თუშეთში, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.