logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთს ეწვევა
- +

3 ივნისი. 2016. 17:49


სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი „ხიზაბავრას მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება.


ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების" დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.


რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების  აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.


მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner