გურამ რჩეულიშვილის არქივი ამიერიდან ლიტერატურის მუზეუმში დაიდებს ბინას.
როგორც მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, გურამ რჩეულიშვილის ოჯახმა მწერლის ათასზე მეტი ხელნაწერი, მემორიალური ნივთი, ნახატი და ფოტო ლიტერატურის მუზეუმს გადასცა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მე-19, მე-20 და აგერ უკვე 21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურის მთავარი არქივი ლიტერატურის მუზეუმია, გურამ რჩეულიშვილის არქივი ნამდვილად აქ უნდა ინახებოდეს. ამისათვის კი, მადლობა გურამ რჩეულიშვილის ოჯახს და ქალბატონ მაია ნინიძეს, რომლის შუამავლობითაც მწერლის ოჯახმა არქივის ჩვენთან შენახვა გადაწყვიტა.
რასაკვირველია, გურამ რჩეულიშვილი არის უდიდესი ავტორი და მისი არქივის ქონა ჩვენთვის დიდი პატივია.
ვისურვებდი, სხვა ავტორთა ოჯახებიც ასე იქცეოდნენ და არ არის აუცილებელი, რომ ავტორი ყველასთვის ცნობილი და ვარსკვლავი იყოს, რადგან გარდა იმისა, რომ პირადი არქივი საინტერესოა იმიტომ, რომ კონკრეტულ ავტორს ეკუთვნის, ასევე საინტერესოა როგორც არტეფაქტი და ასეთ არტეფაქტებს ბევრის მოყოლა შეუძლიათ იმ ეპოქაზე, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესა თუ ის ავტორი.
ხელმისაწვდომობა ამ არქივებზე კი, ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევრებისა თუ უბრალოდ, გასული საუკუნეებით დაინტერესებული ადამიანებისთვის“.
ნახეთ გურამ რჩეულიშვილის მემორიალური ნივთებისა და ფოტოების მცირე ნაწილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოჯახმა ლიტერატურის მუზეუმს გადასცა: