„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ასათიანის განცხადებას ეხმიანება:
„მოკლე განმარტება სალომე ასათიანის განმარტებაზე:
ინტერვიუმდე სასაუბრო თემების მოთხოვნა ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მეტიც, თავად გადაცემამ უნდა სთხოვოს რესპონდენტს საუბარი ამა და ამ თემაზე. ასათიანის შემთხვევაში მე მომიწია 2 დღის განმავლობაში მიმეღო თემების ჩამონათვალი და ახსნა იმისა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, თემები ამომდინარეობდეს „ივანიშვილის წერილიდან". მიზეზი კი ყველასთვის ცნობილია - იმ წერილის პოსტსკრიპტუმში ეწერა, რომ სალომე ასათიანის გადაცემაში გაიშლებოდა თემები და მე აღარ უნდა დამჭირვებოდა ამდენი ახსნა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო საუბარი წერილზე...
მაგრამ ინტერვიუს შემდეგ ეს აღარაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სალომე ასათიანმა არ გაშალა არცერთი თემა წერილიდან! რა მნიშვნელობა აქვს თემების ჩამონათვალს, თუ ის თემები არ გაიშლება და შეეწირება ჟურნალისტის ამბიციებს? ინტერვიუ ჩაიშალა, საზოგადოებამ ამ გადაცემიდან ვერაფერი გაიგო წერილის თემებზე. თუმცა, თუ სალომე ასათიანი თვლის, რომ ინტერვიუ შედგა და შეთანხმებულ თემებზე საუბარი შედგა, მაშინ სასაუბროც არაფერია", - წერს უძილაური.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სალომე ასათიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერამდე „იყო შეთანხმება, რომ ისაუბრებდნენ ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც".
„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. ინტერვიუს ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ, საყდრისზე და „პანორამა თბილისზე". წერილიდან - „ქართული ოცნების" პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა.
კონკრეტული კითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი, რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. „ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. იმედია, მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს", - აღნიშნა სალომე ასათიანმა.