დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.