logo_geo
eng_logo
დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა
- +

30 ივლისი. 2019. 16:23

 

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დარსალიას განმარტებით, შეზღუდვები უსაფრთხოებისა და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა. მისივე თქმით, ქართველ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა განათავსა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.

 

„19-23 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია ექსპერტების შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ისე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში. დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა, მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს მივცეთ ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად",- განაცხადა დარსალიამ.

 

დავითგარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრებიდან ხატები 4-5 დღის წინ გამოიტანეს. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.

 

უწყების ინფორმაციით, დავითგარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner