ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„ვაის“ გავეყარეთ და... „ვუის“ შევეყარეთ?!
***
არა, ამ სამინისტროს, ისევე როგორც მთელ განათლების სისტემას, პრობლემები არ მოაკლდება... რა თქმა უნდა, ვიდრე იარსებებს კომპეტენციის (!!!) დეფიციტი.
თუ ხუთი წლის პედაგოგიური სტაჟი არ გქონდა, სკოლის დირექტორად ვერ დაინიშნებოდი. მით უმეტეს, განათლების მინისტრის მოადგილედ კი არა, რაიონული რგოლის სასკოლო ინსპექტორად, ანუ მართვის სისტემის ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობაზე.
გეყურებათ იქ, სადაც უნდა... გეყურებოდეთ?
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო კონკრეტულად რომელიმე პიროვნების მიმართ, მაგრამ...
რაც თავი მახსოვს, განათლების მინისტრები იყვნენ ყველაზე ავტორიტეტული პერსონები. მეხსიერებას შემორჩა გვარები:
დიდი მათემატიკოსი, თსუ ყოფილი რექტორი, საქართველოს იმდროინდელი პარლამენტის თავკავუ, აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე, ცნობილი ჰუმანიტარი, ორგზის აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე, ქ-ნი თამარ ლაშქარაშვილი (უდიდესი სასკოლო პრაქტიკაგავლილი პოლიტიკოსი, ყველაზე დიდხანს), პედაგოგიკის დოქტირი, ყოფილი კინემატოგრაფიის მინისტრი, პროფესიონალი ჟურნალუსტი და რედაქტირი, პროფ.ოთარ ქინქლაძე, ცნობილი პოლიტიკური ფიგყრა, პედაგოგიური ინსტიტუტის მრავალწლიანი რექტორი, პროფესორი ნათელა ვასაძე, საწტელერადიოს ყოფილი თავმჯდომარე და კომპარტიის ცეკას ყოფილი მდივანი გურამ ენუქიძე,... ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, უბრწყინვალესი გერმანისტი...
(უკაცრავად, ზოგიერთი ბოლოდროინდელი გვარი ვერ გავიხსენე)... ამ „მავნებლების“ პორტრეტები „შავი არშიით“ (მეტაფორა) იყო (არის) „გაფორმებული“ განათლების სამინისტროს საპატიო კედელზე.
„ოქროს არშიის“ იდეის ავტორმა, პროფესიით კანალიზაციის თეორიულად მცოდნემ თავისი პორტრეტით დაიწყო და... მერე წავიდა: ანუ, სანტექნიკოსი ლომაია, ციხის მთავარი ზედამხედველის პოსტიდან ჯერ განათლების, შემდგომ თავდაცვის მინისტრად გამწესებული ვინმე შაშკინი, ასევე, ერთი ქალბატონი, რომელიც ახლა პოლიციური მიმართულების სპეცად ითვლება... ყველას არ (ვერ) ჩამოვთვლი, შედარებისთვის ეს გვარებიც კმარა, თანაც, ზოგიერთ მათგანს არამცთუ პედაგოგიური სტაჟი, „დედა ენაც“ კი ხელში არ სჭერია, რუსულად „განათლდა“, ანუ ქართულ სკოლაში საერთოდ არ უსწავლია...
ყურადსაღები კი ის არის, რომ „ძველ მინისტრებს“ თავიანთზე არანაკლები მოადგილეები ჰყავდათ, ნაღდი პროფესიონალები, სკოლა რომ საკუთარი ხუთი თითივით იცოდნენ... მაგალითად: პროფესორი უშანგი ობოლაძე! მარიამ ბურჭულაძე!
ერთი სიტყვით, მე „ძველებს“ ხომ ვიცნობდი, „ახლებიდანაც“ ზოგიერთს... ჰოდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არც ერთი მინისტრი მოადგილედ კი არა, კილომეტრზეც არ გაიკარებდა ტიპს, რომელსაც შეეძლო არამცთუ საჯაროდ ეთქვა, არამედ ფიქრადაც კი გაევლო ის „სუსულელე“, რასაც „ქართული აკადემია“ წერს...
სულ მიკვირს, სად პოულობენ, რა ნიშნით არჩევენ ასეთ ტიპაჟს?
მხოლოდ ამ წერილის ხელმომწერ ავტორთა ჯგუფიდან შეიძლება აარჩიოთ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შეძლებს ღირსეულად წასწიოს წინ განათლების რეფორმა, რომელიც თავისი სირთულით, დანახარჯებით და დროის გათვალისწინებით არის ყველაზე ძნელი, ყველაზე ძვირი და ხარჯიანი, დროში ყველაზე გაწელილი, რომელიც უნდა აკეთოს მთელმა (!) ქვეყანამ, მთელმა (!) საზოგადოებამ, უკლებლივ ყველა (!) პოლიტიკურმა პლათფორმამ, მთელმა (!) მედიამ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტის და კონსენსუსის სავალდებულო რეჟიმში.
გეყურებათ, ჭუჭუ'ლაშვილებო?!
სანამდე უნდა გაგრძელდეს სიბრძნენაკლულთა „პარადი“?!
P.S.: ისე, სხვათაშორის, ჩვენი „კომბლე“ მომენატრა. ნეტავ სად არის?
***
აქვე გთავაზობთ თემურ ნანეიშვილის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას:
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ მამუკა ბახტაძეს
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
თქვენდამი ეს ღია მიმართვა 20 ივნისის წინ დაიწერა, როდესაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გაახმოვანა რამდენიმე „ფუძემდებლური“ მოსაზრება, რომლებსაც, როგორც ჩანს, უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა. ბუნებრივია, ქვეყანაში განვითარებული ვნებათაღელვათა „კასკადის“ გამო მიმართვის გამოქვეყნება გადავდეთ. თუმცა ვთვლით, რომ ახალგაზრდა თაობის განათლების საქმე და საამისო სისტემა ქვეყნის მომავლისა და მისი რაობისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის, ფუნდამენტური პრობლემაა - განათლების კრახი ერის კრახია. თქვენგანაც მოველით შესაბამის შეფასებასა და რეაგირებას.
მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული თეზები უგულებელყოფს ახალგაზრდის განათლების მიღებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესების მრავალპლასტიან ბუნებას, ამ ხილული თუ სიღრმისეული პლასტების პირდაპირ და ირიბ ურთიერთკავშირებს. მეტიც, ისინი განათლების ცნებას არსს აცლიან და იგი დაჰყავთ მის სუროგატულ შემცვლელზე - მომავალი თაობის ტრენინგზე ბავშვობის ასაკიდან. ამაზე მეტყველებს ქალბატონი ირინა აბულაძის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები. თვალსაჩინოებისათვის საკმარისია, გავიაზროთ მისი ორი შეხედულება:
გაუგებარია, როგორ შეიძლება განათლების რეფორმის მიზანი იყოს რაიმე კონკრეტული ჩვევის გამომუშავება? განათლება ახალგაზრდას შთაგონებას უნდა უძლიერებდეს, ჰორიზონტს უნდა უფართოებდეს და კრიტიკული აზროვნების უნარს უყალიბებდეს, კონკრეტული ცნებების (მათ შორის, მათემატიკის კონკრეტული ფორმულებისა და ფიზიკის კონკრეტული კანონების) ანალიზით მის ტვინს მრავალწახნაგოვნად „ლესავდეს“ და ავარჯიშებდეს. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული სოციალური და ყოფითი (მათ შორის, ფინანსური) აქტივობა იქნება ღირებული; სწორედ ასეთი, აზროვნების კულტურის მქონე, ადამიანების ერთობას შეუძლია შექმნას ქმედითი, თავის-უფალი (ანუ - არა სხვისი უფლობისათვის განწირული) სახელმწიფო 21-ე საუკუნეში.
ზედმეტი არ იქნებოდა, რომ მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ევროპული მაგალითები მაინც შეესწავლა და გაეთვალისწინებინა. დასავლეთში ახალგაზრდების ბიზნესში ინტეგრირების საკმაოდ გავრცელებული, აპრობირებული გზაა პირველ ეტაპზე ღრმა მათემატიკური და ფიზიკური განათლების მიღება (ანუ - მინისტრის მოადგილის ლექსიკით - „მათემატიკური ფორმულებისა და ფიზიკის კანონების“ საფუძვლიანი შესწავლა), ამ მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის შესრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა ფინანსურ და საწარმოო საქმიანობაზე. ბუნებრივია, ასეთი განათლების მქონე ახალგაზრდა/მოქალაქე არის ქმედობაუნარიანი, „გაცნობიერებული აქვს საკუთარი როლი საზოგადოებაში“, ნამდვილად შესწევს უნარი, „შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები“ და მეტიც - იყოს საზოგადოების ფინანსური, საწარმოო და პოლიტიკური ცხოვრების გამწევი ძალა. ცხადია, დასკვნა ტრივიალური და ბანალურია, მაგრამ მინისტრის მოადგილის ლოგიკა სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს და იძულებულნი ვართ, გავახმოვანოთ იგი: ახალგაზრდის „საზოგადოებაში საკუთარი როლის გაცნობიერებისა“ და „ფინანსური ვალდებულებების შესრულების“ უნარები გამომუშავდება არა უშუალოდ ამ საკითხებში ტრენინგით (რაზეც, ფაქტობრივად, დადის მინისტრის მოადგილის განცხადებები), არამედ - საფუძვლიანი განათლებით.
თუკი „ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა“ მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა დაფუძნებული, მაშინ ეს ეჭვქვეშ აყენებს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ქვეყნის მომავალს, მის ბედს. ამდენად, თუკი მსგავსი „აზროვნების“ ხელმძღვანელთა ქმედებები დროულად არ შეჩერდება, ეს „რეფორმა“ საბედისწერო აღმოჩნდება, ვინაიდან წინასწარვე ცხადია, ასეთ „ტალღაზე“ (ანუ - პრიმიტიული ტრენინგული სულისკვეთებით) „აღზრდილ“ ადამიანთა ერთობა გლობალიზაციის რთულ ეპოქაში ვერავითარ სახელმწიფოებრიობას ვერ შეინარჩუნებს; ჩვენი ქვეყნის თავის-უფლება ფორმალურადაც მიილევა და ჩვენი „სახელმწიფოებრიობა“ დავა სხვათა ნების უპირობო აღსრულებაზე. ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის აბსურდული, მაგრამ სევდიანი აღსასრული იქნება.
ეს მოვლენათა დრამატიზება არ არის - ვაი მას, ვინც ვერ ხვდება ფუნდამენტური განათლების გადამწყვეტ მნიშვნელობას ჩვენი მომავლისათვის, საქართველოს სუვერენულ ქვეყნად დარჩენისათვის. მიუხედავად ქართული საზოგადოების ღონეგამოცლილობისა, გვწამს, რომ მისი თვითგადარჩენის ინსტინქტი მოვლენათა ამგვარ მსვლელობას არ შეეგუება და შეაჩერებს მას, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ჩვენი ისტორიის გარდამტეხ ფაზებში. ბუნებრივად გვესახება, რომ საქართველოსადმი კეთილგანწყობილ ადამიანთა ერთობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, მოვლენათა ასეთ მომაკვდინებელ მსვლელობას უნდა აცნობიერებდეს და ამას არ უნდა უშვებდეს. ამ მხრივ, ყველაზე მეტი მოგეთხოვებათ თქვენ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ, მით უმეტეს, რომ დეკლარირებული გაქვთ უახლოეს მომავალში განათლების სისტემის დაფინანსების აქამდე არნახული ზრდა.
ნუთუ თავისთავად ცხადი არ არის, რომ განათლების მორიგი „რეფორმისათვის“ დაფინანსების ზრდას, მით უმეტეს - სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მეოთხედის გამოყოფას, წინ უნდა უძღოდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება?! არ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა ამოცანების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს სხვა სფეროებისათვის ჩამოკლებული და განათლებისათვის მობილიზებული სახსრები? რაში დაიხარჯება ეს ფული - მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული ზრახვების რეალიზაციაში, ანუ - ქვეყნის დაქცევაში? საუბედუროდ, შექმნილ სიტუაციას ესადაგება ვაიმარელი ბრძენის ნააზრევი: „ქმედით უმეცრებაზე უფრო დიდი საშინელება არაფერია“. მით უმეტეს, როდესაც ეს საშინელება საქვეყნო მასშტაბისაა და მის მომავალს წამლავს.
მოგმართავთ მოწოდებით: მოუსმინეთ პროფესიონალებს, მეცნიერებს, ფართო კულტურული ჰორიზონტისა და აზროვნების მქონე ადამიანებს! საფუძვლიანად გაიაზრეთ განათლების სტრატეგია - ნუ გახდით მას ნაცმოძრაობის დაბალი რანგის მოხელეებისა და, ასევე, მათ წიაღში აღზევებული უსახური პიროვნებების განსასჯელად და განსაკარგავად!
„ქართული აკადემიის“ სახელით:
გოგი ანთელავა
გიგა ბათიაშვილი
თემურ გოცაძე
აველინა დავითულიანი
გელა დოლიძე
ივანე კიღურაძე
ჯემალ მებონია
ზაზა მრელაშვილი
თემურ ნანეიშვილი
გოგი ქავთარაძე
დავით ქარქაშაძე
გიორგი ჩაგელიშვილი
ნინელი ჭანკვეტაძე
ალექსანდრე ხარაზიშვილი
კოტე ჯანდიერი
თამაზ ჯოლოგუა