„როგორც ვაცხადებდით, ლარის კურსი მყარდება და ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი - ლარი იყო ზედმეტად, ხელოვნურად გაუფასურებული, რადგან პოზიტიურია 6 თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკა იზრდება, საგარეო ვაჭრობის ბალანსი უმჯობესდება, შესაბამისად, ეკონომიკაში არანაირი სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს, რომ ლარის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური მდგრადობის შესაბამისი.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რეალურად, ლარის კურსის რყევები მოყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტის შტურმს, რაც შემდგომში აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში - გაკეთდა ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლიათ საკმაოდ ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკური განვითარება იძლევა შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი, მყარი ვალუტაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდეს.
„ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული კორექტივები განახორციელოს, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.