ანაკლიის ღმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაღალი საჯარო ინტერესის გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს განმარტავს.
პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, რთული და მრავალეტაპიანია.
როგორ სრულდება ხელშეკრულება და რა სტატუსი აქვს დღეს პროექტს ?
2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აიღო ვალდებულება საკუთარი დაფინანსებით ეტაპობრივად ააშენოს და მართოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
მთავრობის ვალდებულებაა გადასცეს ინვესტორს პორტის მშენებლობისთვის აუცილებელი მიწა, მოაწყოს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ინვესტორის კაპიტალის შესავსებად გამოყოს გრძელვადიანი სუბორდინირებული სესხი 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემის მიღება დაგეგმილი იყო 2020 წლის ბოლოსთვის.
ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოდან, ინვესტორის თხოვნით, რამდენჯერმე გადავადდა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოძიების თარიღი. 2019 წლის ივნისში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილების შედეგად, ამ ვადამ გადაიწია 2019 წლის ბოლომდე.
2018 წლის დეკემბერიდან საქართველოს მთავრობა ჩაერთო ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსებისათვის საჭირო 400 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემის თაობაზე.
მოლაპარაკების ორი რაუნდის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ბანკების მიერ წარმოდგენილ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნაზე, გარდა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების გარანტიების და 400 მლნ დოლარიანი სესხის სრულად უზრუნველყოფისა.
კომერციული რისკების დაზღვევის მექანიზმებზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს უშუალოდ ბანკებსა და ინვესტორს შორის. სესხის პირობებზე შეთანხმება უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე.
დღეის მდგომარეობით, კონსორციუმის მიერ ბანკებისთვის არ არის შეთავაზებული სესხის უზრუნველყოფის და კომერციული რისკების დაზღვევის ალტერნატიული მექანიზმები.
ამავე ვადებში კონსორციუმმა უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ აშშ დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსების პირობებზე, რაზეც კონსორციუმი აწარმოებს კიდეც მოლაპარაკებებს რამდენიმე ინვესტორთან.
ივლისში კონსორციუმმა დაასრულა პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევა და წარადგინა შესათანხმებლად ფრანგული კომპანია „Eiffage“-ს, შვეიცარიულ კომპანია „ABB“-სა და ქართული კომპანია „Caucasus Road Project“-ის კონსორციუმი. 15 აგვისტოსთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა წარმოადგინოს გასაფორმებელი სამშენებლო ხელშეკრულების პროექტი, ბანკებთან და მთავრობასთან მისი შემდგომი შეთანხმების მიზნით.
ინვესტორი გამორიცხავდა პორტის ფუნქციონირების დაწყებისთვის დადგენილი ვადის შეცვლას, თუმცა, ამ ეტაპზე კონსორციუმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პორტის მშენებლობის დასრულების ვადა 2020 წლის ნაცვლად, 2022 წლის ივნისით განისაზღვრება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ საინვეტიციო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები. პროექტის სამუშაო ვერსია დასრულებული იქნება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით,
ტენდერის საშუალებით შეირჩევა კონტრაქტორი. საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს.
ინვესტორისთვის გადაცემულია სახელმწიფო მიწების ნაკვეთები და კერძო პირებისგან გამოსყიდული მიწები, რაშიც მთავრობამ უკვე განახორციელა 58 მლნ ლარის ინვესტიცია.
ინვესტორის საკუთარი კაპიტალის შესავსებად განსაზღვრული 100 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა ხელშეკრულების შესაბამისად, ინვესტორის მიერ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის განსაზღვრული დაფინანსების მოზიდვის შემდეგ.
მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების მიზნით, მათ შორის, გრძელდება მუშაობა საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამის ცვლილებებზე.