logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: 1928 წლის 29 ივლისს შეუდარებელი ბიძინა კვერნაძე დაიბადა...
- +

29 ივლისი. 2019. 18:31

 

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

დღეს ის დღეა, როცა ღამე თეთრად გავათენე, და

არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ვდარდობდი...

ან უსაშველო უძილობა მჭირდა...

(დარდი აჩრდილივით დამყვება...

საერთოდ და ზოგადად)...

 

არამედ იმიტომ რომ ძალიან მყვარებია ის შესანიშნავი ადამიანი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 29 ივლისს და ეს კაცია შეუდარებელი ბიძინა კვერნაძე...

 

დიდმა გალაკტიონმა ბრძანა:

 

შემოდგომის ყვავილებს

დიდებასთან მივიტან,

ერთი შორი ოცნება

მახსოვს ძველ მოტივიდან.

 

ვარდები არ არიან,

მაგრამ რა მევარდება?

სულო, რა გემართება?

გულო, რა მოგივიდა?

 

ეს სიმღერა ყველამ იცის და ყველას უყვარს ...

 

ბიძინა და ვარდები...

 

ბიძინა ისეთი იყო, შეუძლებელია არ შეგყვარებოდა ყველა ვარდით, ტოტით და ეკლითაც... ძალიან სუფთა კაცი იყო, საქართველოში შეყვარებული... დაღონებამდე...

 

ბატონმა თემურ ჩხეიძემ ბრძანა - „მას თან სდევს ფარული სევდა, ნაღველი. მაგრამ ეს ის სევდაა, რომელიც გენატრება“...

 

ქალბატონ ნანის აქვს ნათქვამი, რომ მართლაც იშვიათია, ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი ამდენი წესიერება, პატიოსნება, სიკეთე და თავმდაბლობა. თანაც მას ჰქონდა უდიდესი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა და თითქმის ყველაფერში კეთილი საწყისის დანახვის…

 

მე შემიძლია მხოლოდ ის დავამატო, რომ მახსოვს: როცა ბიძაჩემი, ზურაბ ანჯაფარიძე იტყოდა ხოლმე - „ბიძინა მოვაო“, ყველას გვიხაროდა. არა, მე საერთოდ მიყვარდა ზურიკოს ყველა მეგობრის მოსვლა, მაგრამ ბიძინას, მართლაც, რაღაც დღესასწაული შემოჰქონდა და, გეფიცებით, ახლა ვხდები, რომ ზურიკო თავისი ძმაკაცის მოსვლისთვის, როგორც სპექტაკლისთვის, ისე სერიოზულად ემზადებოდა. ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა იუმორში პაექრობისას არავინ იცოდა წინასწარ, ზურიკო გაიმარჯვებდა თუ ბიძინა.

 

ერთი სცენა კი დღემდე თვალწინ მიდგას, და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მისი გათამაშების შემდეგ (თანაც დუეტად გათამაშების) პირველად ვიგრძენი, რომ სიცილისგან კაცი მართლა შეიძლება მოკვდეს…

 

სცენა კი ასეთი გახლდათ: ზურიკო თამაშობდა ბიძინას როლს საბაჟოზე, ანუ პასიურს… იგულისხმებოდა ბიძინას ბოლო გასტროლების დროს ჩასვლა კაპიტალისტურ ქვეყანაში. ბიძინა კი ასრულებდა ზრდილობიანი და კულტურული კაპიტალისტი მებაჟის როლს… და, აი, ის მიდის ზურიკოსთან, ლაღად უღიმის, გახარებული ეუბნება — „კეთილი იყოს თქვენი ფეხიო“, ოდნავ ამოწმებს, ფორმალურად და ეკითხება — „საიდან ხართო?“ ზურიკოც პასუხობს — „Soviet Union!“ აქ ბიძინა (ანუ მებაჟე) ისტერიულად წამოიკივლებს — „Soviet Union?!“ და უცებ ერთ წამში მებაჟე-ბიძინა იცვლება – იღებს მხეცური სახის გამომეტყველებას, უვარდება ზურიკოს ფეხებში და გააფთრებულ ჩხრეკას უწყებს… აი, ხომ არაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას სახით ქართულმა სცენამ ძალიან ძლიერი მსახიობი დაკარგა…

 

ზურიკო და ბიძინა ხშირად კამათობდნენ, ვის რა წვლილი ჰქონდა შეტანილი ერთმანეთის შემოქმედებაში. ზურიკო აბრაზებდა ხოლმე — შენი მუსიკალური კარიერა ჩემით დაიწყოო, რადგან თავისი პირველი რომანსი ვაჟას ლექსზე ბატონმა ბიძინამ, ნიჭიერთა ათწლედს რომ ამთავრებდა, მაშინ დაწერა და ზურიკოს სთხოვა მისი შესრულება. ბიძინაც არ რჩებოდა ვალში — შენ მაგ დროს საერთოდ არავინ გიცნობდაო (ზუსტად ტოლები იყვნენ) და ჩემი რომანსით დაიწყო შენი აღმაფრენაო.

 

ერთი სიამოვნება იყო მათი ამ კამათის და შეხუმრებების მოსმენა… ხომ არ გგონიათ, რომ რამეში მეორდებოდნენ, არა, ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყო აგებული.

 

ბატონი ბიძინა იხსენებდა - „მას შემდეგ, რაც პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე კინოფილმ „განაჩენისათვის“ დავწერე სიმღერა „ძნელი არის ქურდი კაცის ბედი“, „ავტორიტეტები“ ჩემთან დელეგაციებს აგზავნიდნენ - თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო…“

 

ბიძინა და მოსაკლავი?

 

ის იყო კაცი, თავისი მუსიკით რომ აცოცხლებდა...

 

ბატონ ბიძინას უამრავი ქართული ფილმისთვის აქვს დაწერილი მუსიკა და კარგად მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმისთვის მუსიკალურ გაფორმებას. ზოგჯერ ფილმი მხოლოდ ერთი მუსიკალური ფრაზით გახსენდება ხოლმე… მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინას „დათა თუთაშხიასთვის“ დაწერილი მუსიკა ვინმე უცხო კაცს რომ მოასმენინო, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რა თემაზეა ის შექმნილი, მაინც მიხვდება რაღაც მთავარს, რაც მასშია… ფილმის რეჟისორი, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ამბობდა – „როგორ შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე წარმოიდგინოს დათას ტრაგიკული ცხოვრება?!“ მართლაც ასეა…

 

ბატონი ბიძინას მდიდარი შემოქმედების შეფასების დროს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ისაუბრო მის სიმფონიურ ნაწარმოებებზე, ოპერებსა და ბალეტებზე, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ამ სფეროში პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ. აი, ბატონმა გია ყანჩელმა კი ბრძანა, რომ არსებობს პოეზია და ლიტერატურა, რომელსაც ის განსაკუთრებულ თაყვანს სცემს და სწორედ ასეთ სიმაღლეებს აღწევს ბიძინა კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება…

 

ზოგჯერ ვფიქრობ, რა ბედნიერია ჩემი თაობა, რადგან ჩვენ ამ საოცარ ადამიანებს ვიცნობდით, ვხვდებოდით მათ ქუჩაში, ვურთიერთობდით. შორიდან მაინც ხომ ვხედავდით და ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ ყველაფრით, არა მარტო ნიჭით და ადამიანობით, სიარულით, დგომით, მიხვრა-მოხვრით, ღიმილით, ხალისით, ურთიერთობებით…

 

„გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ გულში თუ არ ჩაგრჩა,

ესე იგი ცოტა ჩამორჩი ცხოვრებას...

ბიძინა მთელი ცხოვრების განმავლობაში ხუმრობდა...

ლამაზად, დახვეწილად...

 

გულის ბოლო წკიპამდე უყვარდა თავისი ნუგეშა...

 

ერთხელ, საოპერო მომღერალს, მაღალ და ტანად ცისანა ტატიშვილს, აკომპანიატორმა ნუგეშამ გაუწია აკომპანემენტი. აპლოდისმენტების დროს შეუფერებელი პროპორციების ორი ქალბატონი ერთად უკრავდა თავს მსმენელს.

 

„ ნუგეშა, ქართლის დედასთან მისულ ტურისტს ჰგავდიო!“ – უთქვამს ბიძინას.

 

ტანმორჩილი მხატვრის, გოგი თოთიბაძის დაქორწინების ამბავი მაღალ, წარმოსადეგ ცისანა ტატიშვილზე, ბიძინას ნუგეშამ ამცნო: ბიძინა, გაიგე, გოგის ცისანა მოუყვანია ცოლად!

 

ბიძინამ გაიკვირვა: „ როგორ, მთლიანად?“

 

ერთხელ ბიძინა კვერნაძე კომპოზიტორმა იაშა ბობოხიძემ დაპატიჟა საცივზე. იაშას ოთხი შვილი ჰყავდა და როდესაც საცივით სავსე ჯამი სუფრაზე ჩამოდგეს, მოშიებული ბავშვები ერთმანეთს არ აცლიდნენ გადაღებას. იაშას შეკითხვას, თუ როგორ მოეწონა საცივი, ბიძინამ ასე უპასუხა: „აბა რა გითხრათ, ბავშვებმა რომ ჩაყვეს ჯამში ხელები, მეც ჩავყავი, მაგრამ ხორცი რომ არ დამხვდა იაშას უმცროსს შვილს ჩამოვართვი ხელიო“.

 

ასეთი იყო ლამაზად განუმეორებელი...

 

საოცარი მეგობრები ჰყავდა - რეზო ლაღიძე, ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე, სულხან ნასიძე, ტარიელ ბაქრაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, ჯანო კახიძე, გივი ორჯონიკიძე. შოთა მილორავა... კიდევ ბევრი საუკეთესო...

 

ისეთ ფოტოს ვდებ, გულით „შემობალახება“ რომ მოგინდება...

 

„ჰოდა, „ვბალახობ“ და მიყვარხართ... და...

 

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!!!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner