„საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა გლობალური ინოვაციების ინდექსში, ჩვენ მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ნიშნავს, რომ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის - ეს არის სრულიად დამსახურებული შეფასება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების კომენტირებისას.
„ინოვაციების გლობალური ინდექსი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. პირველად „ინოვაციების გლობალური ინდექსის“ 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.
ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი წინსვლა იმ სიახლეებმა განაპირობა, რომლებიც მთავრობამ ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით გაატარა.
„აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ნოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.