logo_geo
eng_logo
„მინდა, ვიყო ისეთი, როგორიც ღმერთმა შემქმნა“ - 1818 წლის 30 ივლისს ემილი ბრონტე დაიბადა
- +

30 ივლისი. 2019. 17:45

 

„...Что мне богатство? — пустота.

Любовь? — любовь смешна.

И слава — бред и маета...“

 

„მინდა, ვიყო ისეთი, როგორიც ღმერთმა შემქმნა.“

 

ეს ლექსიც და სიტყვებიც ჩვენს დღევანდელ იუბილარს ეკუთვნის, რომელმაც წარმატებით შეისრულა ოცნება და თავისი „ფერადოვანი“ და პროზაული ბუნებიდან გამომდინარე, მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა, მაინც მოძებნა „საფრენი“ ველი და ისე „აფრინდა“, რომ მისი ფრთიანი ფრაზები დღემდე წარმატებით იპყრობენ მსოფლიოს საჰაერო სივრცეს.

 

1818 წლის 30 ივლისს დაიბადა სახელოვანი ინგლისელი პოეტი და მწერალი ემილი ბრონტე, რომელმაც დაწერა ერთადერთი, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი რომანი - „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ და მრავალი ლექსი, რომლებიც, სამწუხაროდ, არავის უთარგმნია ქართულ ენაზე. ემილი ბრონტეს ლიტერატურული მიღწევები და ერთადერთი რომანი შესულია ინგლისის და მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდში, ისევე, როგორც მისი დის შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“.

 

საინტერესოა, რომ 1954 წელს სომერსეტ მოემმა ემილი ბრონტე და მისი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ შეიყვანა თავის ცნობილ კრებულში „ათი რომანი და მათი ავტორები“, რომელშიც ათ უდიდეს მწერალს და რომანს შორის შესულია ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ და ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“.

 

ემილი ბრონტეს ფსევდონიმი იყო ელის ბელი და სწორედ ამ სახელით გამოიცა „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ 1847 წელს. რომანის გამოცემას დაუნდობელი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, იყო შედარებით „რბილი“ რეცენზიებიც. უნიჭო „შავმა პიარმა“ უკუშედეგი გამოიღო, და როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, მას შემდეგ რომანს მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩნდა. რომანის მიხედვით გადაღებულია ათობით კინო და ტელეფილმი, რომლებიც უდიდესმა რეჟისორებმა გადაიღეს, მათ შორის ჟაკ რივეტმა და ლუის ბუნიუელმა. კლასიკის ნიმუშად ითვლება 1939 წელს, სამჯერ ოსკაროსანი ამერიკელი რეჟისორის უილიამ უაილერის მიერ გადაღებული ფილმი, რომელშიც ჰიტკლიფის როლს ლეგენდარული ლოურენს ოლივიე თამაშობს. პირადად მე განსაკუთრებით მომწონს 1992 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც რეიფ ფაინსი და ჟულიეტ ბინოში მონაწილეობენ, ასევე მომწონს 1970 წლის ფილმი, ტიმოთი დალტონის ჰიტკლიფით.

 

საინტერესოა, რომ ემილი ბრონტე თითქმის არ გადიოდა სახლიდან, მხოლოდ ეკლესიაში თუ წავიდოდა სალოცავად, დანარჩენ დროს კი სახლში დიასახლისობდა და მუდამ თან ჰქონდა ფანქარი და ფურცელი, რომ ნააზრევი ჩაეწერა. მისი დები - ენი და შარლოტა გუვერნანტებად მუშაობდნენ. ცნობილია, რომ ემილი, ენი, შარლოტა და მათი ძმა ბრონუელი განსაკუთრებული პოეტური წარმოსახვებით გამოირჩეოდნენ და და-ძმამ არაერთი კრებულიც შექმნა წარმოსახვით სამეფო ანგრიას ლეგენდებზე და გონდალის სამეფოზე და... რაც მთავარია, არცერთი მათგანი არასოდეს დაუკნინებია ხელსაქმეს ან დიასახლისობას და არც მათ ლიტერატურულ გენიალობასა და სიდიადეს დაჰკლებია იოტისოდენი.

 

და ბოლოს, 1847 წელს აგორებულ „შავ პიარს“ ცუდი შედეგიც მოჰყვა. 1848 წელს, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გამოცემიდან ერთი წლის თავზე, 30 წლის ემილი ბრონტე ძმის დაკრძალვაზე გაცივდა და გარდაიცვალა.

 

„..Ещё раз повторяю вслух перед концом пути:

«Сквозь жизнь и смерть свободный дух

Без страха пронести.“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220107714022897

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner