„აუდიტორია 115"-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე „facebook"-გვერდზე წერს:
„თუ რომელიმე რეგიონში მეგობრებთან ერთად გავისეირნებ, ველოსიპედით ერთ-ორ წრეს დავარტყამ და რომელიმე მოკრძალებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვალ, სახლში დაბრუნებულს ვიღაც სრული სერიოზულობით წამომაძახებს, რომ საარჩევნო კამპანიას ვატარებ.
თუ განათლების მინისტრთან საერთო კრების გადაწყვეტილებით კიდევ ათ ადამიანთან ერთად მოსალაპარაკებლად წავალ, იქ ვიჩხუბებ, ყველა ხიდს დავწვავ მასთან თანამშრომლობისთვის, სახლში დაბრუნებულს ვიღაც სრული სერიოზულობით მომწერს, რომ საკუთარი საქმე ჩავაწყვე და მინისტრის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ვიბრძოდი.
უკვე საშიშია შენს ძველ, გამოცდილ, უსაყვარლეს თანამებრძოლებთან სრულიად აბსურდულ თემაზე, სრულიად არარეალურ გარემოებებზე ხუმრობაც კი, რადგან ვიღაცამ შეიძლება ყველაზე უღირსი მეთოდებით შენს წრეში შემოაღწიოს, „სქრინი" მოიპოვოს და გამიზნული ხუმრობა მთელ ქვეყანას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიასაღოს.
ყველაზე უცნაური კი ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებაა. სასიხარულოდ, ასეთი ადამიანები აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. ისინი ძლიერ ადამიანად მიგიჩნევენ. მათი აზრით, სიძლიერე შეურაცხყოფის ატანაა. მათი აზრით, ძლიერი ადამიანი ათასჯერ უნდა გამოსცადო, ათასჯერ უნდა შეიტანო ეჭვი მის პატიოსნებაში, ღირსებაში, ყველა ნაბიჯზე გამოცდა უნდა მოუწყო. რაც არ უნდა გააკეთო, ისინი მაინც ეჭვით იქნებიან შეპყრობილნი. მათ არ სჯერათ არაფრის, არადა, რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია!
მწყინს, მტკივა, ვიმახსოვრებ ...
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ვიღაცებს სჯერათ და უყვართ ერთმანეთი, ყოველგვარი ეჭვისა და შურის გარეშე", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.