„პოლიტიკაში თუ ახალი სახე და პარტია შემოვა, ყორნებივით ვესხმით თავს. ვიდრე არ შევჭამთ, სული ვერ ძღება", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვე დასძენს, რომ „ყველაფერს აქვს საზღვარი და ჩარჩო".
„საზოგადოება პოლარიზებულია. დამუხტულია. გაღიზიანებულია. გაბრაზებულია. იფრქვევა უკიდეგანო ლანძღვა- გინება. აღარავის არაფერი ამუხრუჭებს. მოუნდა? თქვა! ენას კბილს ვერ აჭერენ. პასუხს მოსთხოვ? ან უნდა სცემო და დაგიჭერენ... ან სასამართლოში უნდა ირბინო. თან, ამაოდ და უაზროდ. გაწიწმატებული დედაკაცების ჩხუბს ჰგავს „დისკუსია" სოციალურ ქსელში, მედიაში. ვისაც არ ეზარება, ყველა შეურაცხყოფაზეა გადასული: უფროსიც და უმცროსიც, ჭკვიანიც და უტვინოც. ე.წ. კულტურულმა რევოლუციონერებმა ავტორიტეტები პრაქტიკულად მოსპეს. კაცს ხმა ვერ ამოუღია, რომ გაუმხელელი, გამხელილი, ინტერპრეტირებული თუ არარსებული ცოდვები არ გამოუმზეურონ. აბუჩად არ აიგდონ და არ დაამცირონ. შორენა ბეგაშვილის ტრაგედიაც კი, ბოლოს შუბებსა და ბეჭდებზე კბილების კრაჭუნით გაგრძელდა. დუღს ბოღმა. შური. ამპარტავნება. იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, რომ საკმარისია! თორემ ურთიერთპატივისცემის ნიშან- წყალიც ქრება. მიზეზების ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. თვალი გავუსწოროთ პრობლემას - სახეს ვკარგავთ. ეს გაბოროტებული სულისკვეთება კარგს არაფერს გვპირდება. ჩხუბი ჩხუბია. კონკურენცია კონკურენციაა. მტრობაც მტრობაა!!! მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ჩარჩო. წესი და რიგი. პოლიტიკაში თუ ახალი სახე და პარტია შემოვა, ყორნებივით ვესხმით თავს. ვიდრე არ შევჭამთ, სული ვერ ძღება. ასე გვგონია, მარტო ჩვენ გვაქვს ან სიმღერის, ან ცეკვის, ან პარტიის შექმნის უფლება. 80-იანი წლები მახსენდება. ხალხი ერთმანეთს ჰკლავდა იმის გამო, ჩემს ქუჩაზე ახალი რესტორანი რატომ გახსენიო. ახლა ერთ ქუჩაზე 20 რესტორანია და ყველა შევეგუეთ, რომ კარგია. დავმშვიდდეთ. მოვერიოთ ზიზღს. კრაზანები ხომ არა ვართ. ადამიანები ვართ. გული გვაქვს... და გვტკივა ეს გული. ზოგჯერ გვისკდება კიდეც... და ნუ შევჭამთ ერთმანეთს. ისედაც პატარა და მარტოხელა ერი ვართ. მტერია? ღირსეულად ვეომოთ და დავამარცხოთ. კონკურენტია? ოლიმპიადაზე, კონკურსში ან არჩევნებში მოვუგოთ, მის ქმარ- შვილს კი ნუ დავაწიწკნით ხორცს.
ეს პოსტი მეც მეხება. ნურავინ იფიქრებს, რომ მარტო სხვებს ვარიგებ ჭკუას. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ მივედით დეგრადაციის დეგრადაციამდე. აჰა, ვამბობ", - წერს ინაშვილი.