საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნებმა" ბუქარესტში ერთადერთი ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა დღეს გამართეს.
გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტში ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა. შედეგად, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, ჭანტურია დღევანდელ მატჩშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა 23 წლის შემტევი გუნდთან ერთად რჩება და სავარაუდოდ, სავარჯიშო პროცესში ხვალიდან ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი ამხანაგური მატჩი სლოვაკეთთან 1:3 დათმო, რუმინეთმა კი ტურინში უკრაინისგან მარცხი იგემა - 3:4. რუმინელები ევრო-2016-ის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობენ და მათთვის საქართველოსთან დაპირისპირება უკანასკნელი სპარინგ-შეხვედრა იქნება ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ.
აღსანიშნავია, რომ 24 საათით ადრე არსებული მონაცემებით, რუმინეთი-საქართველოს შეხვედრაზე დასასწრები 25 ათასი ბილეთი გაიყიდა. დაპირისპირება ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.