logo_geo
eng_logo
1754 წლის 30 ივლისს ღირსი სერაფიმ საროველი დაიბადა
- +

30 ივლისი. 2019. 17:26

 

სტატუსი პარალელით:

 

„საცა განსაცდელი არ არის, იქ არც ცხონებაა“.

 

1754 წლის 30 ივლისს კურსკში დაიბადა პროხორ მაშნინი, მომავალში საროვის მონასტრის მღვდელმონოზონი, ნოვო-დივეევოს დედათა მონასტრის შემქმნელი და მისი მფარველი, ღირსი სერაფიმ საროველი, რომელიც 1903 წლიდან მიჩნეულია რუსეთის (და არა მხოლოდ მისი) მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად.

 

წმ. სერაფიმ საროველი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, როგორც წმ. ილია ჭავჭავაძე იყო ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ღირსი მამა, ისევე, როგორც წმ. ილია, დღედაღამ იღვწოდა, მუხლმოუდრეკად მეურნეობდა, ლოცულობდა და მუშაობდა, ათას კეთილ საქმეს აკეთებდა და მასთან მისულ გაჭირვეულ ადამიანებს საკუთარი რჩევებით ეხმარებოდა... აი, სწორედ ეს იყო მთავარი ბერის მოღვაწეობაში და არა რაღაც მოგონილი და მეორეხარისხოვანი მოვლენები, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში უმთავრესი იყო მის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა და არა ის, თუ რას იტყოდა მის „ხელმომჭირნეობაზე“ ზოგიერთი უსაქმური მეზობელი. ნიკალაი ბერდიაევი წმ. სერაფიმეს პუშკინთანაც კი ათანაბრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი გენია სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა და არასოდეს ჰქონიათ შეხება.

 

წმ. სერაფიმ საროველი იყო იშვიათი გამონაკლისი საეკლესიო მოღვაწეთა შორის, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ წიაღსვლებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აპოკრიფის თანახმად, იგი რუსეთის საიმპერატორო გვარის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ამ ფაქტზეც დაახლოებით ისევე დავობენ, როგორც იმ სიტყვებზე, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ღირსმა მამამ „დაუბარა“ რუსეთს:

 

„არასოდეს ეომოთ საქართველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ეომებით თავად ღვთისმშობელს... ეს კი რუსეთს დაღუპავს!“

 

ამ ფრაზის წერილობითი წყარო არ არსებობს და იგი ისევე ვრცელდებოდა ზეპირსიტყვიერების სახით, როგორც წმ. სერაფიმეს ნათქვამი ბევრი სხვა სიბრძნე. თუ წმ. სერაფიმეს ამ სიტყვების ავტორობაში ეჭვს შევიტანთ, მაშინ რა გამოდის, რომ ღირსი მამის ყველა სხვა, „დაუწერელი“ სიტყვებიც ილუზიაა? გამოდის, წმინდა სერაფიმეს ყველაფერი ქაღალდზე უნდა გადაეტანა, ოღონდ კი ცნობისმოყვარე სკეპტიკოსები დაეკმაყოფილებინა?! არადა, მისი გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ გამოიცა მღვდელმონოზონ სერგეი (ვასილიევის) მიერ შედგენილი სერაფიმ საროველის ბიოგრაფია, რომელიც არა საარქივო მასალებს, არამედ საკუთარ მოგონებებსა და თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობოდა და მასში მოყვანილი მრავალი მოგონება ზუსტად შეესაბამება ჩვენამდე მოღწეულ სიტყვებს. აქვე გეტყვით, რომ საარქივო მასალა სერაფიმ საროველის შესახებ ნამდვილად არსებობს, თუმცა ძალზე მწირი.

 

ჯერ კიდევ პატარა პროხორი ღვთისმოსავი ადამიანი იყო. იგი ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში, მერე კი საროვის უდაბნოში დასახლდა, 8 წლის შემდეგ მორჩილი პროხორი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა.

 

წმ. სერაფიმ საროველი გარდაიცვალა 1833 წელს - საროვის მონასტერში. იგი ხშირად ამბობდა, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სენაკში ხანძარი არ გაჩნდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდებაო... მართლაც ასე მოხდა.. ერთ-ერთმა მორჩილმა მისი სენაკიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო და როდესაც კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, ღირსი სერაფიმე კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილი აღსრულებულიყო. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

 

ფოტოზე: მღვდელმონოზონ იოსიფ სერებრიაკოვის მიერ ღირსი სერაფიმე საროველის სიცოცხლეშივე შექმნილი პორტრეტი, რომელიც ნოვო-დივეევოს მონასტერში დაიხატა.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220108084872168

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner