logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერით ძალიან კარგ პოლიტიკურ და სამართლებრივ პრაქტიკას ჩამოვაყალიბებთ
- +

3 ივნისი. 2016. 15:51


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის „მოტივირებული შენიშვნების" განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერით ძალიან კარგ პრეცედენტს შექმნიან და ძალიან კარგ პოლიტიკურ და სამართლებრივ პრაქტიკას ჩამოაყალიბებენ.



მისი თქმით, ის პროცესი, რაც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის განხილვის დროს მიდიოდა, პოლიტიკურად ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროცესი იყო.



ფოფხაძის განცხადებით, მუშაობა დაიწყეს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაციულად გამოესწორებინათ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა და ამასთან, აღარ გაგრძელებულიყო ის მავნე ტრადიცია, რაც საერთო სასამართლოებში ძალიან ცუდად დამკვიდრდა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიძლებოდა მოსამართლეებს ბოროტად გამოეყენებინათ.



ეს ნიშნავდა კანონით განსაზღვრული ვადის ზემოთ უფლებამოსილების გაგრძელებას, რაც სხვა არაფერია თუ არა უზურპაცია. როდესაც შენ კანონით ერთი ვადა გაქვს განსაზღვრული და ამ ვადის ზემოთ რჩები, ეს ვადა წესით უნდა ჩაითვალოს არაკანონიერად და არ უნდა იყოს ამ ვადის მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩათვლილი კანონიერ გადაწყვეტილებად.

 

ამ პროცესის ნაწილად იქცა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შემოთავაზება ჩვენთვის.

 

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ამ კანონთან მიმართებაში იქცა ძალიან პოზიტიურად, კონსტრუქციულად. არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი იმასაც, რომ ვენეციის კომისიამ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი მოიწონა ამ კანონპროექტში, რომელიც ოპოზიცის მხრიდან ძალიან მკაცრად იყო გაკრიტიკებული.

ჩვენი მხრიდან ვეტოს მხარდაჭერით და იმ პოზიციების გაზიარებით, რაც დასაბუთებული იყო პრეზიდენტის მხრიდან ვეტოში, ამ პროცესის კონსტრუქციულ თანმიმდევრულ ხასიათს კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს. ძალიან კარგ პრეცედენტს შევქმნით და ძალიან კარგ პოლიტიკურ და სამართლებრივ პრაქტიკას ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner