logo_geo
eng_logo
„...საქართველო სულჩადგმული და ქალადქცეული გალათეაა“ - 1802 წლის 24 ივლისს ალექსანდრ დიუმა დაიბადა
- +

24 ივლისი. 2019. 20:43

 

 

 

„...საქართველო სულჩადგმული და ქალადქცეული გალათეაა“ - ასე შეაფასა ჩვენი სამშობლო დღევანდელმა იუბილარმა, რომელმაც არაერთი კეთილი მოგონება დაგვიტოვა „პრომეთედან ქრისტიანულ ერამდე“ მისი მოგზაურობის შესახებ.

 

1802 წლის 24 ივლისს, გენერალ თომა-ალექსანდრ დიუმას ოჯახში დაიბადა უდიდესი ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი ალექსანდრ დიუმა(მამა). იგი იყო კვარტერონი, რადგან მამამისის დედა - მარია სესსეტა - იყო შავკანიანი მონა კუნძულ ჰაიტიზე, სადაც მისი მომავალი მეუღლე პლანტატორობდა. სანამ გავაგრძელებდე, გეტყვით, რომ დიუმა-მამას არასოდეს მიუღია „ოფიციალური“ განათლება და ერთადერთი რამ, რაც იმ პერიოდში სხვებისგან გამოარჩევდა, იყო მისი საუცხოო კალიგრაფია და თეატრის სიყვარული.

 

გრიგოლ ორბელიანმა თქვა, მიეცი ნიჭსა გზა ფართოო... ჰოდა, მწერალიც ასე მოიქცა და...

 

ალექსანდრე დიუმა-მამა გახდა მწერალი, რომელმაც მოიგონა ყველაზე გულადი დ’არტანიანი და ყველაზე მდიდარი შურისმაძიებელი (გრაფი) ედმონ დანტესი, ხოლო მისი „სამი მუშკეტერი“ და „გრაფი მონტე კრისტო“ თითქმის ყველა ბავშვის (და არა მხოლოდ მათი) სამაგიდო წიგნებია.

 

მე-19 საუკუნეში ფრანგები, მათ შორის თუნდაც ჟიულ ვერნის გმირები, ხშირად მოგზაურობდნენ კავკასიაში. მათ არც დიუმა-მამა ჩამორჩა და 1858 წელს იგი პეტერბურგიდან თბილისში ჩავიდა - ჩრ. კავკასიისა და ბაქოს გავლით. იმ მოგზაურობისას დიუმას თან ახლდა ცნობილი ფრანგი მხატვარი ჟან-პიერ მუანე და თარჯიმანი. მწერალი გულწრფელად გააოცა ნანახ-მოსმენილმა და შედეგად დაიწერა ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წიგნი „კავკასია“ და ორი ნოველა, ხოლო ჟან-პიერ მუანემ შექმნა დაუვიწყარი ნახატები, რომლებიც სულს გვითბობენ.

 

„კავკასიაში“ დიუმა-მამამ არამეცნიერულად, მაგრამ ჩვენთვის მოულოდნელი სიყვარულით აღწერა საქართველოს მიწა-წყალი, ჩვენი ეთნოგრაფია, მრავალი ერის მიმართ ქართველების ტოლერანტობა, ეროვნული სამოსებისა და ტიპაჟების მრავალფეროვნება და, თუნდაც, ღვინის სმის ტრადიცია - ზურნა-დუდუკის თანხლებით.

 

როგორც ყველა უცხოელი, დიუმა-მამაც მოიხიბლა ქართული სტუმართმოყვარეობით, თუმცა არც იმდროინდელი ქართული არისტოკრატიის სავალალო მდგომარეობა და ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების სიღატაკის აღწერა დაავიწყდა, განსაკუთრებით სამეგრელოში, იგივე ფოთში ყოფნისას, სადაც მისი ყურადღება მეგრელი ქალების საუცხოო სილამაზემ მიიპყრო. მწერალს მხედველობიდან არ გამორჩა არც დადიანის დაკრძალვის ცერემონია და მისთვის სრულიად „უცნაური“ მეგრულად დატირების თავისებურება...

 

წიგნში მწერალი შეეხო მაშინდელ ბაგრატის ტაძარსა და ანანურის ციხესაც, ხოლო არასაკმარისი ინფორმაციის გამო, მწირედ მოიხსენია საქართველოს დიდი მხედართმთავარი და მეფე თამარი.

 

„კავკასიაში“ დიუმამ არაერთხელ გამოხატა აღფრთოვანება ქართველების მიმართ. ქართველები უნაკლო ხალხია, განსაკუთრებული ცხვირით და საუკეთესო თვისებებით და ისინი მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ და სხვაგან ვერსად ნახავთო, წერს მწერალი და... ეეჰ, ნეტა ახლა გადმოახედა, რამდენი მილიონი ქართველია გასული ლუკმაპურის საშოვნელად, თუმცა... დიუმაც უსვამს ხაზს საქართველოში ცხოვრების სიძვირეს.

 

წიგნის ერთ–ერთი თავი ეთმობა „ტფილისს“ და მწერალი სულგრძელად გვიზიარებს აღტაცებას, რომელიც თამამშევის თეატრ-ქარვასლით და ქართული თეატრის გრანდიოზულობით განიცადა. ქართული თეატრის აღწერას დიუმა იწყებს თეატრის ვესტიბიულების საოცარი ორნამენტებით და ასრულებს მაყურებელთა დარბაზით, რომელსაც „ჯადოქრების დარბაზს“ უწოდებს - არა სიმდიდრის, არამედ გემოვნების თვალსაზრისით, წერს, ჩემი ცხოვრების მანძილზე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ სილამაზით ვერცერთი შეედრება თბილისის თეატრსო. დიუმა არ ივიწყებს არც თეატრის ფარდას, რომელიც უდიდესმა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა შექმნა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე. აქვე გეტყვით, რომ ის თეატრი 1874 წელს დაიწვა.

 

მოკლედ, დიუმა გვაქებს და გვადიდებს ქართველებს, წერს, მამაცი, ულამაზესი, კეთილშობილი, საუცხოო ერიაო და განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართველი ქალის სილამაზეს, ზოგადად და ალ. ჭავჭავაძის ულამაზესი ქალიშვილის მშვენიერებას, კონკრეტულად. მწერალი არც კაცებს „ჩაგრავს“ და ამბობს, რომ ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე, განსაკუთრებული აღნაგობის, ტანად მამაკაცებზე, მათ მიხვრა-მოხვრაზე, რომელთაც, თუნდაც უბრალო მსახურებსაც კი, შესაშური, ნამდვილი თავადიშვილური იერი აქვთო.

 

დიდი მწერალი არც გოგირდის აბანოებს უვლის გვერდს, თავისი ზედახელოვნებული მექისეებით...

 

აქვე გეტყვით, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველი თბილისის რეკონსტრუქციისას, დაანგრიეს მრავალი გოგირდის აბანო, რომლებიც სანაპიროზე გადადიოდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი, ცისფერი აბანოს გარდა, მიწისქვეშ მოექცა, მეტეხის ხიდთან მოსჩანს მხოლოდ რამდენიმე აბანოს გუმბათი. აბანოებს ხშირად სტუმრობდნენ საქართველოში ჩამოსული სტუმრები, მათ შორის პუშკინი და ალექსანდრე დიუმა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს მექისეების ოსტატობა და ნაწარმოებებშიც კი აღწერეს განცდილი. წიგნში „კავკასია“ დიუმა წერს, ექვსი კვირის მანძილზე, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდიო... და ჩემი პერიფრაზით რომ დავასრულო, თბილისის მსგავსი აბანოები პარიზშიც კი არ მეგულებაო...

 

გესიამოვნება ადამიანს, ამას რომ წაიკითხავ, აბა რა იქნება?!

 

68 წლის ალექსანდრ დიუმა-მამა გარდაიცვალა 1870 წელს, პარიზთან ახლოს, სადაც დაიკრძალა კიდეც. 2002 წელს მისი ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner