სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
გვარამია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 2 საათზე მეტ ხანს აძლევდა.
პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
მათივე ინფორმაციით, ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.