logo_geo
eng_logo
კახა კოჟორიძე: მეშახტეებმა და კომპანიამ გარკვეული დათმობებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯი
- +

26 თებერვალი. 2016. 21:37



საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე დღეს ტყიბულში იმყოფებოდა. პრეზიდენტის მრჩეველი მინდელის სახელობის მაღაროსთან შეკრებილ მაღაროელებს შეხვდა და მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. როგორც კახა კოჟორიძემ მაღაროელებთან საუბრისას აღნიშნა, მისი ჩამოსვლის მიზანი ყველა მხარესთან შეხვედრა და სიტუაციის ადგილზე შესწავლა იყო.


კახა კოჟორიძემ შეხვედრა გამართა კომპანია "საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის"  დირექტორატთან და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის"  წარმომადგენელთან.


შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტყიბულის რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.


მოგვიანებით კახა კოჟორიძემ ერთობლივი შეხვედრა გამართა აქციის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკების მაგიდას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.


შეხვედრების დასრულების შემდეგ კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა  და განაცხადა


„პირველი საკითხი, რომელიც მინდა აღვნიშნო, უკავშირდება ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ანუ ის მოთხოვნები, რაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარეობს , შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის შესახებ ეს არის პრინციპული და უალტერნატივო მოთხოვნა, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს ამ კომპანიაში. ამ თემაზე კომპანია თავად თანხმდება  ინსპექტირებისა და შემოწმების გავლაზე.

 

გარდა ამისა, მინდა  განვაცხადო, რომ კონკრეტულ ხელფასის ოდენობაზე ცხადია ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის კერძო კომპანია და კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

 

დღეს აქ შეკრებილი მუშებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ინდექსაციას ანუ ინფლაციის მიხედვით ხელფასების ზრდას. აღნიშნულის შესახებ ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე ვინაიდან ხელმოწერა აღნიშნულ დოკუმენტზე არის გაყალბებული, რაც არადამაჯერებელი არგუმენტია. კომპანიას რამდენიმე წელი ჰქონდა იმისათვის, რომ გაეგოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ.

 

თუ აღნიშნული ხელშეკრულება ნამდვილად გაყალბებულია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმე, შესაბამისად პირველი ვინც ამ საკითხის გარკვევით უნდა იყოს დაინტერესებული, თავად კომპანიაა. დღემდე კომპანიის მხრიდან  არ ყოფილა მიმართვა პროკურატურისათვის, რომ დადგენილიყო ნამდვილად  იყო თუ არა გაყალბებული ხელშეკრულება.

ეს საკითხი ერთერთი მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას. ხელშეკრულება, რომელიც არის  2011 წელს დადებული წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებას კომპანიისთვის და კომპანიამ უნდა მოახდინოს ამ ხელშეკრულების შესრულება, ანუ ინფლაციის მიხედვით  მუშებს გაუზარდოს ხელფასი.

რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებსვფიქრობ არსებობს რესურსი ამ საკითხების მორიგების გზით გადაწყვეტის, მორიგება კი ნიშნავს, რომ ორივე მხარემ გარკვეული დათმობებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner