logo_geo
eng_logo
1935 წლის 4 აგვისტოს ვახუშტი კოტეტიშვილი დაიბადა...
- +

4 აგვისტო. 2019. 20:29

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

ზუსტად ამ, დილიდან რატომღაც ცოტა მოწყენილ დღეს, 1935 წლის 4 აგვისტოს დაიბადა მზესავით კაცი, პოეტი, პროფესორი, ფოლკლორისტი, ირანული ენიდან თავად ირანში 6 საუკეთესო თარჯიმნების სიაში შესული და ბოლოს და ბოლოს ძალიან ლამაზი ადამიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი...

 

მისი ყველა ლექსი და ნათარგმნი სიყვარულითაა გაჟღენთილი...

15 წლის სამარყანდელი გოგონა რუბიაც მახსოვს და ომარ ჰაიამის რუბაებიც...

მაგრამ ერთი ლექსი აქვს, განსაკუთრებით რომ მიყვარს...

 

„ასე ყოფილა, დაწყებული ძველი ელადით,

და, სამწუხაროდ, ამ აზრს არ აქვს სხვა რამ საქცევი,

რომ ქვეყნად ყველა დიქტატორი, ყველა ბელადი

ყოველთვის არის ბრძენი ხალხის ბრბოდ გადამქცევი.

 

იცოდეთ ერთი, მე მონობას არ ვარ ნაჩვევი,

ვამაყობ ერისშვილობით და ჩემი ღირსებით.

თქვენ შეგიძლიათ მომკლათ, მომსპოთ, ვით მამაჩემი,

მაგრამ ვერასდროს ჩემს მონობას ვერ ეღირსებით“.

 

ვერც ვერავინ ღირსებია...

ცხოვრობდა ისე, როგორც თვლიდა საჭიროდ, თავისი უზარმაზარი გულით და ლამაზი რითმებით, უყვარდა ის, ვინც მართლა უყვარდა და რა შუაში იყო წლებში განსხვავება? საქართველო ტკიოდა...

 

გავიბითურეთ სამშობლო,

მართლაც სამოთხის სადარი.

სხვა საქართველო კი არა,

თვით საქართველო სად არი?

 

საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა...

ზოგჯერ ხულიგნურიც, მაგრამ ყოველთვის იცოდა ზღვარი...

საერთოდ, ზღვარის დაცვა ყველაზე რთულია - ბატონ ვახუშტის ამის ნიჭი ჰქონდა...

 

„ქონდა ოდითგან ოცნება ორი -

ოდნავ მბჟუტავი და შორზე შორი.

ვცადე სიზიფეს ლოდის ატანა

მაგრამ სიბერემ მითანდათანა,

და გავისტუმრე ორივ უარით

თავაზიანი «ორევუარით».

 

ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ,

„მაგრამ სიბერემ მითანდათანა“, - რა ლამაზია...

დაბერება რომ ნებით მოგინდება...

 

სამწუხაროდ, ცხოვრებაში გაუსაძლისი ტკივილის გადატანა მოუხდა, არცერთმა მშობელმა რომ არ უნდა გადაიტანოს, 1997 წელს შვილი, ტატო გარდაეცვალა...

 

მაშინ ბრძანა...

 

„პრინცმა ჰამლეტმა არ იცოდა, რომ უარესი

ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას“.

 

ალბათ, ლექსებმა გადაარჩინეს და რაღაცა შინაგანმა სიმტკიცემ და ძალამ, რომელიც მასში ასე იგრძნობოდა...

 

მისმა კოლეგამ, გიორგი ლობჟანიძემ შესანიშნავად დაახასიათა - „ვახუშტი იყო ვახუშტი მთაში, და ვახუშტი იყო დიდი მეცნიერი, დიდი მთარგმნელი თავის საწერ მაგიდასთან“.

 

ჯერ მარტო ის რად ღირდა, მთელი საქართველო რომ შემოიარა და თბილისში ჩამოყავდა სახალხო მთქმელები... ამაზე მადლიანი საქმე კაცს რა უნდა გაეკეთებინა?

 

ბოლო წლებში ავადმყოფობდა და ხმას კარგავდა...

 

პოეტი ნიკა ჯორჯანელი ყვებოდა - ერთხელ სასწრაფო რომ მივიდა და ვახუშტის უთხრეს - წინასაინფარქტო მდგომარეობა გაქვსო და საკაცე შემოიტანეს, ამ დროს მეგობარმა დაურეკა და ტელეფონში ასე უთხრა „მოციმციმე არითმია მაქვსო. მე ხომ ყველაფერი მოციმციმე, მოკიაფე და მოკამკამე უნდა მქონდესო“.

 

ალბათ, ყველას გახსოვთ...

 

„ვახუშტი კოტეტიშვილი

ერთი უბრალო კაცია,

თავზე ახურავს ბერეტი,

გაქექილ ჯინსებ აცვია“...

 

ხოდა ასეთი „უბრალო“ კაცებია, რომ აკოწიწებენ ჩვენს გაფანტულ ოცნებებს, ანგრევენ უიმედობას და გვინათებენ მომავალს...

 

ბოლოს კიდევ ერთი ლექსი რომ არ გავიხსენო, არ შემიძლია...

 

„გოგოვ, ვისი ხარ ეგეთი?

ან ვინა გყავდა ნათლია?

მაგ სატანფეხო მასალას

რომელ ალვის ხეს ათლიან?"

 

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ხალისიან დღეს!

 

სადაცაა, მზეც ამოვა!

 

https://www.facebook.com/lela.anjaparidze/posts/2310333539048381

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner