-
+
25 ივლისი. 2019. 13:22
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც ვიქტორ წილოსანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, იმისთვის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ იფუნქციონიროს (ინვესტიციის გარეშე) საჭიროა ყველა მგზავრი იხდიდეს 1 ლარს.
„1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების სრული საინვესტიციო ღირებულება შეადგენს (მილიარდ ხუთასი მილიონ ლარს) 1 500 000 000 (დედაქალაქის წლიური ბიუჯეტი მილიარდ ლარამდეა და აქედან 70% სოციალური პროგრამებია)
- დღეის მდგომარეობით მოსახლეობის 60% მგზავრობს შეღავათიანი ტარიფით.
- იმისთვის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ იფუნქციონიროს (ინვესტიციის გარეშე), საჭიროა, ყველა მგზავრი იხდიდეს 1 ლარს (დღეის მდგომარეობით, 50 თეთრის პირობებში, მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებს ოპერირებისთვის საჭირო სახსრების 75%-ს).
- დაახლოებით 40 წელია, არავის არ განუახლებია სატრანსპორტო მარშრუტები და ხაზების დამატება ხდებოდა სპონტანურად და ქაოტურად.
შედეგად:
- ბევრი ხაზი ერთმანეთთან დაპარალელებულია და ქმნის გზების გადატვირთულობას, საცობებს და გაჩერებებზე ქაოსს.
- მოსახლეობის 20%-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი.
- მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს (ფასს) და მგზავრების თითქმის ნახევარს იმისთვის, რომ A წერტილიდან B წერტილში მივიდეს, ესაჭიროება 2 ტრანსპორტის გამოცვლა. რაც ნიშნავს, რომ მისი დანახარჯი 1 ლარიდან 1.6 ლარამდე მერყეობს (არა მასიურად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სამი ტრასპორტის გამოცვლაც უწევს და შესაბამისად, დანახარჯები კიდევ უფრო მეტია).
რეფორმის შედეგად:
- ორჯერ გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა.
- შემცირდება მგზავრობის და მოცდის დროები.
- განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
- მოხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ, სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
- მინიმუმამდე შემცირდება პარალელური ხაზები.
- სადაც ავტობუსებისთვის მიუდგომელია, მიკროავტობუსები შეასრულებენ მხოლოდ იმ ტერიტორიებიდან მგზავრთა გამოყვანის და ცენტრალურ ჰაბამდე მიყვანის ფუნქციას.
- მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თანაბარ ფასად მოსახლეობის A წერტილიდან B წერტილში გადაადგილებას.
- მოსახლეობის 90%-ზე მეტისთვის გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ფასს:
- არ ხდება გაძვირება.
- მუნიციპალიტეტი ჯამურად შეაგროვებს ზუსტად იმავე თანხას, რასაც აქამდე აგროვებდა (შესაბამისად 0.8 – 1 ლარამდე სამართლიანი ტარიფი (ამჟამად მიმდინარეობს ამის დათვლა და დაზუსტება) არის ზუსტად ის გასაშუალოებული ფასი, რომლითაც ნებისმიერი რაოდენობის ტრასპორტის შეცვლის შემთხვევაში მოსახლეობა შეძლებს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილებას)
- ფასის ცვლილება განპირობებული იქნება ზუსტად თანაბარი გარემოს შესაქმნელად და არა მუნიციპალიტეტისთვის შემოსავლების გასაზრდელად.
რეფორმა ხორციელდება ძალიან სწორად და ბევრი პროფესიონალი ადამიანის ჩართულობით (მათ შორის მსოფლიოში წამყვანი უცხოური კომპანიის ექსპერტების). ამიტომ ნუ ახდენთ დეზინფორმაციის გავრცელებას და არაკვალიფიციურ შეფასებებს“,- წერს წილოსანი.
24 ივლისს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, რომ მეტროსა და ავტობუსით ერთჯერადი მგზავრობა შესაძლოა 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს.