logo_geo
eng_logo
რა არ უნდა გააკეთოთ ვალუტის კურსის ძლიერი რყევებისას?
- +

3 აგვისტო. 2019. 01:02

 

 

ამ (ან სხვა) რჩევების პანაცეად მიჩნევა არასწორია. სამწუხაროდ, ეკონომიკისთვის რთულ პერიოდებში (კონკრეტულად კი ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების დროს) ქცევის იდეალური ტაქტიკა არ არსებობს. ქვემოთ მხოლოდ ზოგადი რჩევებია მოყვანილი, ამასთან, იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გააკეთოთ. მაგრამ ის თუ რა უნდა გააკეთოთ - ყველა ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. ეს რჩევები, ყველაზე ცოტა, სულელური და არასწორი ნაბიჯებისგან დაგიცავთ.

 

შენახული ლარებით უმალ დოლარს ნუ იყიდით (ან პირიქით)

 

დღეს თუ ლარი მკვეთრად დასუსტდა, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ხვალ არ გამყარდება, და დიდი ალბათობით, მას თქვენ მაქსიმალურად არასასურველი კურსით გადაცვლით. ხშირად კურსის მკვეთრ ცვლილებას მოსდევს „კორექცია“, როდესაც კურსი (დროებით მაინც) საპირისპირო მხარეს იძვრის. ამიტომ მოთმინებამ და სიმშვიდემ როგორც წესი შეიძლება სერიოზული ფინანსური დანაკარგებისაგან გიხსნათ. ანუ ტაქტიკა, „დროზე გადავცვალო, ვიდრე გვიანი არ არის“, შეიძლება არ გამოგადგეთ.

 

ყველა რესურსს ერთ ვალუტაში ნუ შეინახავთ

 

ნებისმიერი ინვესტორის მთავარი წესია - „ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ ჩადოს“ ანუ „არსებული სახსრები ერთ აქტივში არ დააბანდოს“. ყველა დანაზოგის ლარში შენახვა არ ღირს, ისევე როგორც - მხოლოდ დოლარში. იდეალურ შემთხვევაში მთელი თქვენი ფულადი დანაზოგი სხვადასხვა ვალუტებად დაყავით (ლარი, დოლარი, ევრო) და ისე შეინახეთ. ამასთან ვალუტაში დანაზოგის წილი თქვენს შემოსავალზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითად, თუ თქვენ უცხოეთში არასდროს ყიდულობთ ნივთებს და ტექნიკას, დანაზოგის დიდი ნაწილი სჯობს ლარში შეინახოთ. მაგრამ თუ თქვენ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ აპირებთ დასვენებას, მაშინ თქვენს დანაზოგში უცხოური ვალუტის წილი უნდა გაზარდოთ.

 

არასაჭირო ნივთები არ იყიდოთ

 

ბევრი ადამიანი კურსის დაცემის დროს უაზროდ ყიდულობს ნივთებს, მაგალითად, მესამე მაცივარს ან მეოთხე ტელევიზორს. ეს ძალიან ცუდი იდეაა ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ამით ძალიან მცირე პრაქტიკულ სარგებელს მიიღებთ - თუ ერთი მაცივარი უკვე გაქვთ, საეჭვოა მეორე რამეში გამოდგეთ. მეორეც, თუ თქვენს შენაძენს ღირებულ აქტივში ინვესტიციად განიხილავთ, ეს ყველაზე ცუდი არჩევანია - ნივთები საკმაოდ სწრაფად ძველდება, ამასთან არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ „მორალურადაც“ (განსაკუთრებით ეს სწორედ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ელექტრომოწყობილობებს და სხვადასხვა გაჯეტს ეხება). თქვენ მიერ შეძენილი საქონელი, დიდი ალბათობით ფასს სწრაფად დაკარგავს, ამიტომ არ ღირს თქვენი დანაზოგის მსგავს რაღაცეებზე ხარჯვა.

 

ერთადერთი გამონაკლისი: შესაძლებელია იყიდოთ ის, რის ყიდვასაც ისედაც გეგმავდით, თუმცა ამას ოდნავ მოგვიანებით აპირებდით. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ ბინაში კონდიციონერების დაყენება, კარგი იდეაა ამის გაკეთება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მომენტში, როდესაც მაღაზიებმა ჯერ ვერ მოასწრეს ფასების გაზრდა.    

 

თუ თქვენ შეძლებული ადამიანი ხართ, შეგიძლიათ ფული უძრავ ქონებაში ჩადოთ - ეს ბევრად სანდო ინვესტიციაა, ვიდრე მაცივარი ან ახალი „აიფონი“. ხოლო თუ ფინანსურ სახსრებთან ერთად, ცოდნაც ხელს გიწყობთ, გახსენით საბროკერო ანგარიში და დანაზოგის ნაწილი გადაიყვანეთ ფასიან ქაღალდებში. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ ამისთვის სერიოზული ცოდნა გჭირდებათ.

 

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო რთული სიტუაციაა საფინანსო ბაზრებზე (კერძოდ სავალუტოზე), მით უფრო ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე „დიდ“ ფულს იშოვის. სამწუხაროდ, ფინანსური აქტივებით მოვაჭრე ადამიანების უმრავლესობა ფულს კარგავს და არა პირიქით. ამიტომ გამოცდილების და საკმარისი ცოდნის გარეშე ამ „საქმეს“ არ შეეჭიდოთ.

 

ანალიტიკოსების და სპეციალისტების პროგნოზებს უპირობოდ ნუ ენდობით

 

სამწუხაროდ, ათასგვარი პროგნოზი, რომელიც რეგულარულად ისმის ყველა მხრიდან, უფრო ხშირად მცდარია, ვიდრე - ნამდვილი. განათლებულ და გამოცდილ ადამიანებსაც კი, რომლებიც სიტუაციას აფასებენ, ხშირად ახასიათებთ დარწმუნებით ლაპარაკი და თავიანთი ანალიტიკური უნარების გადაჭარბებული შეფასება.

 

პანიკაში არ ჩავარდეთ

 

რაც უფრო მოთოკავთ ემოციებს და არ მისცემთ მათ საშუალებას გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე, მით უფრო ეფექტიანი იქნება ეს გადაწყვეტილებები. ვიდრე კონკრეტულ (განსაკუთრებით ფულთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ) ქმედებებზე გადახვალთ, ძალიან კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გონივრულად შეაფასოთ თუ რა და როგორ სჯობს რომ გააკეთოთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner