საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „facebook"-გვერდზე „გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ეს ჩემი მშობლიური სკოლაა. იგი 160 წლისაა და გასულ წელს მისი იუბილე დიდი ზარ ზეიმით აღვნიშნეთ. მაშინ, იმავე პედაგოგის და სკოლის სხვა პედაგოგების მონაწილეობით და მათ მიერ დადგმულ სკეტჩებში გაცილებით უფრო მეტი ვითომ „სანერვიულო" ითქვა სცენიდან, მაგრამ არავის აზრადაც არ მოსვლია ამისთვის ვინმეს დასჯა. იმ საღამოს ჩემთან ერთად განათლების მინისტრიც ესწრებოდა. კარგად დადგმული, უბოროტო, სახალისო და ზოგან სატირული იყო წარმოდგენა და ყველა კმაყოფილი დარჩა. ამ საღამოს კი არ დავსწრებივარ, მართალია, მაგრამ ვისაც დაეჯერება, ისინი მეუბნებიან, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს იყო ჩვეულებრივი ხუმრობა ბევრ სხვა ხუმრობას შორის, უფრო სატირული და კრიტიკული იმ ცნობილი „ვაშლის ხის" მაძიებელი „გველების" მიმართ და ეს ყველაფერი დარბაზმაც ასე აღიქვაო. არც ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუტოვებიათ დარბაზი, გარდა ქალაქის მერისა, რომელიც სულ სხვა მიზეზით გასულა და ისიც მოგვიანებით, როგორც მითხრეს. აშკარაა, რიმ ვიღაცეებს (ალბათ, სწორედ ზემოდ ნახსენებ ადგილობრივ ვაშლისხისმაძიებელ გველებს) სკანდალის ატეხვა მოუნდათ ამ ამბიდან. არ ვიცი, ვინ როგორ რა აღიქვა, მაგრამ ერთი რამე ხომ ცხადზე უცხადესია - დღეს არავინ არ სთხოვს სკოლების თუ ბაგაბაღების მასწავლებლებს და დირექტორებს, რომ ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს დითირამბები უმღერონ და ქებადიდებით ამკონ. არავინ ამას არ სთხოვს. პირიქით, ჩვენს ქვეყანაში დღეს არის გარანტირებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ამ გარანტიით სარგებლობის უფლება აქვს ყველას, მათ შორის მასწავლებლებსაც და ეს თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების პირობებში მათი მზარდი ხელფასებითაც მყარდება მატერიალურად, ასე ვთქვათ. ეს სიმართლეა და ამაშიც არის ერთერთი კარდინალური განსხვავება „ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და „ნაცმოს" რეჟიმს შორის. რაც შეეხება გემოვნებას: შესაძლებელია, ეს სკეტჩები ამჯერად ნაკლებად საინტერესოც იყო, ვიდრე სკოლის საიუბილეო საღამოზე და არც მთლად ნიჭიერად დადგმულიც კი, მაგრამ კუდის გამოსაბმელად, მგონი ნამდვილად არ ღირს. თუ იმ არაკად ქცეული „ვაშლის ხის" მაძიებელ „გველებს" (აშკარად მომწონს ეს ფრაზა ) სიამოვნებას ჰგვრის ამ თემაზე გაუთავებელი ლაყბობა - ალალი იყოს მათზე ყველა ის სიკეთე, რაც იმ ხის ირგვლივ გაკეთდება იგივე ჩვენს მშობლიურ ოზურგეთში, სადაც უნიკალური დენდროლოგიური პარკი აშენდება მალე და რაც ოზურგეთის სიამაყე გახდება. როგორც პოლიტიკაში მყოფი, ვფიქრობ, უკეთ ვხედავ ამ მომენტს და მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ მასწავლებლები, მშობლები, ზოგადად უფროსები ბავშვებს პოლიტიკაში ძალით ნუ შევათრევთ. ნუ დავუწერთ მათ სცენარებს, როგორ გამოხატონ საკუთარი აზრი. უმჯობესია, ეს ყველაფერი ბავშვებმა თავად გააკეთონ. ასე უფრო ალალი და უფრო დამაჯერებელი იქნება ნებისმიერი სკეტჩი თუ წარმოდგენა. ეს მათთვისაც უკეთესია და ქვეყნის მომავლისთვის. ჩემი გული ჩემს მშობლიურ სკოლას და მის კურსდამთავრებულებს. გილოცავთ ცხოვრების ფართო ასპარეზზე გამოსვლას, გისურვებთ დიდ წარმატებებს და ბედნიერ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
„გურიის მოამბის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის „ბოლო ზარის" ღონისძიებაზე მცირე ინციდენტი მოხდა, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე საღამოზე, როცა მოსწავლეებმა ქვეყნის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სიმღერა „ეს პატარა მინდორ-ველია ჩემია" მიუძღვნეს, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები „გურიის მოამბესთან" კონფიდენციალურ საუბრებში აცხადებენ, მათი ხელმძღვანელები არა იმდენად სიმღერამ, არამედ ამ სიმღერის ფონზე, სცენაზე ხის გამოჩენამ გააღიზიანა.