„გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადებები, დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
„გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე და ქონების თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე. აღნიშნულის ფარგლებში დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მოგეხსენებათ, მან უარი თქვა გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს. ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე დროს საქმეს დაერთო განცხადებები მოქმედი გენერალური დირექტორის. დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე და აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუ რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას, ბუნებრივია, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ვერ განვაცხადებ. გიდასტურებთ არსებობს ორი განცხადება, ორი სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს რა სახის კითხვები უნდა იყოს დასმული, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ პასუხებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ .
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე ჩატარდება სრულყოფილი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება, ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
„მოპოვებული მტკიცებულებები შეფასდება და გაკეთდება მათი ანალიზი და მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და რომელსაც ბუნებრივია, საზოგადოებას შევატყობინებთ“, - დასძინა პროკურორმა.