logo_geo
eng_logo
1929 წლის 25 ივლისს ინოლა გურგულია დაიბადა...
- +

25 ივლისი. 2019. 19:59

 

 

 

„მე განა ასე ბევრი რამ მინდა?!

მე განა მსურდა ოდესმე ბევრი?!

ღიმილი მინდა, ღიმილი მინდა,

სხვა არაფერი...“

 

სიყვარულის ასე „მარტივად“ ღრმად გამოხატვა და მასზე საოცარი სიმღერის შექმნა მხოლოდ ქართველს შეუძლია... ჩვენი დღევანდელი იუბილარი იყო შემოქმედი, რომელმაც საკუთარ ლექსებზე დაწერილი ამ და სხვა არაერთი სიმღერით დაგვამახსოვრა თავი.

 

1929 წლის 25 ივლისს დაიბადა ჩვენი, მხოლოდ ქართველების ინოლა გურგულია, რომელიც იყო ქართული მუსიკალური საგანძურის ერთ-ერთი, სრულიად თვითმყოფადი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი.

 

ნეტა გენახათ, რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც უცხო ენათა ინსტიტუტში ინოლა დავინახე, ხელში განუყრელი „დაისით“ (თუ სიგარეტის სახელი არ მეშლება) და ყოველთვის კეთილგანწყობილი სახით... იმასაც ხომ ნიჭი უნდა, რომ შენი თანმდევი სევდა თუ ნებისმიერი სხვა ემოცია სხვას არასოდეს დაანახვო?! რაკი ინოლა კარგად თარგმნიდა, ერთ სტროფს შემოგთავაზებთ. სამწუხაროა, რომ ინტერნეტში მისი თარგმნილი მხოლოდ რამდენიმე ლექსი ვიპოვე:

 

„...ღამეს ნებისა როგორ ვუწოდო,

თუ შენთან ყოფნა მე არ მეღირსა,

ნურაფერს მეტყვი, შემხედე ოღონდ,

ჰოდა, გვექნება ღამე ნებისა!“

 

რაღაც „სხვანაირად“ ვნებიანი ეს „ღამე ნებისა“ ანუ „ნების ღამე“ სულაც არ არის მხოლოდ პერსი ბიში შელის ინოლასეული თარგმანი, ეს უფრო მისი ნების თავისუფლება და ღამისეული ამოძახილია... და ასე რომ არ იყოს, ვერცერთი მთარგმნელი შესძლებდა მკითხველის სულის „შეთამაშებას“...

 

რა დამავიწყებს ინოლა გურგულიას სასწაულ, მხოლოდ გურგულიასებრ რომანტიულ ხმას და ჟღერადობას, რომელიც არასოდეს და არავისში შეგეშლებოდა, ან ქალაქური სიმღერების მისებრ „დანამღერს“ გიტარაზე, ან მის მიერ შექმნილ ტრიო „სამაიასთან“ ერთად შესრულებულ სიმღერებს, ან ინოლას დაწერილ მელოდიურ მუსიკას, ან მის ლექსებს, რომლებიც ხშირად სიმღერებად იქცეოდნენ და „ხელიდან ხელში“ გადადიოდნენ, გვათბობდნენ და თანაც გვაფორიაქებდნენ?! არადა, ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ინოლას არცერთი ფირფიტა ჩაწერილა და ეს არ იყო მხოლოდ მისი „დამსახურება“... ინოლა გურგულია და მისი სიმღერები მხოლოდ რამდენიმე ფილმით, სატელევიზიო ჩანაწერითა და „ოჯახური“ დისკით შემოგვრჩა... თუმცა... ამაზე ქვევით...

 

ინოლა გურგულიას სამი შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟი მამუკა სალუქვაძე და მე ერთსა და იმავე დროს ვსწავლობდით უცხო ენათა ინსტიტუტში. მამუკა ძალიან ნიჭიერი მწერალი და მთარგმნელი იყო, მსახიობობდა კიდეც და, მიუხედავად პოპულარობისა, საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა... სამწუხაროდ, მამუკა ძალზე ახალგაზრდა, სულ რაღაც 42 წლისა „მივიდა“ დედასთან.

 

დღეს ყველას გვსმენია ინოლა გურგულიას არაჩვეულებრივი შვილების - ია და დათო შუღლიაშვილების საქმიანობის შესახებ. ია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, დათო კი არაჩვეულებრივად მღერის და გალობს. არასოდეს დამავიწყდება მისი გალობა რაჟდენ ხუნდაძის - ჩემი მეუღლის დიდი ბაბუის მოღვაწეობისადმი მიძღვნილ საღამოზე.

 

სხვა რა გითხრათ?! იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ადამიანისთვის, როდესაც შვილები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში, მეტ-ნაკლებად, ახსოვდეთ მასში უზომოდ შეყვარებული უნიჭიერესი ქალბატონის - ინოლა გურგულიას სახელი და მოღვაწეობა?! მეტ-ნაკლებად იმიტომ, რომ ყველას ვერ მოსთხოვ კარგი სიმღერის სიყვარულს... დღეს „კარგ“ მსმენელს შესაძლებლობა აქვს, მოუსმინოს და ისიამოვნოს ინოლა გურგულიას შემოქმედებით და ეს მისი ვაჟის - დათო შუღლიაშვილის დამსახურებაა.

 

48 წლის ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს. იგი საბურთალოს პანთეონში დაიკრძალა და...

 

ამ სტატუსს კვლავ ინოლას საოცარი სიტყვებით დავასრულებ:

 

„პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი

და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი...“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner