ავტორი ანა ნონიკაშვილი
„კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების დაკავება მოხდეს იმიტომ, რომ „ნაციონალების" ცხვირი გატყდა მათივე პროვოკაციის შემდეგ, უსამართლოდ მიმაჩნია", - ამ სიტყვებით შეაფასა სასამართლოს მიერ კორცხელის ინციდენტის მონაწილეების მიმართ ბრალის წაყენება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა. „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ კორცხელის ინციდენტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ მხოლოდ მაღალი ჯარიმით.
„როგორ ახდენდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კორცხელის საარჩევნო უბანთან პროვოკაციებს, საზოგადოებამ დაინახა. არ ვამართლებ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობა გამოიყენეს, მაგრამ სამართლიანობა ითხოვს, აღინიშნოს, რომ დამნაშავე ნამდვილად ორივე მხარე იყო. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწვევენ ყოველთვის დაპირისპირებას, კონფრონტაციას და შემდეგ თავის გატეხილ ცხვირებს ყიდიან საერთაშორისო დონეზე. მაღალი ჯარიმით დაისაჯონ დამნაშავეები. მათი დაკავება ან პასუხისგებაში მიცემა მოხდეს იმიტომ, რომ „ნაციონალების" ცხვირი გატყდა, მათივე პროვოკაციის შემდეგ, ძალიან უსამართლოდ მიმაჩნია", - განაცხადა ახვლედიანმა.