logo_geo
eng_logo
ზუგდიდში 1992 წელს დახვრეტილი გოჩა ჯიქიას სიკვდილამდე 3 კვირით ადრე დაწერილი წერილი
- +

3 ივნისი. 2016. 11:41

1992 წლის 25 თებერვალს ზუგდიდის ცენტრში, დედის თვალწინ დახვრიტეს ახალგაზრდა არქიტექტორი გოჩა ჯიქია. მკვლელობა კინოთეატრის წინ, დღისით–მზისით მოხდა.

 

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გოჩა ჯიქიას დედამ, როცა დაინახა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მხარდამჭერი ეროვნული გვარდიის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა მხრიდან ავტომატი ჩამოიღო და გოჩა ჯიქიას დაუმიზნა, მკვლელს სთხოვა – შვილო, შემიბრალე, ეს ერთი მყავსო, პასუხად კი მიიღო: „ერთი რომ გყავს, მაგიტომაც მოვკლავ“.

 

თვითმხილველები იმასაც ჰყვებიან, რომ გოჩა ჯიქია არც გადატრიალების მომხრეთა შეიარაღებული მოწინააღმდეგე იყო და არც არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია გვარდიელისთვის: მას, უბრალოდ, ახალგაზრდა კაცის მოშვებული წვერი და გამომეტყველება არ მოეწონა და ის „ზვიადისტად“ მიიჩნია, ასეთებს კი მაშინ ესროდნენ...

 

მაშინ ზუგდიდის კომენდანტი გია ყარყარაშვილი იყო, რომელიც საჯარო გამოსვლების დროს ზუგდიდელებს ეუბნებოდა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოსდა ისინი მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანას აპირებდნენ, სინამდვილეს არ შეეფერებოდა. ამ სტატიის ავტორს თავად აქვს მოსმენილი მისი სიტყვები ზუგდიდში: „არ დაიჯეროთ, ხალხნო, შევარდნაძეს საქართველოში ჩამოსასვლელი პირი არა აქვს და თუ ის აქ ჩამოვა, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას იარაღით ხელში აღვუდგები წინ“.

 

მოგვიანებით, როცა გია ყარყარაშვილი, სხვა პირებთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის წევრებმა ტყვედ აიყვანეს, ის სწორედ გოჩა ჯიქიას სახლში მიიყვანეს, ისე, რომ თავად არ იცოდა, სად მიჰყავდათ. ოჯახში გაშლილ სუფრასთან, სადაც ტყვეც დასვეს, მოხუცმა, შაოსანმა ქალმა, რომელიც სტუმრებს მასპინძლობდა, მხოლოდ მოგვიანებით უთხრა ყარყარაშვილს, რომ ის მისი გვარდიელების მიერ დახვრეტილი გოჩა ჯიქიას დედა იყო...

 

ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს გოჩა ჯიქიას წერილი, რომელიც დღემდე არსად გამოქვეყნებულა და რომელიც გოჩა ჯიქიამ სიკვდილამდე სამი კვირით ადრე დაწერა.

 

საკმაოდ ვრცელი წერილი საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდანაც, ამიტომ მას სრული სახით გთავაზობთ:

 

 „რა ხდება საქართველოში (ანუ, ვაი ჭკუისაგან)

 

გულგრილობა რა სათქმელია, დღეს ყველა ცდილობს, უწინასწარმეტყველოს საქართველოს მისი ხვალინდელი დღე. იწინასწარმეტყველოს, თუ რითი დასრულდება ის, რაც გუშინდელ თუ დღევანდელ დღეს ვერ აგვიხსნია, რისთვისაც თანხმობაში სახელიც კი ვერ დაგვირქმევია.

 

ზერელედ, ერთი შეხედვით, თითქოს ერის ფავორიტი და მისი ანტიპოდი, ვინმე უზურპატორი ერთმანეთს შეტაკებიან. და სავალალოა, რომ ცდილობენ მავანნი, საქართველოში არსებული მდგომარეობის არსი, საფუძველი, ზვიად გამსახურდიას ყოფნა-არყოფნის პრობლემამდე დაიყვანონ.

 

თუმცა, ცხადია, ამ საკითხზეც დიდადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ სად, რომელ კულუარებში წყდება საქართველოს ბედი, ისევ სადღაც, ცხრა მთას იქით, თუ... იქნებ აგვიხდა ლელთ ღუნიას ოცნება.- ანდა იქნებ, მართლაც, ეს დოლაბი ზვიადის თავზე დატრიალებულა. და მაშინ, რაშია მისი დანაშაული?

 

იქნებ მოხდებოდა ყველაფერი სხვაგვარად, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო ზვიადი. ის არასოდეს ყოფილა პროლეტარი, ყოველთვის ჰქონია, რაც შეიძლებოდა დაჰკარგვოდა, გოლგოთას კი არ დაჰზარებია.

 

და სწორედ აისზე, მისი დიდების ზენიტზე, უკვე პრეზიდენტს, შეაქციეს ზურგი მათაც, ვინც ადრე თვლიდა მას მეგობრად. სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მისი მოწინააღმდეგეების რიცხვი და თუ წინათ მას, დისიდენტს, ერთ ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა, უკვე პრეზიდენტი, რამდენიმე ფრონტიდან შემოტევას უნდა გამკლავებოდა.

 

პრეზიდენტის მთავარი ბრალდება კი მისი ახირებული ხასიათი იყო, მაგრამ აქაც უნდა ვიყოთ ობიექტურნი, თუ არა კაცს უდრეკს, ბოლომდე თავდაჯერებულს, ვის შეეძლო აემაღლებინა ხმა იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც, ცოტაც და, შეიძლება ახალი რელიგია გამხდარიყო, და ეს მაშინ, როცა ცოტანი იყვნენ ისეთნიც კი, რომლებსაც შეეძლოთ არათუ მხარი დაეჭირათ ზვიადისთვის, არამედ, უბრალოდ, თანაეგრძნოთ, როცა მისი ხმა იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. საბოლოოდ კი...

 

საბოლოოდ სწორედ მისი თვისებები, მისი პირადაპირობა, პირშიმთქმელობა, ზოგჯერ კი თავშეუკავებლობა იქცა პირველი პრეზიდენტის პირველ მტრად. პირდაპირ მდგარი გველის წინაშე, იმის მაგიერ, ან ჩაევლო გვერდით ფრთხილად, ან გაესრისა ის, „გველი, გველიო“ გაიძახოდა და ამით ხშირად იგდებდა თავს საფრთხეში.

 

გავაგრძელოთ თანამიმდევრობით და ვნახოთ, ვინ იყვნენ ზვიადის ოპონენტები საქართველოში და, თუ თავიდან (კომენტარის გარეშე ვიტყვით) ეს იყო ინტელიგენცია, ხალხი, საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილი, ეროვნული მოძრაობის იატაკქვეშეთიდან გამოსვლის შემდეგ, ამ მოძრაობის გაფართოების მიზნით, ზვიადი იძულებული იყო, დასაყრდენი, ერთი მხრივ თავნება, ხელისუფლებისაგან „გაუხედნავ“ პიროვნებებში ეძია, მეორე მხრივ კი ადვილად სამართ რუხ მასაში, რომელიც მისთვის აპარატთან ბრძოლის მრისხანე იარაღი და მშვენიერი სტაფაჟი იყო.

 

ამჟამად, ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომელნიც რბილ სავარძლებზე იყვნენ მოკალათებულნი, საზოგადოებაში მდგომარეობის დაკარგვის შიშით , „ჩასაფრებულ“ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და „ირწეოდნენ, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. კომუნიზმის იძულებითი უკან დახევისა და ზვიადის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ვალის გადახდის დროც დადგა და ის საკადრო პოლიტიკაც, რომელმაც ჯერ გააოცა, შემდეგ კი გააგულისა უკვე ფაქტის წინაშე მდგარი ინტელიგენცია, ყოფილი „ატამანის“ იძულებით ნაბიჯს წარმოადგენდა.

 

ენერგიული, თავნება, გაუხედნავი „ულაყები“ კი ზვიადისთვისაც თავნება და „გაუხედნავ ულაყებად“ დარჩნენ. „ავტორიტეტული ვაკუუმის“ წარმოქმნით კი ისარგებლეს იმ ავტორიტეტებმა, რომლებსაც არ აკმაყოფილებდა ახალ საზოგადოებაში მათი ახალი მდგომარეობა.

 

და მაინც, ვინ იყო ეს ხალხი? ზოგი მათ ქართული საზოგადოების თაიგულად თვლის, მეორენი კი წითელ და იმ ეპოქაში პრივილეგირებულ, კორუმპირებულ ინტელიგენციას უწოდებს. სინამდვილეში მათი ერთ ლანგარზე მორთმევა შეუძლებელია.

 

სხვადასხვა მიზეზებმა აქციეს ისინი პრეზიდენტის მტრებად. ერთნი მხოლოდ იმიტომ არიან მზად, „დაკორტნონ“ პრეზიდენტი, რომ მისმა და მისი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლამ მათ ადგილები დააკარგვინა. მეორე ნაწილი უმრავლესობაში ხელოვნების წარმომადგენლები არიან, ხოლო შემოქმედი, თუ ის მორალისტი არაა, ავანტურისტია და ვერ იტანს სხვის წარმატებას, მითუმეტეს, ტრიუმფს.

 

და ამ შემოქმედთ, რომლებსაც სწორედ მაშინ, როცა ზვიადი მისი აზრების და დაუფარავი მიზნებისათვის შანტაჟში, დაუსრულებელ პრესინგში ჰყავდათ, ყრილობებზე, სესიებსა თუ პლენუმებზე, მაღალი ტრიბუნებიდან გმირის პოზაში, ომახიანი ხმით სამზეოზე გამოჰქონდათ საქართველოს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების უკმარისობის პრობლემები.

 

გაურკვეველია, როგორი წარმატებით გადაწყვიტეს მათ ეს საკითხი, დღეს კი, მეორე ნომრით, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრობლემების გადაწყვეტა დაიწყეს. და ინტელიგენციის ამ კატეგორიას განა შეუძლია აპატიოს მათ თანატოლს ის სირცხვილი, რაც საკუთარი წინდაუხედაობის, სიბეცის და სინდისთან ავად ყოფნის ფასად მიიღეს.

 

ზვიადის მოქიშპეთა შორის არიან ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც ყველაფერში მხოლოდ წუნს ეძებენ, რომლებიც ყოველთვის ყველაფრის წინააღმდეგნი არიან და ასეთ პოზიციაზე დგომა უფრო აწყობთ, ვიდრე ის, რომ იტვირთონ თავის თავზე პასუხისმგებლობა. ისინი ხშირად იმ ქმედებებშიც კი ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, რომლებსაც უწინ თითქმის ისტერიულად ითხოვდნენ მისგან. თვალნათლივ ჩანდა ზვიადის მისადმი კრიტიკასთან აგრესიული დამოკიდებულება და სწორედ მისმა ამ თვისებამ ითამაშა მთავარი როლი იმ პროფესიონალ პოლიტიკოსებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც მხარში უდგნენ მას და ხშირად გაუწვდიათ დახმარების ხელი განსაცდელში.

 

საპასუხოდ კი მათი სხვაგვარი ტაქტიკის, განსხვავებული აზრების არსებობის გამო მისგან წყენა და საყვედურები, დაუმსახურებელიც, რაინდულად მოუთმენიათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ყოფილან ზვიადის მთავარი მოწინააღმდეგეები, სწორედ მათში ჩამოყალიბებულმა დამოკიდებულებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი სიტუაციის ესკალაციაში.

 

პრეზიდენტის მთავარ მოწინააღმდეგეებად ისინი იქცნენ, რომლებიც პოლიტიკოსებად მან თვითონვე „შვა“ და რომლებსაც იმ თიხად ქცევა, რისგანაც სულ ცოტა ხნის წინ გამოძერწეს, ჭკუაში არ დაუჯდათ. მათ, ვისი სახელიც ადრე არავისთვის იყო ცნობილი, არ ეყოთ ვაჟკაცობა, წასულიყვნენ მაინც ღირსეულად, თუ ვერ შეძლეს პრეზიდენტთან დგომა. და ამ განსხვავებული მორალური და ინტელექტუალური საკუთრების მქონე პირების დროებითმა ალიანსმა, რომელიც გამსახურდიას პიროვნებისადმი არამოწიწებითმა დამოკიდებულებამ შეაკავშირა - საქართველო სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

 

ზოგმა შეგნებით, ზოგმა კი თავისი არასაკმარისი შორსმჭვრეტელობით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა სასწორზე დადო და დიდი ხნით ქაოსისთვის გაწირა. საყოველთაო პოლიტიზაციას არც საეჭვო წარსულის მქონე პირები დარჩენია განზე. დანგრეული სახელმწიფოებრიობა და ანარქია მშვენიერი ნიადაგია დამნაშავეთა სამყაროს განუსჯელად პარპაშისათვის. ამან განაპირობა სისხლის სამართლის დამნაშავეთა ხუნტასთან შეკავშირება, მათი მონაწილეობა „საბრძოლო ოპერაციებში“ შეიარაღებული გადატრიალებისას, მანამდე და მის შემდეგ.

 

პუტჩსა და პუტჩისტების საკუთარ მორალურ და პოლიტიკურ სამსახურს არ მალავდა რუსეთის ხელისუფლებაც. ამაზე ნათლად მოწმობს როგორც რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება, ასევე მათი პრესისა და ტელევიზიის უკიდურესად ტენდენციური, ხშირად პროვოკაციული ინფორმაციები საქართველოში მიმდინარე ამბების გაშუქებისას, რომელიც მათი უტიფრობით, უკუღმართობით ამ ამბების თვითმხილველების გაოგნებას იწვევს.

 

და, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა; ვინ აიარაღებდა და ვინ აფინანსებდა ასე გულუხვად ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებისა და მისი მზრუნველობიდან წასულ მებრძოლებს?

 

და თუ გავიხსენებთ მოსკოვში, ოფიცერთა კრებაზე, გენერალ პატრიკეევის მიერ დროებითი მთავრობის მიმართ თქმულ კეთილ სიტყვებს, ანტი-პუტჩისტების მიერ საბჭოთა არმიისადმი იმ საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნას, რომელსაც ისე სულმოუთქმელად ითხოვდნენ პრეზიდენტისაგან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს უზურპატორებისა და მათი ანტიეროვნული ქმედებისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი, მაშინ შეგვიძლია მივცეთ თავს ვერსიების შექმნისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების უფლება.

 

ცხადი ხდება, ვის ემსახურება ხუნტა და ეს საკმარისი მხილებაა იმისთვის, რათა ბრალი დავდოთ მას ერის იმ ღალატში, რომელ ღალატზე ასე ხშირად გვახსენებდა პრეზიდენტი. ამგვარად, მეორე ფრონტის ჩირაღდანი ამ საიდუმლოებით მოცულ ესტაფეტაში საბჭოური სტრუქტურებიდან სუვერენულ რუსეთს გადაეცა.

 

იმპერიული ფუნქციების და ტვირთის რუსეთის ფედერაციის მხრებზე გადაბარგების შემდეგ, ქვემძიმე მემკვიდრემ მძიმე წონის წინაპრებისგან მიიღო იმპერიული ამბიციები, ხასიათი, ჩვევები, სხვებზე ზემოქმედების მეთოდები და ხერხები. რუსეთსა და საქართველოს შორის შავმა კატამ გაირბინა. ახალი ზესახელმწიფოს სამრეკლოდან ახალი რუსეთის ახალმა მთავრებმა სხვაგვარად და სხვა რამესაც დაუწყეს მზერა. პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას მათ მოუხდათ მათთვის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება და დაივიწყეს პატარა რესპუბლიკის ინტერესები.

 

რუსეთს, ალბათ, აწუხებს ის აზრი, რომ საქართველოს მისი დაქვემდებარებიდან სრული გასვლა ზემოქმედებას მოახდენს კავკასიაში მიმდინარე პროცესების განვითარებაზე და გამოიწვევს რუსეთის გავლენის დაკნინებას როგორც მთის გადაღმა, ასევე ახლო აღმოსავლეთში, ეს კი, თავის მხრივ შეზღუდავს მის ბატონობას ყოფილი საბჭოეთის მუსლიმანურ რესპუბლიკებზე.

 

ამგვარად, ჯაჭვური რეაქციის განვითარებამ, შეიძლება გამოიწვიოს საუკუნეების მანძილზე „განმათავისუფლებელი“ ომების შედეგად შეკოწიწებული რუსული იმპერიის რღვევა. იქნებ საბჭოეთის მიერ დასავლეთის ხათრით დათმობილი ბალტიისპირეთის სანაცვლოდ დასავლეთი რუსეთს უთმობს დანარჩენ საბჭოეთს?

 

დედამიწაზე რუსეთის გავლენის შესუსტება შფოთს იწვევს არა მხოლოდ თვით რუსეთში, მოვლენების ამგვარი შესაძლებელი განვითარება აწუხებს მთელ ცივილიზაციას. ერთი იმპერიის დაცემისას შექმნილ ვაკუუმში უთუოდ უნდა ჩაისახოს მეორე გიგანტი...

 

დღევანდელი მსოფლიოს გადაკეთებას შეაქვს კორექტივები ერების თვითგამორკვევის, მორალური და კიდევ სხვაგვარი დახმარების პროგრამაში. მაგრამ განა ღირს გაკვირვებად დასავლეთის მიერ საქართველოს თავისუფლების სამსხვერპლოზე მიტანა, როცა საქართველოდან ამოსული დიდი პოლიტიკოსები მზად არიან, როგორც პაიკი ჭადრაკის თამაშში, შესწირონ „პატარა სამშობლო“ დიდ პოლიტიკას თუ თავიანთ ამბიციებს.

 

და თუ ეს ასეა, და თუ საქართველოს თავისუფლება სურთ აქციონ შესაწირ პაიკად, გასაგებია საქართველოს სრული თავისუფლებისათვის მებრძოლი პრეზიდენტისადმი დაუმსახურებლად გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი.

 

უცხოთა ეს ნაბიჯი, შესაძლოა, გასაგებიც იყოს, მაგრამ არაკეთილშობილურია, საქართველოსთვის მიუღებელი და უნდა არსებობდეს სხვა გამოსავალიც ამ უკიდურესად რთული მდგომარეობიდან.

 

ამ ფონზე პატარა საქართველოს პატივმოყვარე, „ურჩი“ და დიდი სახელმწიფოების ხელმძღვანელთა წინაშე ქედმოუხრელი პრეზიდენტის პოლიტიკური ავანსცენიდან ჩამოშორების მცდელობა, ალბათ, ლოგიკურიცაა, და თუ ჩათვლიდნენ, განა წარმოადგენდა რაიმე პრობლემას საქართველოში გადატრიალების ინსპირირება იმ სახელმწიფოს მემკვიდრისათვის, რომელსაც შეეძლო მოეწყო რევოლუციები ათასობით კილომეტრების იქით - ოკეანეების გადაღმა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იყო ზვიადი, დემოკრატი თუ დიქტატორი, კონსერვატორი თუ რეფორმატორი, კაპიტალიზმის მომხრე თუ სოციალიზმის მბაირახტარი, სულერთია, მაინც მოიძებნებოდა მიზეზები იმ პოლიტიკოსთან შებრძოლებისათვის, რომელსაც შეუძლია, თავისი თავის მიმართ გაიმეოროს მეფე გიორგის სიტყვები, რომელიც მას თავის რომანში ბატონმა კონსტანტინემ ათქმევინა:

 

„მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია, ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია...“

 

და ყოველთვის მოიძებნებოდნენ შურისა და ღვარძლისაგან დაბრმავებულები, რომლებიც პირველივე ხელსაყრელ მომენტში მზად იყვნენ ზვიადის ჩასაქოლად. საქართველო ავადაა, ეს ავადმყოფობა ეუფლება მთელ ორგანიზმს და ის ხორცმეტი, რომელიც თავის დროზე ლანცეტით შეიძლება მოკვეთილიყო, დღეს ნაჯახით საჩეხი გაგვიხდა. მხოლოდ ძლიერ იმუნიტეტსა და საოცრებას თუ შეუძლია მისი გადარჩენა.

 

დღეს კი თვითმარქვია მთავრობის ჯალათები მძიმე არტილერიისა და ზოგჯერ საოკუპაციო არმიიდან დაქირავებული მებრძოლების გამოყენებით იპყრობენ და არბევენ საკუთარ ქალაქებს. მარტო ზუგდიდის აღებას ათამდე სიცოცხლე შეეწირა და, სამწუხაროდ, იმ დღეს დაღუპულთა რიცხვს წერტილი არ დასმია, მათი რაოდენობა დღითი დღე მატულობს, მონღოლებივით არბევენ ქალაქებს, ძარცვავენ და აწიოკებენ მოსახლეობას.

 

ასეთივე სიტუაციაა სხვა ქალაქებშიც. ღირს გასული წლის აგვისტოს გახსენებაც. გავავლოთ პარალელი აგვისტოს მოსკოვის პუტჩსა და საქართველოს დეკემბერ-იანვრის პუტჩს შორის. მათ შორის არის გარკვეული მსგავსებაც, მაგრამ მეტია სხვაობა. მთავარი განსხვავება კი მათ მიზანდასახულობაშია.

 

თუ მოსკოვში პუტჩისტებმა სავალალო ნაბიჯი რაღაც გარკვეული პოლიტიკური იდეისთვის გადადგეს, მათ თბილისელ კოლეგებს არ გააჩნიათ საერთო პოლიტიკური მიზანი, ყოველი მათგანი იბრძოდა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ სიძულვილი აერთიანებდათ.

 

მეორე განსხვავება კი იმაშია, რომ მოსკოვში იყო მცდელობა, გადატრიალებაში გამოეყენებინათ არმია, რომელშიც საკმაოდაა შეგნებული პიროვნებები, ხოლო საქართველოში ხუნტამ იარაღი დაქირავებულ პირებს მისცა ხელში, რომლებისთვისაც თოფის სროლა და ამაში სოლიდური დასამრჯელოს მიღება სახალისო საქმეა. მათ დიდ ნაწილს ყოფილი ბანდიტები შეადგენდნენ.

 

მესამე კი თანამდებობრივი განსხვავებაა. მოსკოვის პუტჩის მამამთავრები უმაღლესი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ და მათ წარმატების შემთხვევაში არავითარი დაწინაურება არ ელოდათ, მათ სამსახურებრივ მდგომარეობას არაფერი ემუქრებოდა.

 

ქართულ პუტჩს ხელმძღვანელობდნენ თანამდებობადაკარგული, დამცირებული და გაბრაზებული პირები, რომლებსაც პირველ რიგში, ღვარძლი ამოძრავებდათ. სწორედ ამ განსხვავებებმა გამოიწვია განსხვავებული შედეგები და ხელისუფლებაში დროებით ამგვარად მოსულნი თავს კვლავ დემოკრატებს უწოდებენ, მაგრამ დიკონიძის სიტყვები გავიხსენოთ:

 

„ეს დემოკრატები ისეთივე დემოკრატიას მოუტანენ საქართველოს, როგორი კომუნიზმიც კომუნისტებმა მოგვიტანეს“.

 

ნადგურდება რესპუბლიკა და, თუ დანგრეულ რუსთაველის პროსპექტს ეშველა, ძნელი სათქმელია, როდის აღდგება საქართველოს დანგრეული სახელმწიფოებრიობა, თუ როდის გამოვა ის ქაოსის ბატონობიდან.

 

არ მსურს, მეც წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე, მაგრამ ერთი რამ კი სათქმელია, - იმისდა მიუხედავად, თუ რა ბედი უწერია ზვიადს, სახელმწიფო დამნაშავეთა კვარტეტს, თუ სახრჩობელები არა პომპეზურ თაღებქვეშ რესპუბლიკის მოედანზე, მათ საფლავებს იმ ბოლშევიკთა საფლავების ბედი უწერია, საკუთარი სამშობლო წითელ არმიას რომ ჩაუგდეს ხახაში.

 

03.02.1992 წელი გოჩა ჯიქია, ზუგდიდი“.

ქვემო ფოტოზე: გოჩა ჯიქიას დედა შვილის ფოტოპორტრეტთან

 

 

ლომების ოჯახს...

 

ლომების ოჯახს უღრან ტყეში, ლომს სამს თუ ოთხ ცალს

ასდევნებია ყეფა-ღრენით ხროვა აფთრების...

დაუკითხავად ლომის კუდზე, ან კუდქვეშ ზოგსაც

დაუდევს ბინა და თავის წილს, თავის წუთს ელის...

 

როცა არწივი ცის კიდეზე შეკრავს კამარას

იქვეა ყვავიც, თავის სურვილს ისიც არ ფარავს,

ცოტას შეიცდის, ვერ დაიწყებს, იცის, არჩევას...

ბოლოს ჩხავილით ისაკუთრებს სუფრის ნარჩენალს.

 

ჯგუფებად, გუნდად, თითოდ, წყვილად, ზოგჯერ ჯოგებად,

ავსებენ შარას, ვის რა უზის გულში ოცნებად...

ხატი ნიღბებად (ღმერთო, გცოდავ) და ჯვარი ფარად,

ასედაც ხდება, ვინ გაარჩევს, ვინ ვისთან, სად ვართ.

 

რაც ახსოვს წარსულს, ნუთუ ისევ განმეორდება...

ავანსცენაზე, ღმერთმა ნუ ქნას, კვლავ ის მოხვდება -

კულისებიდან რომ შემოგვცქერს პენსნეს გაღმიდან

ავსებდეს სოლო ყმუილს მგლისას ისევ თავიდან.

 

ბზარი, ნურც ბრაზი ხმაში ზეკაცს ნუ შეერევა,

ვინც შეერკინა ცხრათავიან ურჩხულს ღვარძლიანს,

დევთან ჭიდილმა ამირანიც თუ გაადევა,

მის გამარჯვებას ამ ბრძოლაში რაღა ფასი აქვს...

 

 

გოჩა ჯიქია (1989 წელი)

right_banner right_banner
არქივი
right_banner