იუსტიციის უმაღლესი საბჭო 30 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს: ნიკოლოზ მარსაგიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეს გაესაუბრება. ორივე მოქმედი მოსამართლეა. გასაუბრების პროცესი კი 10:00 საათზე დაიწყება.
გუშინ კი გასაუბრება ორმა კანდიდატმა გაიარა. ესენი არიან: მერაბ ლომიძე და გენადი მაკარიძე.
ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შესაძლოა, შეწყვიტოს და სექტემბერში გააგრძელოს.
„ჯერჯერობით მივყვებით ამ გრაფიკს. გამორიცხული არ არის, რომ გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და გაგრძელდეს სექტემბერში, თუმცა, ამაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მყარად გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. ჯერჯერობით ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს გავესაუბროთ 2-2 კანდიდატს. მიზეზი საშვებულებო პერიოდია, იმიტომ, რომ ჩვენ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებისგან განსხვავებით, რომ თითქოს არ გვეცოდებიან კანდიდატები, დამკვირვებლები და არც საბჭოს აპარატი, შევდივართ ყველას მდგომარეობაში და არ არის გამორიცხული ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან შვებულებაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.