logo_geo
eng_logo
ბიძინას ბიძინასგან - პოლიტიკური პორტრეტები „სხვა რაკურსით“
- +

26 ივლისი. 2019. 12:45

 

(დასასრული)

 

4) გიგა ბოკერია-თამარ ჩერგოლეიშვილი - ამ ოჯახურ წყვილს „დიდ“ პოლიტიკურ თამაშში „საიდუმლო“ როლი აქვს განსაზღვრული. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი“, რომ „ცნობილი“ ცოლ-ქმარი, „ნაცმოძრაობასთან“ დამოკიდებულებაში, „კარგი და ცუდი პოლიციელის“ ცნობილ ტანდემს განასახიერებენ. უფრო სწორად, შეძლებისდაგვარად ცდილობენ, განასახიერონ.  განსაკუთრებული მონდომებით ქალბატონი გამოირჩევა, რომელსაც ამ საქმეში მსახიობური უნარი აშკარად ხელს არ უწყობს, მაგრამ გულწრფელად სჯერა, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდება. რაც შეეხება ქმარს - ძალიან თვალსაჩინოა, რომ სახეზე მკაფიო უიმედობა აწერია, რაც იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ გრძნობს, ან იცის, წინასწარ წაგებულ თამაშს რომ თამაშობს, მაგრამ სხვა გზა რომ არა აქვს, რა უნდა ქნას? (ესეც სახეზე აწერია).

 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც ზუსტად ზემოხსენებული სცენარის შემსწრე გავხდით: ქმარმა, ოღონდ ძალიან ნირწამხდარმა, დაახლოებით ბაქრაძის მესიჯის მოკლე ვარიანტი წარმოადგინა (ძაან სისულელეებში არ „გაუნავარდია“. ეს როლი, ეტყობა, ბაქრაძეს უფრო „კარგად გამოსდის“), ხოლო ცოლმა, ტრადიციულად, მიშისტებსაც „წაკბინა“ – „არც ივანიშვილი გვინდა და არც „ნაცებიო“.  

 

ცნობილი სიუჟეტის წამდაუწუმ ტრიალს, „ზომიერად კარგის“ როლის შემსრულებლის უიმედო განწყობას, „შემტევი ცუდის“ როლის შემსრულებლის უნიჭობით შეზავებულ გულწრფელ მონდომებას, ყველა კრიტიკულ და მნიშვნელოვან მომენტებში „როლებიდან“ მყისიერ გამოსვლას და „ნაცმოძებისა“ და „ევროსაქების“ იდეური ერთობის ღია დემონსტრირებას და კიდევ სხვა მრავალ გარემოებათა ერთობლიობას, დრამად ჩაფიქრებული  სპექტაკლი კომედიურ ჟანრში გადაჰყავს.

 

მართლაც, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ... რა ვქნა, ქალი იმდენად მეცოდება, რომ „ლაითად“ გაღიმებასაც ვერ ვახერხებ. გამიგია, მსახიობობა ყველა გოგონას ოცნებააო და გვიან მოცემულ პირველივე შანსს წყალს (პათოლოგიური რეჟიმის მობრუნების სურვილს) რომ გაატან, მგონია, არ იქნება ადვილი გადასატანი.

 

5) სალომე სამადაშვილი - ჭეშმარიტ ნაც-ქალბატონს ორ სიტყვაში ასე დავახასიათებდი - „სასოწარკვეთილი არადიასახლისი“. რატომ „სასოწარკვეთილი“? მოუსმინეთ მის გამოსვლებს და დააკვირდით მის გამომეტყველებას, მის მიმიკებს და... ვფიქრობ, დამატებით რაიმეს თქმა საჭირო აღარ იქნება; რატომ „არადიასახლისი“? - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „დიადი მიზნისთვის“ უწყვეტ ბრძოლაში ჩაბმული, დიასახლისობისთვის ნამდვილად ვერ მოიცლის და რომც მოიცალოს, რა გემო უნდა ჰქონდეს მუდმივად მძიმე განწყობაზე მყოფი ქალბატონის ნახელავ კერძს?

 

ვხვდები, დაინტერესდით, ეს „დიადი მიზანი“ რაღა არისო. „დიადი მიზანი“ ნეტარი მიშას დაბრუნებაა, რადგან მიშა საქართველოა და საქართველოზე მეტია, რადგან მიშა ყველაფერია... ზოგადად, „ქალთა სახეები ქართულ პოლიტიკაში“, ფსიქოლოგების კვლევის საგანი უფროა, ვიდრე პოლიტოლოგებისა და ისტორიკოსების. გაიხსენეთ პოლიტიკურ პროცესებში მათი როლი „მრგვალი მაგიდის“ პერიოდიდან დღემდე და კითხვები აღარ დაგრჩებათ. მე კი აქ წერტილი უნდა დავსვა, რადგან სიღრმეებში შესვლა, ადვილი შესაძლებელია, ჯანმრთელობის ფასად დამიჯდეს, რაც ძალიან არ მინდა.

 

რაც შეეხება სტრასბურგის სამადაშვილისეულ შეფასებას... შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი, რომელიც კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს.

 

6) გიორგი გუგავა - „ესეც პოლიტიკოსია?“-ს ფაზაში ჩარჩენილი, ჩვენი სიმძიმის-ცენტრ- დაკარგული დროის გმირი, თუ ჩვენი დროის სიმძიმის-ცენტრ-დაკარგული გმირი, დღევანდელობის უნიკალურ მოვლენას, ანუ მოვლინებას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, სამომავლოდ, საქართველოს ისტორიის მუზეუმის უიშვიათესი ექსპონატია. გათბილისელებული ქუთაისელი სვანი, თავისთავად, ხომ უკვე კოლორიტია და შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ამ კოქტეილს წინ დროშასავით რომ მოუძღვის დიდი შალვას სულით გაჟღენთილი ლეიბორისტის „ამაყი ტიტულიც“, მიხვდებით, მოსიარულე განძთან გვაქვს საქმე.

ჰო-ო-და, შალვა „ლუბიანკ...“, მაპატიეთ - „ლეიბორისტის“ გამორჩეულმა მოწაფემ, იმ ათას სისულელეში, „ნაცების“ ცნობილი ორი არხიდან რომ იღვრებოდა, ისეთი დააბრეხვა, ასეთ საქმეებში „უნიჭიერესი“ მისი დიდი მასწავლებლიც კი განაცვიფრა და სახტად დატოვა. მათთვის, ვისაც არ მოუსმენია: ადამიანის შესაძლებლობებს შორს გაცდენილი „ნააზრევი“ ასეთი შინაარსისაა - „ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი-2“ დავითგარეჯში გაცვალა...“ და მცირე პაუზის შემდეგ - წერტილი, ხოლო გამომეტყველებაში - ძახილის ნიშანი... აი, ასე! (მაქვს წინადადება, ქართულ სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში, სიტყვა „დააბრეხვა“ განიმარტოს როგორც - გიორგი გუგავას და მის მსგავსთა ნააზრევი).

 

თუ კარგად დავფიქრდებით, (ეს „იდეა“ თუ „ნოუ-ჰაუ“ გუგავამ შთამაგონა), იმ აღმოჩენამდე მივალთ, რომ სასაცილოს, როგორც ასეთის, არწყვა ან გაზომვა, სურვილის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელი რამაა. ჰოდა, წარმოვიდგინოთ, სასაცილოს ასაწონი სასწორის ერთ პინაზე გიორგი გუგავაა დასკუპებული - უკვე მაგრად მეცინება - ხოლო მეორეზე ანედოტები სვანებზე, ქუთაისლებზე, თბილისში ჩამოსულებზე, ამას დამატებული შალვას „ნაკვესები“ და სოსო ჯაჭვლიანის „იბიარდი“ და... ძლივს არ გავაწონასწორე?!.   

 

... ხუმრობა იქით იყოს და როგორც „რუსთავი-2“-ის სანდო წყარომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ვიწრო წრის ჩურჩულის ფორმატით ჩატარებული სხდომიდან სულ ახლახან გვაცნობა, ელდანაცემ ლადო ჭანტურიას, ოპერატიული ხაზით, კოლეგა-მოსამართლეებთან (ფორმულით „7-1“), და კიდევ ორ დახურულ მისამართზე, შიფროგრამა უფრენია - „ხომ გაფრთხილებდით, გუგავა მოვაო-ო...“ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

 

7) მამუკა გამყრელიძე - „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შემოკრებილ ერთკაციან პარტიებს შორის, სიაში დაწინაურების სურვილიდან გამომდინარე, მძაფრი კონკურენციაა გამართული. ამ კენტ-კენტად საცოდავებს ჰგონიათ, თაფლს არიან მისეულები, მაგრამ როგორც ჩემი მეზობელი ბატონი გოგი ირწმუნება - „თვითონაც კარგად იციან, რომ „ქაქს“ არიან მისეულები, მაგრამ უკვე ისეთ სიღრმეებში არიან შესული, უკან გამოსვლაზე ვერც კი ფიქრობენო“ (ბატონი გოგი კულტურული კაცია, მაგრამ, გარკვეულ შემთხვევებში, „ნაცების“ ხსენებაზე „ქაქის“, როგორც სინონიმის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს).

 

„სტრასბურგული შუადღის“ მერე, თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნაო, თემების და იდეების მოზღვავებას ვგრძნობ. აი, მაგალითად... ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია? - მაქვს წინადადება, ამ ე.წ. ერთკაციან პარტიებს, ერთსიტყვიანი, მოკლე და ტევადი სახელი - კაც-პარტიები - ვუწოდოთ!

 

მაშ ასე, კაც-პარტია მამუკა გამყრელიძე 19 ივლისამდე, ე.ი. სტრასბურგის მეორე დღემდე, მხოლოდ ბლანჟეთი და „ნულზე“ გადაპარსული თავით თუ მიიქცევდა პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას. ი/პ (იურიდიული პირი) გამყრელიძის (ამ სიახლეზეც ვაფიქსირებ ჩემს საავტორო უფლებას) ბიოგრაფიამ, პირადად ჩემთვის, ვერც მაშინ შეიძინა რაიმე ფასეული, როცა გავიგე, რომ გადაცემა „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი იყო. (ზემოთ მთელი თავისი „ბაგაჟით“ წარმოდგენილი ბაქრაძე, 10 თუ 20 კითხვას ზედიზედ უშეცდომოდ რომ უპასუხებს, იმ საეჭვო რეპუტაციის გადაცემას, არ მესმის, რატომ უნდა უყუროს კაცმა?)

 

მოდით, ისევ 19 ივლისს დავუბრუნდეთ, ავანსცენაზე კაც-პარტიებისა და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა გამოსვლების დღეს. პირდაპირ ვიტყვი - იმ სიმაღლეზე თამასა არავის აუწევია, რაც ი/პ გამყრელიძემ მოახერხა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი რამდენიმე წინადადებიანი შეფასება - „წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია“ - ფაქტობრივად მეორე სტრასბურგი უნდა ყოფილიყო „ნაცმოძრაობისთვის“, მაგრამ...

 

რომ ამბობენ, „ყველა თავის მომენტს ელოდებაო“, ამის შესახებ, ეტყობა, კაც-პარტია გამყრელიძესაც აქვს რაღაც გაგებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არავის უსწავლებია, რომ მომენტის გამოყენებას შესაბამისი მომზადება სჭირდება. მიწაზე რომ ხარ განრთხმული და უცებ მოინდომებ, სამყაროს ღრუბლებიდან გადმოხედო, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ამისთვის ან ფრთებია საჭირო, ან თვითმფრინავი. ერთ მაგალითსაც მოვიშველიებდი - ი/პ გამყრელიძეს,  ბავშვობაში ან მოზრდილობაში, სანამ კაც-პარტია გახდებოდა, იგავების კითხვა რომ ჰყვარებოდა, ეცოდინებოდა, რა დაემართა ხართან დატოლებულ ბაყაყს. აფთრებთან დატოლებულსაც იგივე მოუვიდოდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ი/პ გამყრელიძემ ვერც „იქიდან“ დაიმსახურა ყურადღება და ვერც „აქედან“, ვერც ისკარიოტელად ივარგა და ვერც ჰეროსტრატედ. ეჰ, გამყრელიძე, გამყრელიძე... ჩემებური მაინც არ იყო... ყველაფერზე გაფაციცებულ გვარამიასაც რომ გამორჩები მხედველობიდან და იმასაც რომ არავინ წამოგაძახებს - „ოცნების“ მოსყიდული იქნებაო, ის დროა გუდა-ნაბადი აიკრა და ჰერი-ჰერი მშობლიური მოსკოვისკენ.

 

8) ირაკლი ოქრუაშვილი - ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მარჯვენა ხელი და კიდევ  მრავალჯერ ყოფილი, კარგა ხანია ისეთ „პალასაზეა“, რაც მეტს იაქტიურებს, მით მეტ შეცდომას რომ დაუშვებს და რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ სისულელეს რომ იტყვის. ამაზეა ნათქვამი, კონტროლს აღარ ექვემდებარებაო. მისთვის სასარგებლო რაიმე შედეგის მიღწევის მიზნით ყველაფერზე წამსვლელი კაცისთვის, ძნელია იმასთან შეგუება, რომ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პოლიტიკისთვის დიდი ხანია ჩამოწერილია.

 

ამას ემატება ისიც, რომ უკვე მარადიულ ყოფილად განწირული, თვითშეფასების უნარ დაქვეითებულების კატეგორიიდანაა, ამიტომ ბოლომდე ვერ ხვდება - რატომ, მაგრამ ტანით გრძნობს, რომ გარშემო მყოფებში კეთროვანივით აღიქვამენ, ძველებიც და ახლებიც, ყველასთვის „ჩამოწერილის“ სტატუსის მატარებელია და ეს მდგომარეობა აბოროტებს, ბოღმისაგან მზადაა, ირგვლივ ყველაფერი მოსვაროს (მოსპობა და განადგურება ურჩევნია, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის). „ყოფილს“ გამძაფრებული ცხოველური საწყისი კარნახობს, რომ ორი მიმართულებით ბრძოლა გაუჭირდება და აგერ უკვე ათ წელზე მეტია, რიგ-რიგობით, ხან ერთ კედელს ეჯახება გამწარებით და ხან მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგად თვითდაზიანებების მეტი არაფერი მიუღია.

 

პოლიტიკურ ასპარეზზე ოქრუაშვილი და სხვა მისი მსგავსები, ყველა ობიექტური ნიშნით, აპრიორი დამარცხებისთვის განწირული ფიგურები არიან. რამდენიმე წლის წინ ვწერდი, ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემებია - ამპარტავნება, ანგარება და პროვინციალიზმი. ამ სამი ნიშან-თვისებიდან ერთიც საკმარისია, პოლიტიკაში ჩართული პირი „ნეგატივის შემოქმედად“ რომ ექცეს ქვეყანას. ჩემი (და არა მარტო ჩემი) დაკვირვებით ოქრუაშვილის პოლიტიკურ პორტრეტს ხსენებული სამი შემადგენლის „მსუყე ნაზავი“ ქმნის - უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

 

ვფიქრობ, ამით არის განპირობებული ის ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფრობით (ძირითადად ნაღდი და ცრუ „ჩაშვებების“ კომბინირების მეშვეობით) წარმოებული სოლო კამპანია, რომელიც ყველა დამკვირვებელში მხოლოდ გულის რევის შეგრძნებას იწვევს. ჩვენ წინაშე დგას სრულიად დაუძლურებული მორალური ვამპირი, რომლის ერთადერთი მიზანია, (კონკრეტულ შემთხვევაში), გადაფაროს სამართლის და სამართლიანობის ზეიმი (და თუ კი რამ კარგი შეიძლება არსებობდეს ირგვლივ) და ქვეყანა, როგორმე, იმ ბილწ ქაოსში ჩატოვოს, რომლის მთავარი შემოქმედიც „რუსთავი-2“ იყო.

 

როგორც ხედავთ, ოქრუაშვილი ერთადერთი სახეა, რომლის არაადეკვატურ გამოხტომებზე საუბრის ხუმრობაში გადაყვანის მცდელობაც არ მქონია. რაღაცნაირი, ადამიანის ფორმის ცივი და მშრალი ცოცხალი სხეულია, სულის გარეშე, რომელსაც არც იუმორი ერგება და არც სატირა.

 

9) ნინო ლომჯარია - საახალწლოდ, ნაც-მედიასაშუალებები წლის მოვლენებს რომ შეაფასებენ, პირველ ადგილზე, უპირობოდ და უკონკურენციოდ, ჩვენი სახალხო დამცველის 18 ივლისის განცხადება გავა. ყველა დანარჩენ მედიასაშუალებაში (მათ შორის - BBC, CNN და სხვ.), იმავე განცხადებას გარანტირებული აქვს ალალი და უსაყვედურო პირველი ადგილი წლის კურიოზების ნომინაციაში.

 

თავად განსაჯეთ - აღნიშნულ განცხადებაში, ქვეყნის ადამიანის უფლებათა მთავარ დამცველს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ნაცხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა მკვლელობა, წამება, კერძო საკუთრების ხელყოფა, მედიასაშუალებაზე ზეწოლა, სასამართლოს შეურაცხყოფა და დისკრედიტაციის მცდელობა და ა.შ. სიტყვა არ დაცდენია(?). ვიმეორებ - სიტყვა არ დაცდენია(!).

 

მისთვის, თურმე,განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედიაგარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხი“. დამეთანხმებით, რომ სტრიქონებს შორის აშკარად იკითხება შემდეგი: უკანონოდ მითვისებული ტელევიზია პატრონს თუ არ დაუბრუნდებოდა, კარგი იქნებოდა „გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედიაგარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის“-თვის(?) (იმავეს ამბობს, რასაც ბაქრაძე, ოღონდ სხვა სიტყვებით). შემდეგ, ჩვენც და ევრომოსამართლეებსაც „განგვიმარტავს“, რომ თურმედემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია“.

 

განცხადებას ვკითხულობდი და ვფიქრობდი, როცა ადამიანი მართალი არ არის, სადღაც აუცილებლად დაუშვებს-მეთქი შეცდომას. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... შეცდომების კასკადი და თანაც ერთ, არც ისე გრძელ წინადადებაში (ეტყობა, მთავარ წინადადებად სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული): „თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“.

 

„ომბუდსმენშას“ შეცდომის მიზეზი ისაა, რომ სახელმძღვანელოდან ამოღებული წინადადება, ისეთი, საზეპიროს რომ ეძახიან, ჩვენთვის საინტერესო კონკრეტულ შემთხვევას მექანიკურად მიაბა. მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ან არ დაფიქრებულა, ან იფიქრა - ვინ გამომეკიდებაო. გადავწყვიტე, მე გამოვეკიდო:

 

ყველა ობიექტური ანალიტიკოსის მოსაზრებით, „ნაცობა“ პარტიულობაა არაა,  „ნაცობა“ მენტალობაა. „სულიერი“ ერთობა რომ არა, ამხელა პასუხისმგებლობის ადამიანმა, ჯერ როგორ უნდა დააიგნორო ევროსასამართლოს დოკუმენტის მთელი ძირითადი ნაწილი და მეორე - როგორ უნდა თქვა სააკაშვილ-გვარამიას ტელევიზიაზე, რომ „თავისუფალი მედიააო“; რომ „რუსთავი-2“ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის პირობა“ შეიძლება ყოფილიყო, ან შეიძლება იყოსო; რომ ეს დეზინფორმაციის, ტყუილის, ცილისწამების, შეურაცხყოფის და ამბოხებების მომზადების „იარაღი“, თურმე,კარგი მმართველობის ხელშეწყობის პირობაც“ ყოფილა (ალბათ, წინა მმართველობაც იგულისხმა, დღევანდელთან ერთად).

 

განსხვავებული აზრი და პლურალიზმი ამათ ის ჰგონიათ... კი არ ჰგონიათ, უნდათ რომ ასე „შემოგვასაღონ“, რომ ხელისუფლება თუ იტყვის „მაწონი თეთრიაო“, „თავისუფალმა მედიამ“ უნდა ატეხოს გნიასი, შეგინება-დაგინებების თანხლებით - „არა, შავია, შავიაო...“ და თუ იტყვის „ორჯერ ორი ოთხიაო“, ყველა „პროფესიონალმა“ ჟურნალისტმა, „გულანთებულების“ მიერ „სახელდახელოდ“ მომზადებული ბანერის ფონზე - „გადადგეს განათლების მინისტრი“ - ყველა „პროდასავლელს“ უნდა მოუწოდოს სასწრაფო მობილიზაციისკენ, პარლამენტის „მშვიდობიანი“ შტურმით აღების მიზნით - „ეს პასუხი ხომ ცხადზე უცხადესი რუსული ნარატივია, რადგან ორჯერ ორი ყველა რიცხვია, ოთხის გარდა, რადგან პუტინი და მთელი რუსეთი ამ პოზიციას იზიარებენო“.

 

ღმერთო, შენ დაიცავი საქართველო, თორემ ამ „დამცველის“ იმედზე, ყოვლად ცინიკური სახელი - „სახალხო“ რომ ჰქვია,  ჩვენი მტერი იქნა.

 

*

 

ბატონო ბიძინა, პრინციპულად არ ვიზიარებ მოარულ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ბინძურად მოთამაშე გაცილებით მეტი მინახავს, ვიდრე პოლიტიკის წესების პატივისმცემელი. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ბინძური თამაში კერძო ინტერესის თამაშია და მთლიანად აცდენილია სახელმწიფო ინტერესს. ანუ სხვისი, ანუ ვინც ისარგებლებს, იმის პოლიტიკაა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ამ დამოკიდებულებით ხართ ჩართული ამ ურთულეს „ბრძოლა-თამაშში“. არ ვიცი, თქვენი სტრატეგია დროის რა პერიოდზეა გათვლილი, ამიტომ, ვფიქრობ, მეც და „ოცნების“ სხვა გუშემატკივრებმაც, ჩვენი შეხედულებები და რეკომენდაციები უნდა გაგიზიაროთ ყოველგვარი დედლაინების განსაზღვრის გარეშე, დაახლოებით ასეთი ფორმით - რაც მალე, მით უკეთესი. მთავარია, ვთანხმდებოდეთ პრინციპულ საკითხებზე და პრინციპულ შეფასებებში.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის დაკვირვება 18 ივლისის სოც-აღქმასთან (თუ შეიძლება ასე ითქვას) დაკავშირებით. ქალაქში, აშკარად, უფრო თავისუფლად ისუნთქება. მთლად ისე არა, როგორც შვიდი წლის წინანდელ 2-3 ოქტომბერს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰაერი უფრო დაწმენდილია. იმის თქმა მინდა, რომ თქვენს მიერ შარშან შეპირებული ახალი გარდატეხისთვის კარგი ფონია შექმნილი, რაც იმედია დაგეხმარებათ გეგმების წარმატებით განხორციელებაში.

 

სტრასბურგისგან მონაბერმა ქარმა უფრო მძლავრად დაატრიალა პოლიტიკური მორევი და ზედაპირზე კიდევ ერთხელ ამოიტანა ჭუჭყი და ნაგავი. ამ წერილის მიზანიც ის არის, რომ როგორც საზოგადოების პასუხისმგებლიანმა წევრმა, კიდევ ერთხელ დაგანახოთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. ქვეყანა სიბინძურისგან დროულად თუ არ გაიწმინდება, ანტისანიტარია წაგვლეკავს.

 

მუდმივი დაძაბულობისა და მუდმივი შოკის პირობებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება: „ვაიმე, ესენი არ მობრუნდნენ“, „ვაიმე, გრიშამ არ მოიგოს“, „ვაიმე, ზუგდიდი არ წავაგოთ“, „ვაიმე, პარლამენტში არ შეცვივდნენ“, „ვაიმე, პუტინი...“, „ვაიმე, ბაზარი...“, „ვაიმე... ვაიმე... ვაიმე...“ ნერვული უჯრედების აღდგენა არ ხდება და რატომ უნდა გვიმოკლებდეს სიცოცხლეს ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება, არ მესმის.

 

ერთსაც ვიტყვი: 20 ივნისი სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით 500 კაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული, 1000 - ადმინისტრაციულში, ხოლო აქციის მონაწილე ყველა და ზოგიერთი არამონაწილე პოლიტიკოსი, ამბოხის ორგანიზებისთვის იქნებოდნენ ბრალდებული. და ეს ის შემთხვევაა, როცა „ოცნება“ სიამაყით ვერ იტყვის, რომ „ჩვენ „ნაცები“ არა ვართ“. ერთადერთი განსხვავება ის შეიძლება იყოს, რომ დასასჯელთა რაოდენობები შეიძლება საგრძნობლად შეიკვეცოს.

 

ნუ იფიქრებთ, იქით „მოსაკითხები“ აქეთ რომ არიან გადმოსული შეტევაზე, ვინმესთვის თქვენი „სიძლიერისა“ და „კეთილშობილების“ მანიშნებელი იყოს. პირიქით... და რადგან პირიქით, ისიც გახსოვდეთ, რომ პოლიტიკაში სუსტი არავის უყვარს, სუსტს პატივს არ სცემენ.

 

დასასრულ, მკითხველს მინდა ვთხოვო - ძილის წინ, ფიქრებში იმის მოდელირება სცადეთ, რა იქნებოდა, პარლამენტში შეჭრა წარმატებით რომ განხორციელებულიყო... მენდეთ, ამის მერე დაძინებას თუ მოახერხებთ, მთელი ღამე კოშმარები არ მოგასვენებთ. ამიტომ, ამ ჭრილში ვცადოთ იმის გააზრება, რა მძიმე დანაშაულის ჩადენის მცდელობასთან გვქონდა საქმე(!).

 

„ქართულო ოცნება“, მოქმედების დროა. გვახსოვდეს, ძლიერი სახელმწიფოს შენების ფუნდამენტი სამართლიანობაა.

 

 

 

ბიძინა  დვალი

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner