logo_geo
eng_logo
მეუფე შიო პატრიარქს: დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა, თქვენ გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში
- +

2 აგვისტო. 2019. 17:43

 

 

„დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, რადგან ყველა დრო თავისებურად ცდილობს ყალბი მიზნებითა და იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას“, - ასე მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

 

მეუფე შიომ პატრიარქს წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით ანგელოზის დღე მიულოცა და ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა.

 

„60 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ და სახელად ილია გეწოდათ, რაც ღმერთის ძალას ნიშნავს. მას შემდეგ ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული მეოხეა, ყოვლადწმინდა სამების წინაშე და მისი ლოცვით მთელი ამ წლების განმავლობაში გეძლევათ მადლი, რათა ყოვლითა განცხადებულებითა იქადაგოთ სიტყვა ღვთისა და ძალითა დიდითა და დაამოწმოთ აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

 

თქვენი კათოლიკოს-პატრიარქად მსახურების ჟამი საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტყვეობიდან გამოსულ ქვეყანას თავს დიდი განსაცდელები დაატყდა, ძმათა მკვლელი ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასი ათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნა, დიდი მატერიალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა ეკლესიას თქვენი მამამთავრობა, როგორც კეთილი მწყემსი და ბრძენი საჭეთმპყრობელი. თქვენ, ამ მძიმე წლებში ღვთისა და სამშობლოსადმი სიყვარულით განმსჭვალული, ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადაგებდით და ჩვენი ერის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი როლის შესახებ გვახსენებდით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე თქვენი მოღვაწეობა და დიდი ამაგი ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში, ჩვენს ერში დამოუკიდებლობის სულის გაღვივებისთვის, მრავალი საეკლესიო მოღვაწის, მათ შორის სამშობლოსათვის თავდადებულთა წმინდანად შერაცხვა ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი საზოგადოებისადმი საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მზრუნველობის ახალი გამოვლინებაა ჩვენს ეპოქაში.

 

ლოცვა ადამიანისთვის ყველაზე რთული ღვაწლია და თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, მუდამ გვაძლევთ დაუღალავი ლოცვით მაგალითს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენ მიერ დადგენილი შვიდგზის ლოცვები, რომლებიც ჩვენმა მრევლმა ასე შეიყვარა. ვისაც ჰქონია თქვენთან ურთიერთობა, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას აძლევთ და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნეობის მაგალითს აჩვენებთ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

 

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ პატრიარქის დიდი შრომის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა იმ სატკივარის სადარაჯოზეა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ქართველ ერს ყოველთვის აქვს მისი იმედი.

 

„თქვენ, როგორც ერის მზრუნველი მამა, თამამად იმაღლებთ ხმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და თქვენ სამწყსოს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინაშე აქვს ყოველთვის თქვენი გამოცდილებისა და სიბრძნის იმედი. თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მშვიდობისმყოფელობა და ერთსულოვნების შენარჩუნება, ვინაიდან, თავად ბრძანდებით მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი.

 

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ნდობა. თქვენ ასევე გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელ მსოფლიოში, რადგან თქვენი საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურება შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. რთულია, თქვენს მიერ ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლის ჯეროვნად შეფასება“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner