logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ივან აივაზოვსკის შემოქმედებაში მრავლად ნახავთ ბიბლიურ თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს...
- +

29 ივლისი. 2019. 18:15

 

 

ივან აივაზოვსკი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და ამიტომ მის შემოქმედებაში მრავლად ნახავთ ბიბლიურ თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებსაც. ერთხელ, როდესაც რომის პაპს გრიგორი XVI მისი ეპიკური შედევრი „ქაოსი...“ და იქ აღბეჭდილი წყალი, უკუნი და მათ თავზე გაბრწყინებული სილუეტი უხილავს (იხ. ფოტო 1), „ბუნტარული“ ტილოს ყიდვა განუზრახავს, მაგრამ აივაზოვსკის უსასყიდლოდ უჩუქებია ის ნახატი პონტიფიკისთვის. „ქაოსი...“ ვატიკანში გამოუფინავთ, ხოლო თავისი იუმორით ცნობილ მწერალს ნიკოლაი გოგოლს უთქვამს, „ჩავიდა რომში ჩვენი კაცი ივანი და მისმა „ქაოსმა“ ქაოსი შეიტანა ვატიკანში“.

 

ივან აივაზოვსკიმ ზეპირად იცოდა წმინდა წერილი, ამიტომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბიბლიურ ისტორიებზე შექმნილ მის შედევრებს.

 

დღეს გთავაზობთ აივაზოვსკის თვალით დანახულ წმინდა წერილის ზოგიერთ „სიუჟეტზე“ შექმნილ მართლაც შედევრალურ ტილოებს, ესენია:

 

„სამყაროს შექმნა“... ანუ... „თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი...“ (დაბადება, 1:1–8). მერე მოდის „წარღვნა“... ანუ... «ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ....მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი... ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი....“ (დაბადება, 7:17–24), მერე მოდის .„ნოეს ჩამოსვლა არარატის მთიდან“... ანუ... «მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა... ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები...“ (დაბადება, 8:14–19), მერე მოდის „ებრაელების გადასვლა წითელ ზღვაზე“... ანუ... „უთხრა უფალმა მოსეს: დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ! მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ!“. (გამოსვლა 14:26–30), მერე მოდის „წყალზე სვლა“... ანუ... „და ღამის მეოთხე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით...“ (მათე, 14:22-34).

 

თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ წყალი ბიბლიურ თემატიკაზე მის მიერ შექმნილ თითქმის ყველა ნახატზე ფიგურირებს. გამოდის, რომ მარინისტი „ფერწერის ადმირალი“ მაინც არ და ვერ ღალატობდა წყლის სტიქიას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner