საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ახალი აბრეშუმის გზის აღორძინებასა და საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
გაფართოებულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს, რომელიც, ჩინეთიდან საქართველოში, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, პირველად განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ იმყოფებით საქართველოში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსა და ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან. ჩვენი მთავრობა მზად არის, გავაფართოოთ შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს როგორც კონტინენტის ქვეყნებს, ასევე გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზა ასევე ქმნის ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.
კვირიკაშვილმა ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებულ ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ქართულმა მხარემ, შეხვედრაზე მიიღო შეთავაზება, საქართველოს განვითარების გეგმები დაუახლოვდეს იმ ხუთწლიან გეგმას, რომელიც ჩინეთს, აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით გააჩნია.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ლამაზ ქვეყანაში სტუმრობა. მნიშვნელოვანია ერთობლივი მსჯელობა, როგორ გავაფართოოთ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა ორივე ქვეყანამ მივიღოთ სარგებელი „ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტის განხორციელებით. გილოცავთ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებს. მჯერა, კიდევ უფრო დიდი მიღწევები წინ არის. ჩვენ ველოდებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მიღწეული შეთანხმებებისადმი ერთგულება და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მოკლე დროში, წარმატებით დასრულდება, რის შემდეგაც საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება.
„საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ჩინეთი, საქართველოს 5 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ამავდროულად, არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში. 2016 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი ჩინეთში, 107%-ით გაიზარდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გამართვისა და ტვირთების გადაზიდვის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობას, რომელიც ტვირთების მოკლე დროში გადაზიდვის საშუალებას იძლევა და აღინიშნა, რომ პირველი სატვირთო მატარებელი, 2015 წლის თებერვალში, ჩინეთიდან საქართველოში, 9 დღეში, ხოლო სექტემბერში, 7 დღეში ჩამოვიდა, რაც რეკორდულად მცირე დროა.
შეხვედრისას ყურადღება საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხსაც დაეთმო. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს გავლით ტვირთბრუნვას შესამჩნევად გაზრდის.
მხარეებმა საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ „ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა „ჰუალინგის" მიერ ავიაკომპანიის შექმნას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს შეასრულებს და აღინიშნა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, განათლებისა და კულტურის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერები, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და ჩინეთის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრნენ.