააკეთებინეს, თორემ ცოტა აზრზე რომ იყოს, გადაბუგულ სახლთან და ჯერ არგაცივებულ ცხედრებთან კუბდარს რა შეაჭმევდაო“. ამ შეფასების მოკლე ვერსია ასე ჟღერდა - „გააბრიყვეს ეს უბედურიო“.

 

„კარიერის“ დასაწყისის დროინდელი დახასიათება -„ალალი და გულუბრყვილო“ - თანდათან, საკმაოდ მოკლე დროში, ტრანსფორმირდა და საბოლოოდ ასეთი შინაარსი შეიძინა - „ეს ხომ ბრიყვია“, „აუ, რა ჩლუნგია“, „ნამდვილი შეშაა“ და ა.შ. ერთი სიტყვით, მის ყოველ გამოჩენას, აკომპანიმენტის სახით მუდამ თან ახლდა ამ სამი ძირითადი სიტყვის სხვადასხვა კომბინაცია. პრობლემა დღესაც აშკარად სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ „საყოველთაო-სახალხო“ თიკუნების ადრესატი ამას ვერც გრძნობს და ვერც აცნობიერებს და ძველი გულმოდგინებით აგრძელებს კედელში შუბლით ლურსმნების ჩაჭედებას. მაგრამ გია ბარამიძის მთავარ პრობლემად მაინც ის გარემოება უნდა ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში, მისი გულიც გონების ტალღაზე გადაერთო და ბოლოს მთლიანად შეერწყა.

 

ყოფილი „ალალი და გულუბრყვილო“, ხოლო დღეის მონაცემებით - თვალშისაცემად „ბრიყვი, რეგვენი და შეშა“, ყველაფრის მკადრებელ „კოლეგებს“ შორისაც კი, მართლაც გამორჩეული იყო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებაში(!). „ჭკუა და გამოცდილება“ მაინც რა არის, არა?! ათასობით კილომეტრის იქით, „გონების თვალით“, არ გინდა დაინახო „ოლიგარქის ფულები და პუტინის შესაბამისი გავლენები?!“ ეს სიტყვა „შესაბამისი“ მაინც რამ მოაძებნინა, ჰა?! ბრავო, გია... ბრავისიმო-ო!.. (ვაი ჩვენი ბრალი...)

 

2) დავით ბაქრაძე - ბარამიძესთან ყველაზე ახლოს მაინც ბაქრაძე მივიდა. ალბათ, ეს არც არის გასაკვირი. ამ ორი „პოლიტიკოსის“ ბიოგრაფიების ზედაპირული შედარებაც კი უტყუარად მიგიყვანთ მსგავსების მთავარ ნიშნამდე - ერთსაც და მეორესაც არასდროს არსად არავინ არაფერს ეკითხებოდა. ფორმალურად ქვეყნის მეორე პირი, გავლენებით ორმოცდაათშიც ვერ ახერხებდა „თავის შეყოფას“. მისი როლი ყველა დროში და ყველა სტატუსში ისე ფასდებოდა, როგორც ჯიჯი ბუფონის სათადარიგო მეკარის როლი - „სკამს ხეხავს“. ამიტომ, სწორედაც რომ ზედგამოჭრილი იყო კონსტიტუციის მიღმა დარჩენილი პარლამენტის თავმჯდომარისთვის თიკუნები - „ნოტარიუსი“, „ცარიელი ადგილი“, „სრული არარაობა“.

 

დავით ბაქრაძეს „ისტორიულ წყაროებში“, უფრო ხშირად, მაინც „ჩანგალას“ მეტსახელით მოიხსენიებენ ხოლმე. რა დამავიწყებს აგვისტოს იმ მძიმე დღეს ტელეეკრანთან ჩემთან ერთად ბოლო იმედს ჩაჭიდებული ჩემი მეზობლის, ბატონი გოგის სასოწარკვეთილებამდე მისულ   გამომეტყველებას და  კბილებში მწარედ გაცრილ მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელ ფრაზას  - „ნახე, რა თქვა ამ ყელმოღერებულმაო?!“ (ბატონი გოგი კულტურული კაცია).

 

ჩვენი ისტორიის იმ ერთ-ერთი უმძიმესი დღის შემდეგ, ერთ არსად შერწყმული ორი სიტყვა - „დავით ბაქრაძე“ - ქუჩური პოეზიის მარგალიტებში, სხვადასხვა ბრუნვაში, ყველაზე ხმარებად („მიშას“ და „კურდღელის“ შემდეგ) სიტყვებად იქცნენ. ცნობისთვის, იმ შოკის ეფექტის მქონე „კოკასა შიგან გადმოდინებულზეა“ აღმოცენებული ცნობილი ქართული  ანდაზის სრულიად ხალხური პერიფრაზი - „ტანკისგან შეშინებული, ჩანგალს ჩაებღაუჭაო“.

 

ჩვენი განხილვის ობიექტი სუფრის ამ ერთ უწყინარ, მაგრამ მნიშვნელოვან ატრიბუტთან უფრო ფართო მნიშვნელობითაც არის დაკავშირებული: ძველად, თბილისში, წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულ სტუმრებზე იტყოდნენ ხოლმე - „ჩანგალზე მოვიდაო“. დავით ბაქრაძის მოხვედრას (მოვლინებას) პოლიტიკაში მართლაც სხვა რა უნდა დაერქვას, თუ არა „ჩანგალზე ყოფნა“?

 

რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას... თუ დავით ბაქრაძე არ ხარ, როგორ გინდა მოაქციო ცივილიზაციის მონაპოვარი ორი ერთმანეთისგან გამომდინარე და ერთმანეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფასეულობა ასეთ კონტექსტში - „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ეს (სამართლიანი) გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის“. როგორია, ჰა! ეს კაცი პირდაპირ „შოკური ეფექტების“ დიდოსტატია.

 

ბატონი დავითისგან ქვეყნის ბედზე მოფიქრალი გამომეტყველებით  „ცოდნის ფრქვევა“ ამით მხოლოდ იწყება, რასაც შემდეგ ახალ-ახალი „პოლიტ-სამართლებრივი“ ბრილიანტები მოსდევს: „წულუკიანის ვალდებულებაა, არ დაარეგისტრიროს ქიბარ ხალვაშის არც ერთი გადაწყვეტილება“. ჰეი, შენ ჩვენო სააკაშვილის ბოლშევიკურ-ნაცისტური აზროვნებიდან ვერგამოსულო, წულუკიანის ვალდებულებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება(!) და სწორედ რომ ამ გადაწყვეტილების ძალით, ს ა კ უ თ რ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა ღ დ გ ე ნ ი ლ ი ქიბარ ხალვაშის ნება(!).

 

პატარა ექსკურსი ოთხმოცდაათიანებში - იმ დროში, როცა მიხეილ სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის“ უმრავლესობის ლიდერი იყო, მის ერთ თანაპარტიელს, კახეთის ერთ-ერთი რაიონის გამგებელს, ყოფილ რაიკომის მდივანს, კაბინეტში სასამართლოს განჩინება შეუტანეს, რომელიც აღიარებდა კონკრეტული კერძო პირის საკუთრების უფლებას გარკვეულ ობიექტზე. რაიონის მდივან-გამგებელმა, როგორ ფიქრობთ, რა ქნა? სწორედ რომ ის „ჰქნა“, რასაც დღეს იზამდა ჩვენი „დემოკრატიის ერთგული მცველი - ჩანგალა“, ამის საშუალება რომ ჰქონოდა - სასამართლოს გადაწყვეტილებას დაადო რეზოლუცია - „არ ვეთანხმები“(!)

 

გაიგეთ, ქალბატონო თეა?! გამოიყენეთ ეს ფაქტი, როგორც პრეცედენტი და როგორც ქუთაისის „ტორპედოს“ ერთი კოლორიტული გულშემატკივარი იტყოდა - „ვინ კითხავს სუდიას, დაარტყით პენალი“(!).

 

ბატონი დავითი, როგორც „პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი“, იქვე, მოთხოვნის მოტივსაც „განმარტავს“ – „რუსთავი-2“- ს ნუ წაართმევთ სტრასბურგის დიდ პალატაში გასაჩივრების უფლებას“. როგორი გულისშემძვრელია, არა?! ციც, ბატონო დავით, ასეთი მოკლეფეხიანი ტყუილი თქვენი „ბიოგრაფიის“ კაცსაც არ ეკადრება.

 

სამართალთან შორს მყოფი ადამიანისთვის, ერთი წაკითხვით, შეიძლება ძნელი გასაგები იყოს ვირეშმაკობის არსი, მაგრამ განა შუბი ხალთაში დაიმალება? ე.წ. „მოთხოვნის“ ქვეტექსტი რამდენიმე წინადადებაში იშიფრება, მაგრამ ვიდრე ფრჩხილებს გავხსნიდე, ჯერ გასაჩივრების უფლებაზე ვიტყვი:    

 

დედამიწის ზურგზე თუ კი დარჩა ვინმე (ჩრდილოეთ კორეელები ნუ გამომეხმაურებიან!), ბაქრაძისა და ბარამიძის გარდა, ვისაც ამის ახსნა სჭირდება, არ დავზარდები და ვეტყვი: ჩვენი იუსტიციის მინისტრი ერთდროულად რომ იყოს - დონალდ ტრამპი, სი ძინპინი, ანგელა მერკელი, ვლადიმერ პუტინი, ანტონიუ გუტერეში და ახლად არჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ მაინც ვერ აღუდგებოდა, გასაჩივრების უფლებას ვერ დაბლოკავდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი „ნოტარიუსის“ იმიტირებული ზრუნვის საგანი არა გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფაა (სურვილის შემთხვევაში, სხვა ორი მომჩივანი, ყარამანაშვილები და მათი ფირმა გააკეთებენ ამას), არამედ ამ უფლების (ჰოი, საოცრებავ) „რუსთავი-2“ - სთვის შენარჩუნება. უფრო ფართოდ რომ გავხსნათ ფრჩხილები, „კანტორის“ (იმავე მოთხოვნას ბოკერიაც ახმოვანებდა) სურვილია, გასაჩივრების უფლების სამი თვის და შემდეგ, საჩივრის განხილვის არანაკლებ ერთი წლის ვადით, ტელევიზია ისევ სააკაშვილი-გვარამიას საბოგინო ადგილი იყოს. 

 

ჩემო მკითხველო, დამეთანხმები, ამ „ობიექტს“ ბარამიძის ერთ-ორ მეტსახელსაც თამამად გადაუნაწილებდა კაცი...

 

ზემოთ სიტყვა „იმიტირებული“ ვახსენე... თეა წულუკიანს „მოთხოვნის დაკმაყოფილების“ არა თუ პრაქტიკული, თეორიული შესაძლებლობაც კი არ გააჩნია(!). მაშ, რა უნდა ყოფილიყო ამ  მაღალსტატუსიანი გვამების (ბარამიძის, ბაქრაძის, ბოკერიას და კიდევ სხვათა და სხვათა) „უეცარი გასხივოსნებების“ ნამდვილი მიზეზი?

 

იმ ავად სახსენებელ პარტიაში ასეთი მოცემულობაა  - ყველა „ჭეშმარიტი ნაცი“, ბელადის და მისი რწმუნებული გვარამიას წინაშე, მუდმივ რეჟიმში, უნდა ამტკიცებდეს, რომ სხვა „ნაცზე“ მეტი თუ არა, არანაკლები „ნაცია“. შეფასების კრიტერიუმი და საზომი კი კადრების უნარია, ანუ რამდენის კადრება შეგიძლია. ეს არის მთელი ფილოსოფია და ალია-ბალია. არ იკადრებ და... წინ წყალი, უკან მეწყერი. წინ - კარზე მომდგარი არჩევნების შესავსები სიაა, ხოლო უკან - „ოქროს ფონდებში (კასრებში)“ საიმედოდ გადანახული კომპრომატები.

 

3) ოთარ კახხხხხიძე - მარად უკმაყოფილოდგაკვირვებულსახიან ოთოს, ნაცსტანდარტების კუთხით თუ შევხედავთ, ერთი „ავი ზნე“ დასჩემდა: პერიოდულად შეაწუხებს ხოლმე პროფესიული სინდისი და თითქოს მანამდე ტყუილი და დემაგოგია არ უკადრიაო, იწყებს ობიექტური შეფასებების კეთებას.

 

ჯერ იყო და 20 ივნისის საქმეზე ისედაც შავ დღეში მყოფ „შტურმავიკ“ მელიას, პირდაპირ ბეჭებს შორის დააჭედა - „პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი“ ჩაიდინეო, რაზედაც ბარამიძემ შეუთვალა, „ოთო, ვერ გავიგე და აბა კარგად ახსენიო“ (კი არ დამუქრებია, მართლა ვერ გაიგო, მაგრამ „გამოცდილებამ უკარნახა“, რომ კარგი არაფერი უნდა ყოფილიყო).

 

სამაგიეროდ, ბელადისნაცვალმა, რევკომის თავმჯდომარემ და „იმ ერთადერთის“ გარდა, ყველას და ყველაფრის დირექტორმა გვარამიამ გაიგო კარგად „რა“ და „როგორ“ და დღემდე მოუკითხავი „პირდაპირობით“, სრულიად საჯაროდ, გამოუტანა „მორალური“ განაჩენი - კოლეგის შემოკლებულ სამასოიან სახელს, მას და მის ფავორიტ გაბუნიას მუდამ ენაზე რომ ადგათ, იმის სამასოიანი სახელი მიაბა და... ვეჭვობ, რომ „მგლის ბილეთიც“ იქვე გამოუწერა.

 

ბოკერიამ, როგორც ნაცმენშევიკური ფრთის ლიდერმა, ერთი პირობა კი სცადა „უადგილოდ და უდროოდ გაწესიერებული“ თანაგუნდელის დაცვა, მაგრამ საჭირო სიტყვების ძებნაში იმდენი იწრიალა, იმდენი იწრიალა, რომ მაგრად გაიბლანდა და უნებლიედ, მეორე გასროლაც მიაყოლა მაჯამონიშნულ მელიას ისევ ზურგის  არეში - „უპასუხისმგებლო იყო, აბა რა იყოო“. რის შემდეგაც, „დიდი ავტორიტეტის“ თანადგომით გულმოცემულმა ოთომ, პარლამენტში  შეჭრის კი არა, საქათმეში შეპარვის მსურველ მელიასაც რომ ვერ გაიმეტებ ისე, „კანტროლკის“ ტოლფასი მესამეც დააწია - „პარლამენტში ამდენი ხალხის „მშვიდობიანად“ (ბრჭყალები კახიძისაა) შესვლის მოწოდება მისაღებიაო?“    

 

გავიდა მცირე ხანი და ახლა 18 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სიტყვა-სიტყვით ჩაუმარცვლა „ვისაც ჯერ არს“, რომ სრულად ეთანხმებოდა ევროსასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და „ნაცმოძისთვის“ პოლიტიკურად უაღრესად დამაზიანებელ დასკვნას - არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლადო“.

 

ბრჭყალებში ჩასმული „ვისაც ჯერ არს“ ადვილად იშიფრება და  როგორც ადრესატის კოლეგა ჟურნალისტი, ნუგზარ ჯუღელი იტყოდა, „არც მეტი, არც ნაკლები - გვარამიაა“. ოთოს „ნასკებიდან“ ამოხტომა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, „დუპლექს-სამასოიან“ შეურაცხყოფაზე პასუხის სურვილით იყო განპირობებული (რასაც ყველა წრეში „მელკობა“ ჰქვია), მაგრამ შედეგისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. აქ  ერთი მომენტია საინტერესო და მნიშვნელოვანი - გოლი მელიას კარში და გოლი გვარამიას კარში იმავდროულად და უპირობოდ - ავტოგოლებიცაა(!).

 

ასე რომ, დროა, ვაფრინოთ ელვა-დეპეშა გინესების ოფისში! 

 

                                                               (გაგრძელება იქნება)

 

ბიძინა  დვალი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner